
ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ხელს უშლიან მმართველი გუნდი და მთავარი ოპოზიციური ძალა. შემოდგომაზე ეს ძალა თავის სიტყვას იტყვის. ეს იქნება ახალი პოლიტიკური სტრატეგიის მატარებელი ძალა, - ამბობს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.
„რეზონანსი": უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს ელჩმა კიევი დატოვა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური დემარშია, რის საფუძველზეც უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა არ განიხილება. მმართველ გუნდშიც აცხადებენ, რომ უკრაინასთან ურთიერთობის დალაგება რთული იქნება, მაგრამ შეეცდებიან.
იგორ კვესელავა: დიდი ხანია, ვამბობ, რომ მიშა არის ამ ხელისუფლების თავის ტკივილი. ზელენსკი სააკაშვილს მიიჩნევს პატრიოტად და მის მეგობრად, ამ განცხადებით კი მან ქულები ჩაიწერა ქართული საზოგადოების იმ ნაწილში, ვინც მიშას უჭერს მხარს და დასალეთის თვალშიც. ვნახეთ უკვე, რა გამოხმაურება მოჰყვა მიშას მზარდამჭერ მის განცხადებას დასავლეთში. რაც შეეხება შედეგებს, ფაქტობრივად, ურთიერთობა ისედაც არ გვქონდა, ახლა კი საქმე მიდის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე. როგორ იქნება ცალმხრივი მეგობრობა, კობახიძე რომ ამბობს, როცა ელჩი არ გვყავს უკრაინაში? პარლამენტარები იქ ვერ ჩავლენ და მთავრობის წევრები...
„რ": მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უკრაინის საგანგებო თემა საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა, თორემ სააკაშვილის საკითხს სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვაო.
ი.კ: ზელენსკისა და მის მომხრე ჯგუფს ევროპასა და ამერიკაში არ შეუძლიათ საქართველოში მთავრობის შეცვლა, მაგრამ ასეთი თემები გამოყენებული იქნება არჩევნების წინ. ზელენსკიმ თავისი ნათქვამი სიტყვა უნდა გაამართლოს. არ გამოვრიცხავ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიშას განცხადების შემდეგ მიიღო, ქართულ პოლიტიკაში ვბრუნდებიო.
„რ": სააკაშვილი პოლიტიკური ბრძოლისთვის მზად არის, ნიკა მელია პარტიაში თავისი პოზიციის გამყარებასა და შიდა არჩევნებისთვის ბრძოლას იწყებს, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავს პენსიების გაზრდის დაპირებით, პრეზტიდენტის შეწყალებული ნიკა გვრამიას გეგმა კი უცნობია - პოლიტიკური ფიგურა გახდეს თუ სააკაშვილის ადვოკატად დარჩეს. ენმ-ში პირველობისთვის ბრძოლა დაიწყო?
ი.კ: მიშა უკვე დაბრუნებულია პოლიტიკაში და გამარჯვების დიდი რესურსი აქვს. დიდი მხარდაჭერა აქვს დასავლეთიდან, აშშ-დან და უკრაინიდან, თორემ ისე ამას არ იტყოდა. დანარჩენები, იქნება ეს კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ხაბეიშვილი თუ სხვა, მიშას შექმნილები არიან, სააკაშვილმა შექმნა ეს ხალხი და როცა დაინახავენ, რომ პროცესი სხვაგვარად მიდის, მის გვერდით დადგებიან. რაც შეეხება გვარამიას, მან ბევრი რამ გააანალიზა ციხეში და როცა ნაცმოძრაობას ისევ მიშა ჩაუდგება სათავეში, მის გვერდით იქნება. იგი მიიღებს მიშას კურთხევას.
„რ": „ოცნება" გულხელდაკრეფილი იქნება?
ი.კ: „ქართული ოცნება" დგას ბიძინა ივანიშვილის მხრებზე. პოლიტიკური კურსი, სტრატეგია-ტაქტიკა ყველაფერი არის ბიძინა. იგი უფრთხილდება თავის თავს, „ოცნების" დამარცხება კი იქნება მისი დამარცხება. ამიტომ ბიძინას აინტერესებს მხოლოდ ბიძინა და მეტი არაფერი.
„რ": თქვენ მიერ დაანონსებული ახალი პოლიტიკური ძალა არ ჩანს ქართულ პოლიტიკაში, ცვლილება პოლიტიკურ ბაზარზე დაპაუზდა?
ი.კ: ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ხელს უშლიან მმართველი გუნდი და ნაციონალური მოძრაობა, ისინი აფერხებენ პროცესს, მაგრამ ეს ძალა შემოდგომაზე ამოძრავდება და თავის სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში. ეს იქნება ახალი პოლიტიკური სტრატეგიის მატარებელი ძალა, რომელიც არ გააგრძელებს „ოცნების" და ნაციონალური მოძრაობის მცდარ გზას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



