ნაზი ბერიძე
(07.08.2023)

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავზე საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციის მთავარ სამართლებრივ გარანტად ექსპერტებს „რეზონანსთან" საუბარში 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი 6-პუნქტიანი სამშვიდობო დოკუმენტი მიაჩნიათ.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება უნდა გამოიყენო საკუთარი ინტერესების დასაცავად.

„ეს კომპლექსური საკითხია - უნდა იყოს ინიციატივების პაკეტი სხვადასხვა სიბრტყეში, სხვადასხვა დარგის მიმართულების მიხედვით. ეს უნდა იყოს დიპლომატიის, ადგილობრივი მოსახლეობასთან მუშაობის თვალსაზრისით, სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით.

„აქამდე გეოპოლიტიკური ვითარება ხელს არ უწყობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დღეს ვითარება შეცვლილია. დღევანდელი გეოპოლიტიკურ ვითარებაში სხვა ტიპის აქტიურობებია საჭირო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ წინააღმდეგობებზე ითამაშო, მსხვილი მოთამაშეების დაპირისპირების ფაქტორი უნდა გამოიყენო.

„მაგალითად ის ფაქტორი, რომ დღეს რუსეთის გავლენები სამხრეთ კავკასიაში მაქსიმალურად მცირდება, ის ცდილობს ეს გავლენები აღადგინოს, ამიტომ სჭირდება სხვა ტიპის აქტიურობა რეგიონში, სამაგიეროდ თურქეთის და ჩინეთის გავლენები იზრდება და ამ წინააღმდეგობებზ უნდა ითამაშო. გამოიყენო ეს შექმნილი ვითარება" -განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

„უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საქართველოს გაუჩნდა შანსი, რასაც არ იყენებს - მშვიდობიანი ფორმებით მკაფიოდ გაუსვას ხაზი, რომ რუსეთს ხელი აქვს მოწერილი 6-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე 2008 წლის 12 აგვისტოს მოეწერა. სადაც თავის თავზე აქვს აღებული ვალდებულება რომ გაიყვანს ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდან. ეს არის მე-5 პუნქტში.

„კარგი მომენტია მსოფლიოს მივმართოთ და ვუთხრათ, ყველა ველოდებით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ხელი მოეწერება ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას და მივესალმებით ამას. მაგრამ, რა გარანტია გაქვთ, რომ რუსეთი ამ პირობებს შეასრულებს როცა უკვე ჩვენთან მოწერილი აქვს ხელი და არ ასრულებს. ამიტომ, მოვუწოდებთ მსოფლიოს - რუსეთმა აუცილებლად შეასრულოს მის მიერ ხელმოწერილი ვალდებულება: გაიყვანოს ჯარი საქართველოდან.

„ამერიკელებმა ბევრჯერ მოუწოდეს რუსეთს გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ამიტომ ეს იქნებოდა ყველაზე ეფექტური საშუალება დეოკუპაციის მიმართულებით.

„აფხაზებს და ოსებს ეშინიათ, რომ რუსეთის ჯარების გაყვანის შემთხვევაში ქართული მხარის წინაშე დადგებიან პირისპირ და შეიძლება იყოს რევანში. საქართველომ, ხელისუფლებამ მკაფიოდ და ცალსახად უნდა უარყოს ეს საშიშროება.

ასევე, მოუწოდოს ევროკავშირს, რომ რუსეთის ჯარების გაყვანის პარალელურად, გაძლიერდეს, გამსხვილდეს და სამშვიდობო ძალებად იქცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რათა აფხაზებს და ოსებს არ გაუჩნდეს განცდა, რომ შეიძლება საქართველომ მოახდინოს რევანში" - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა

საქართველო განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი განვითარება, - ამის შესახებ კი ომიდან 15 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებყლ განცხადებაშია აღნიშნული.

საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

„დღეს 2023 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტენსივობიდან 15 წელი სრულდება.

2008 წლის აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ძალის გამოყენებით დარღვევის პირველი შემთხვევა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

აღნიშნულიდან 15 წლისთავზე, რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, (რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილებით).

რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს უკუპირებულ რეგიონებში და სხვადასხვა ქმედებებით, მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვით, უკანონო დაკავებებით და სხვა დარტყმას აყენებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ უსაფღთხოების და ჰუმანიტარულ გარემოს.

ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესი, სხვადასხავა სახის ინტეგრაციული ე.წ. ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება, აძლიერებს ადგილზე რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლს და ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ომის შედეგად დაშორიშორებული მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევას, როგორც დანარჩენი საქართველოსგან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისგან.

საოკუპაციო ძალა დღემდე აბრკოლებს ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის სართაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდვას, წვდომასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას. აგრეთვე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა, მისიის მანდატის მიუხედავად.

საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხზე.

საქართველო განუხრელა აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი განვთარება. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობისკენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, განაგრძოს კონსოლიდირებული ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარევბისა და საქართველოს ტერიტორუების დეოკუპაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისა და საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დარუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათვამია განცხადებაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე