
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრები გასულ კვირას კასპსა და ხუთშაბათს საგარეჯოში ინცინდენტების, სიტყვიერი დაპირისპირების და შეხლა-შემოხლის ფონზე გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობა" ორგანიზებულ ქმედებებში ხელისუფლებას ადანაშაულებს. თავად მმართველ გუნდის პოზიცია კი ხაბეიშვილის მიმართ უცვლელია - „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ქმედებები ახალი დაძაბულობის კერების და პოლარიზაციის სურათის წარმოჩენის საფუძველია, - ამბობს ხელისუფლება.
ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ ნებისმიერი უარყოფითი გზავნილი ჩვენს ევროპულ პერსპეტივაზე ნეგატიურად აისახება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ლევან ხაბეიშვილს მოუწოდა, პროვოკაციების მოწყობისგან თავი შეიკავოს. როგორც აღნიშნა, შუღლი და დაპირისპირება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის და ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორებია.
„ყოველგვარი ექსცესი, რომელიც წარმოიშობა, ხელისუფლების ინტერესში არ შედის, რადგან ეს ხელს უწყობს შუღლისა და დაპირისპირების გაღვივებას. შემდგომში ეს გამოიყენება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ ფაქტორად, როგორც პოლარიზაციის არგუმენტად. ამაში ხელისუფლება დაინტერესებული არ არის. ხაბეიშვილის საქმიანობისა და პოლიტიკური არტიკულაციის სტილი მიმართულია იმისკენ, რომ კონფლიქტის, დაძაბულობის კერები შექმნას, რაც პოლარიზაციის სურათის წარმოჩენას ემსახურება. ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარედ მოყვანის მიზანი იყო, მელიასგან განსხვავებით, მრავალი პროვოკაცია განეხორციელებინა. მოვუწოდებ, პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა ბოკერიას შეფასებით, მსგავსი ქმედება საზოგადოების მშვიდობას უპირისპირდება, და ხელისუფლებას ძალადობის რეჟიმის მმართველობაში დასდო ბრალი.
„ამ ამაზრზენი ძალადობით ივანიშვილის რეჟიმი მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებსა და თავისუფალ მედიას კი არ უპირისპირდება, ის უპირისპირდება მთელი ჩვენი საზოგადოების მშვიდობას.
ეს ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოს უთხრის ძირს იმიტომ, რომ როცა ხელისუფლების მხრიდან დაორგანიზებული მსგავსი ქმედებები ხდება ღიად და უტიფრად, ეს არის პირდაპირი გზა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ეროვნული ამოცანა ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ხაბეიშვილის კონტექსტში ახალი დაძაბულობის კერების წარმოქმნას არ გამორიცხავს. ამასთან ევრორპულ სტრუქტურებში ინფორმაცია კონფლიქტოგენური სიტუაციების შესახებ პოლიტიკური ნიშნით ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.
„მე მიჭირს ამაზე კომენტარი იმიტომ, რომ არ ვიცი იქ კონკრეტულად რა მოხდა და რის საფუძველზე წარმოიშვა დაპირისპირება. გასაგებია, ეს ახლა უმიზეზოდ არ მოხდებოდა. ჩემი აზრით, ეტყობა იქ შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია. რატომ შეიქმნა, ვერ გეტყვით. არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია.
„რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს ევროპესპექტივაზე როგორ იმოქმედებს, გასაგებია, ეს ყველაფერი მედიაში გავიდოდა, საელჩოებს მოახსენებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა - რა თქმა უნდა ნეგატიური შთაბეჭდილება შეიქმნებოდა.
„ის, რომ ხაბეიშვილი ხელს უწყობს ახალი კერების გაღვივებას, ეს არის „ქართული ოცნების" შეფასება, მაგრამ მე როგორც ანალიტიკოსი ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან იქ არ ვყოფილვარ ადგილზე.
„გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" თავდასხმების ორგანიზებაში „ქართულ ოცნებას" დაადანაშაულებდა, ეს რომ სუსის მიერ იყო ორგანიზებული, რამე მტკიცებულება ხომ უნდა არსებობდეს. „ნაციონალური მოძრაობის" წყაროზე დაყრდნობით ამის მტკიცება არ შემიძლია. ეს უნდა დაადასტუროს დამოუკიდებელმა წყაროებმა. არ არის გამორიცხული სამომავლოდ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დაპირისპირება ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული, ნებისმიერ სიტუაციაში მას ეკისრება პასუხისმგებლობა საფრთხეების შემაკავებელი ფუნქციების გამოყენებასა და ევროპული პერსპექტივების გასაუმჯობესებლად.
„დაპირისპირება არის ხელისუფლების სადარდებელი. ხაბეიშვილი ვერანაირად ვერ დაიწყებს დაპირისპირებას მოსახლეობასთან, ჩადის კასპში თუ საგარეჯოში, ატარებს შეხვედრებს მოსახლეობასთან. და თუ მოსახლეობის რომელიმე ჯგუფს არ უნდა იქ მისვლა, ძალით იქ არავინ მიიყვანს. თუ მათ რომელიმე ჯგუფი უპირისპირდება და ქვებს და კვერცხებს და რაღაცებს ესვრიან, ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ ასეთი დაპირისპირება არ დაუშვას მიუხედავად იმისა, რას მოიმოქმედებს ხაბეიშვილი. სხვა თემაა, როცა მისი თანაპარტიელები ხაბეიშვილს სიტყვიერად უპირისპირდებიან და მიდის ხელჩართული ბრძოლა. სხვა შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული. ფაქტიურად იგი არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი ხელჩართული დაპირისპირება არ მოხდეს. თუ ეს არ არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, მაშინ ხელისუფლება ვალდებულია, რომ ასეთი დაპირისპირება არ დაუშვას.
„სიტუაციის დაძაბვის და უფრო მძიმე მდგომარეობაში გადაზრდის საფრთხეს ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ ვხედავ, სამწუხაროა ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება, ისევე როგორც მისი წინამორბედი, ისევე როგორც ყველა სხვა ხელისუფალი საქართველოში, ასე იქცევა და არჩევნების წინ ასეთი დაპირისპირებები ტრადიციად გვექცა.
„ჯერჯერობით საფრთხე იმის, რომ ეს უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, არ ჩანს, მაგრამ თუ ეს ასე გაგრძელდა და სხვა პროცესები დაემატა, მაშინ ეს შეიძლება სახიფათო იყოს.
„რაც შეეხება პოლარიზაციას, პოლარიზაცია იმაზე მეტი რა უნდა იყოს, რაც არის. პოლარიზაცია რომ შემცირდეს, ამის გარანტიები არ არსებობს. რაც შეეხება როგორ იმოქმედებს მომხდარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე, რა თქმა უნდა ცუდად, მაგრამ მათ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე. პოლარიზაცია რომ არ გაიზარდოს და არ გადავიდეს სამოქალაქო დაპირისპირებაში, უნდა მოგვცენ ყველაფრის მიუხედავად კანდიდატის სტატუსი, თუნდაც მრავალი დათქმით. სტატუსის არ მინიჭება კი ქვეყანაში არასტაბილურ ვითარებას შექმნის," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



