
„მე წარმოვადგენ საქართველოს - ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში", - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე. მთავრობის მეთაურმა ვრცელ მიმართვაში საქართველოს მიერ გატარებულ ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზე, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც კარგად ესმის ომისა და მშვიდობის ფასი; 2012 წლიდან კი „ქართული ოცნების" მთავრობამ შექმნა და შეინარჩუნა მშვიდობისა და სტაბილურობის უწყვეტი ათწლეული.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაერო-ს გენერალურ დებატებზე ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყნის მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას და რომ ე.წ. „ასოცირებული ტრიოს" ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა.
ვრცელ სიტყვაში ღარიბაშვილმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და მათ დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
გაერო-ს სხდომაზე პრემიერმა ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამავე გამოსვლაში მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზეც მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას და ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება და რომელიც საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიცირებული.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება ერთადერთი გზაა
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და ასიათასობით ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი.
„თავდაჯერებით ვაცხადებ, რომ მიუხედავად გამოვლილი განსაცდელისა, არ შეგვიფერხებია ჩვენი ამბიციების განხორციელება. ჩვენ საქართველო გადავაქციეთ დინამიკურად განვითარებად საზოგადოებად, რომელიც სრულად არის ერთგული გაეროს წესდებაში გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების რეალიზაციის იდეისადმი", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან ელის, რომ ქვეყნის შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება.
„ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა!
„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და გაეროს წესდებაში ასახული ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას",- განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
ომის აცილება და და მშვიდობის უზრუნვეყოფა
ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ში გენერალური დებატებისას ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფაა.
„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო - ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით.
„საქართველოს კარგად ესმის ომისა და მშვიდობის ფასი. 2012 წლიდან ჩვენმა მთავრობამ შექმნა და შეინარჩუნა მშვიდობისა და სტაბილურობის უწყვეტი ათწლეული", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
„მსურს ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო ჩვენი ღრმა მადლიერება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მშვიდობიანი არსებობის უზრუნველსაყოფად მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაარწმუნოს რუსეთის ფედერაცია, ჩაერთოს „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში" და განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება", - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმოქალაქეებს მიმართა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენი ერთიანობის წინაარმდეგი მხოლოდ ჩვენი საერთო მტერია და „მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა, დიდი ინვესტიციების მოზიდვა და სრული პოტენციალის გამოვლენა როგორც გაერთიანებულ ერს".
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ უნდა დავუშვათ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ დასახული შესაძლებლობა ხელიდან იქნას გაშვებული.
„მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს - ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის ჩვენი საერთო მტერი. ჩვენ ვართ გენიალური ხალხი, რომელსაც წარმოუდგენელი მიღწევები ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა, დიდი ინვესტიციების მოზიდვა და სრული პოტენციალის გამოვლენა როგორც გაერთიანებულ ერს. არ უნდა დავუშვათ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ დასახული შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ.
„ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი, მიზნად ისახავს საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, რომელსაც ვეკუთვნით. 2012 წლიდან ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.
„გასული წლის ივნისში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი თავი გახსნა ევროკავშირთან ურთიერთობაში. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველების თითქმის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ ურყევი ერთგულება დავადასტურეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. ძლიერი, ინკლუზიური და გამჭვირვალე შიდა პროცესის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩვენ ვახერხებთ წლის ბოლომდე მათ შესრულებას", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველო, როგორც მრავალგანზომილებიანი რეგიონალური ჰაბი
გაეროში გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად.
„ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის" საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რათა ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში.
„ძვირფასო მეგობრებო, საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად. ჩვენმა ფინანსურმა სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები.
„სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს ვავითარებთ აზიასა და ევროპას შორის გადამწყვეტი კავშირების დასამყარებლად. საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივსა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის.
„შუა დერეფანი გამოჩნდა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, რათა წავშალოთ საზღვრები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-2027 წლებში. ხსენებული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფროვნებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან.
„აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. „თბილისის აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმი" წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
„საქართველომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. სისტემის გამტარუნარიანობა გაორმაგდება 2024 წლის ბოლოსთვის პროექტის დასრულების შემდეგ", - განაცხადა პრემიერმა.
ეკონომიკური პროგრესი, შავი ზღვის კაბელი და ანაკლიის პორტი
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება, რაც საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, მთავრობა აუმჯობესებს ქვეყნის საჰაერო დაკავშირებადობას და ამ მიზნით თბილისში ახალ საერთაშორისო აეროპორტს აშენებს.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ეს მწვანე ველი მოიაზრება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის პროექტად, რომელიც შექმნის თანამედროვე ღრმაწყლოვან პორტს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
„ჩვენი მთავრობა აუმჯობესებს ქვეყნის საჰაერო დაკავშირებადობას და ამ მიზნით თბილისში ახალ საერთაშორისო აეროპორტს ვაშენებთ. ის იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, როგორც გლობალური ავიაციის გამორჩეული მოთამაშის სტატუსს", - განაცხადა პრემიერმა.
ამასთანავე, მისი თქმით, უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიცირებული, ეს პროექტი კი გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან სამხრეთ კავკასიის რეგიონის დასაკავშირებლად.
როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც თითქმის 90 პროცენტიანი ზრდაა 2012 წელთან შედარებით, უშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები კი ისტორიულ მინიმუმზეა. მისი თქმით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდა მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.
ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ერთი მილიარდი აშშ დოლარი გამოყო მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-აშენების მიზნით. ასევე გაზარდა ინვესტიციები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ამჟამად „საქართველოს მოსახლეობის 95 პროცენტი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და მუდმივად უმჯობესდება სერვისების ხარისხი".
როგორც მთავრობის მეთაური დასძენს, „ქართული ოცნების" პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, ეს პოზიტიური ტენდენცია კი 2023 წელსაც გაგრძედება, ამბობს, რომ „მთავრობა აგრძელებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას უკლებლივ ყველა ქართველის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად".
უკრაინა და საქართველოს როლი საერთაშორისო სანქციებში
პრემიერ-მინისტრმა ამავე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა და ხელი მოაწერა 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად.
„ჩვენ მივუერთდით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, არაერთხელ შეაქო ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობა უკრაინას არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან - ქართულმა სკოლებმა 2200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღო და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური, უკრაინული სასწავლო პროგრამით.
„ჩვენ მივუერთდით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, არაერთხელ შეაქო ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან.
„საქართველოს მთავრობა უკრაინას არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან. ეს ხდება ქვეყნის და ინდივიდების დონეზე, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში. ქართულმა სკოლებმა 2200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღო და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური, უკრაინული სასწავლო პროგრამით", - განაცხადა პრემიერმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



