ნაზი ბერიძე
(07.07.2023)

ბოლო პერიოდში ოპოზიცია ხშირად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ხალხი, საზოგადოება იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ხელისუფლება არა. მთავრობა კი იფიცება, რომ ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ კანდიდატობის მოპოვების მთავარი გამოწვევაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საერთო პოლიტიკურად პრაგმატულ ქმედებებზე შეთანხმება.

„ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირში პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები იქნებიან და საქართველოზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ ბრიუსელში წყდებოდა კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი. სამადაშვილმა თქვა, რომ არა, კიევში წყდება ზელენსკის მიერო. ახლა კიევსა და ბრიუსელს შორის მურმანის ეკალივით აღმოჩნდა მურმან დუმბაძე და თქვა, რომ ბათუმში წყდება, არ უნდა მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსიო. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რეალურად ოპოზიცია უკვე პირდაპირ ამბობს, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ჩვენ ამას ვამბობდით და ვამტკიცებდით და შეიძლება, მადლობაც გადავუხადოთ, რომ აღარ გვჭირდება მტკიცებულებების მოძიება, რომ ეს კულისებში ხდება. პირდაპირ ამბობენ უგულავა, ცისკარიშვილი და ახლა დუმბაძე დაემატა. რატომ? იმიტომ, რომ შემდეგ, მათი აზრით, აქ რაღაც არეულობა იყოს გამოწვეული და ა.შ. ეს მოცემულობაა. მაგრამ, ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები იქნებიან ევროკავშირში და საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურ და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

თუმცა მანამდე „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ საქართველო სტატუსს არ იმსახურებს.

„შემომიცვივდება ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრი - შინაური თუ გარეული, ნახე, რას ამბობს, არ უნდა მურმან დუმბაძეს კანდიდატის სტატუსიო. ასეთ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის. კანდიდატის სტატუსს არც მთავრობას აძლევენ, არც ოპოზიციას. სტატუსს აძლევენ სახელმწიფოს. ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის და სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ოპონენტის თავისუფლებას, იმ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის", - თქვა დუმბაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის ასამბლეისადმი მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ამ მხრივ პოზიტიური მოლოდინი აქვს.

„საპარლამენტო ასამბლეა შედგება ადამიანებისგან, ქალებისა და კაცებისგან, რომელთაც აერთიანებთ თავისუფლების, სოლიდარობის ღირებულებები. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებების მატარებლები ხართ და ეს ღირებულებები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პერიოდში, რომელშიც ახლა მსოფლიო იმყოფება. საქართველო, თავის მხრივ, გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა ეს ეტაპი მოთმინებით, გონიერებით გადავლახოთ, ვიყოთ განმჭვრეტნი, შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას საშუალება მივცეთ განვითარდეს. ასევე, პასუხი გაეცეს იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლიდან, მიზნად დაისახა ევროინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში, ამ გზას ჩვენ დიდი სიმტკიცით, ენთუზიაზმითა და დიდი სურვილით მივუყვებით. ამ ეტაპზე, ევროკომისიის გადაწყვეტილებას ველოდებით იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ მოგვცა ევროკომისიამ და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში. საქართველომ უამრავი რეფორმა განახორციელა, საქართველო იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად იყოს შემცირებული, ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას, ფისკალური პოლიტიკა ხდება მიმზიდველი. ამ ასამბლეებისთვის საქართველო არის ნამდვილად კარგი პარტნიორი. მინდა გითხრათ, რომ ერთად მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო უსაფრთხოების გაძლიერებაში. მინდა დაგიდასტუროთ, რამდენად დიდი პატივია ჩემთვის და რამდენად დიდი სიამოვნებაა ამ ისტორიულ შეკრებაში მონაწილეობის მიღება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ოპოზიციის არარეალური შეფასებებს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემაფერხებელ ფაქტორად არ მიიჩნევს და იმედოვნებს რომ ევროკავშირი მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

„ბრიუსელში მიიღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებას, იმ პარამეტრების მიხედვით რაც აქვს საქართველოს შესრულებული თუ არ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება როგორც შარშან იყო. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის თვალთმაქცურ განცხადებებს, რომ თითქოს ისინი საქართველოს ხალხისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას ემხრობიან და არა ხელისუფლებისთვის, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი ინფორმაცია.

„არაერთმა ქართველმა მაღალჩინოსანმა „ქართული ოცნების" გუნდის წარმომადგენელმა თქვა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიუსელში ეწევიან ისეთივე მსგავს ნეგატიურ საქმიანობას როგორც ეს უვიზო მიმოსვლის მონიჭებამდე იყო. ეს ძალიან სამწუხარო და სავალალოა ქართული ოპოზიციისთვის რომელიც უნდა იცავდეს უწინარესად არა პარტიულ არამედ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. თუმცა ჩვენ ველოდებით ღირსეულ გადაწყვეტილებას, ბრიუსელიდან რომელიც დეკემბერში უნდა მიიღონ.

„გეოპოლიტიკური გამოწვევები ძალიან დიდია როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. ავიღოთ, სამხრეთ კავკასია, მოუგვარებელი კონფლიქტები ჯერ კიდევ, უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც 21-ე საუკუნის ერთერთი უდიდესი კატასტროფაა და თითქმის ყველა სახელმწიფოს ეხება, ამ გამოწვევების ფონზე საქართველო ასრულებს იმ ბეწვის ხიდზე მოსიარულეს როლს, რაც ბუნებრივად უნდა იყოს და ამას ხელისუფლება ახორციელებს. გონივრული გადაწყვეტილება, გონივრული ქმედება არის შედეგის მიხედვით შეფასების გაკეთება," - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივას ოპოზიციისა და ხელისუფლების საერთო ინტერესების დაცვის პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების ქმედებაში ხედავს, რაც სამწუხაროდ დღეს არ ხდება. თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ხარისხზე.

„ძირითადი გამოწვევა არის საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტე, კანონის უზენაესობის დაცვა, ხელისუფლების ნება უნდა იყოს რომ პოლარიზაცია შეამციროს უნდა განაცხადონ რომ როგორც ხელისუფლებას ასევე ოპოზიციას გააჩნიათ საერთო ერთი სამშობლო, და ეს სამშობლო მათ აერთიანებთ. სამწუხაროდ ეს ასე არ ხდება.

„საქართველო გეოპოლიტიკურად მდებარეობს რუსეთსა და ნატოს შორის ევროპისა და აზიის გასაყარზე, ბუნებრივია რომ საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სხვადასხვა ქვეყნის ინტერესები იკვეთება. მათ შორის რუსეთის, რუსეთი რა თქმა უნდა უქმნის საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის საქართველოსთვის გეოპოლიტიკური გამოწვევა. ღარიბაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს პრაგმატული პოლიტიკის გატარებაა საჭირო, უნდა გაითვალისწინონ ვინ არის საქართველოს მტერი და ვინ არის საქართველოს მეგობარი. მაგრამ როდესაც ისმის კრიტიკა ევროპელი პარტნიორების მიმართ, რომ დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროს უნდა საქართველოს ომში ჩართვა, და ნაკლები კრიტიკა ისმის რუსეთის მიმართ, აშკარად ჩანს რომ ეს არ არის გონიერი პოლიტიკა.

„ამ ფონზე მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს? ძალიან გართულებულია. მე პირადად მიმაჩნია რომ ბევრი რამე დამოკიდებული არის არჩევნებზე, რომელიც 2024 წელს უნდა ჩატარდეს, და მერე შეიძლება გადაწყვიტოს ევროკავშირმა მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს. შესაძლოა 2023 წლის დეკემბრის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების ვადამ გადაიწიოს. ევროკავშირი დააკვირდება რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ამაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მინიჭების საკითხი," - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე