ელზა პაპოშვილი
(24.09.2023)

რეალურად არსებობს თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე - ეს საკითხი პარასკევს ღამით გლდანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს შორის მსგავსი ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდება, მოსალოდნელია გარკვეული პროვოკაციებიც, თუმცა ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ დესტაბილიზაციის იმიტაცია იქნება.

22 სექტემბერს გლდანში თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე მოხდა თავდასხმა. დაზარალებული დეპუტატი იხსენებს, რომ მას და მის მეგობრებს, პოლიტიკური შეხედულებების გამო, რამდენიმე ათეული ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. მოგვიანებით უკვე შემთხვევის ადგილზე მისულ ენმ-ის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის მოხდა დაპირისპირება, რის შედეგადაც დააპატიმრეს „ნაცმოძრაობის“ სამი წევრი - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.

შაბათს პოლიციამ ეძგვერაძეზე თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავა.

კვირას კი ადმინისტრაციული წესით დაკავებული ენმ-ის წარმომადგენლები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო 23 ოქტომბერს გაიმართება.

რა მოხდა გლდანში

ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, გლდანის ინციდენტი პარასკევს დედაქალაქის საკრებულიში მომხდარი დაპირისპირების ერთგვარი გაგრძელება იყო.

22 სექტემბერს, საკრებულოს სხდომაზე, დაპირისპირება „ოცნების“ წარმომადგენელ კონსტანტინე ზარნაძის განცხადებას მოჰყვა. მან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ავტომობილით გადაადგილების დროს მას ახალგაზრდები აგინებდნენ, მის მანქანას კი შეურაცხმყოფელი სიტყვების შემცველი სტიკერები მიაკრეს. ეს ფაქტი უარყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა. ზარნაძესა და ეძგვერაძეს შორის კი შეხლა-შემოხლაც მოხდა.

საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხი გახდა. ოპოზიცია უმრავლესობას ყოფილი გენერალური პროკურორის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებდა. „ოცნების“ წევრები კი, ოპონენტებს დანაშაულებრივ წარსულს ახსენებდნენ.

ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.

მოგვიანებით ეძგვერაძემ მასზე თავდასხმის დამკვეთებად სწორედ კოტე ზარნაძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაასახელა. ეძგვერაძე თავდასხმას დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ  40-მდე პირი მის ავტოფარეხში შეცვივდნენ, სადაც რამდენიმე მეგობართან ერთად იმყოფებოდა და უთხრეს, რომ არ უნდა გაჩერდეს საკრებულოში.

ეძგვერაძე ასევე იხსენებს 2020 წლის არჩევნების პერიოდსაც და ამბობს, რომ იგივე ხალხი მას საარჩევნო შტაბში იარაღებით მიუვარდნენ - ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან შუკაკიძე და მისი ძმა, ასევე მათი სამეგობრო.

კოტე ზარნაძე კი ამბობს, რომ ის ადამიანები, ვისაც ეძგვერაძე თავდამსხმელებად ასახელებს, თავად ეძგვერაძის ბავშვობის მეგობრები არიან და ის საერთოდ არაფერ შუაშია. ზარნაძის თქმით, ეძგვერაძეს თავისივე მეგობრებთან აქვს პრობლემა, რომელთა შორის ერთ-ერთი მისი ნათლიმირონიც კი არის და მას ამ კონფლიქტთან არაფერი  აკავშირებს.

ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ გლდანში ვითარები კიდევ ერთხელ მაშინ დაიძაბა, როდესაც ადგილზე ენმ-ის წარმომადგენლები მივიდნენ.

შსს-ს განცხადებით კი, დეპუტატის ცემაში ეჭვმიტანილი ექვსი მოძალადე დაკავებულია. მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდის ლევან შუკაკიძის ძმა გუჯა შუკაკიძე.

ტურბულენტობა არჩევნებამდე

ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე ფიქრობს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიტუაცია უფრო დაიძაბება და ჩვენი პოლიტიკური გარემო უფრო რადიკალური გხდება. პოლარიზაციის ხარისხის მომატებას კი, მისი აზრით, ხელს უწყობენ როგორც ხელისუფლება, ასევე „ნაციონალები“, რადგან ეს ორივეს აწყობს.

„2024 წლამდე სწორედ მსგავს პოლიტიკურ ტურბულენტობაში ვიქნებით - ხან „ოცნება“ სცემს და ხან - „ნაცები“. ეს არის მათი ჩვეულებრივი ხელწერა, რომელიც გასაკვირი არ არის. ორივე მათგანს ეს აწყობს, რადგან ამით ერთმანეთს ეხმარებიან. მათ ინტერესებში შედის პოლიტიკური გარემო იყოს პოლარიზებული, რადიკალური და ამომრჩეველი მხოლოდ მათ გარშემო ტრიალებდეს. სწორედ ეს ხდება ისევ, რასაც წლების განმავლობაში თვალს ვადევნებთ.

„მე არ მგონია, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირებაში  გადაიზრდება. არც იმას ველი, რომ თუნდაც ფარცხალაძის თემასთან დაკავშირებით, ან კანდიდატის სტატუსის არმიღების შემთხვევაში ხალხი ქუჩაში მასობრივად გამოვა. ოპოზიცია ძალიან არასწორი მიმართულებით მიდის, როცა ემოციას ასეთ თემებზე ხარჯავს და არასწორად, ფუჭად ანაწილებს. გავიგე, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შექმნან და ა.შ., მაგრამ ფარცხალაძის თემაზე ხალხის ქუჩაში მასობრივ გამოსვლას რატომ უნდა ელოდო? ხომ ნათელია, რომ ამის გამო ხალხი არ გამოვა.

„თუ „ოცნებამ“ ისევ რაიმე კატასტროფა შეცდომა არ დაუშვა, არ ველი, რომ მასობრივი გამოსვლები და აქციები იქნება. ასეთი ჯგუფური დაპირისპირება და საქმის გარჩევები -კი, ბატონო, მაგრამ ილუზიაა იმის მოლოდინი, რომ თუ სტატუსზე უარი გვითხრეს, სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყება, ან მასობრივი აქციები იქნება. ბევრი მიზეზის გამო ეს არ მოხდება. ერთია, რომ ხალხს ომისა და არეულობის შიში აქვს და მეორეა, რომ ამ ოპოზიციას არ ენდობიან“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

„იქნება პროვოკაციის მოწყობის მცდელობები...“

კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძის შეფასებით, საქართველოში გარკვეული ჯგუფები ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვაზე მუშაობენ. კონფლიქტოლოგი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს შესაძლოა არ მოხდეს პირდაპირ დაპირისპირება იარაღის გამოყენებით, მაგრამ გარკვეული პროვოკაციები რომ იგეგმება ეს ფაქტია და სუს-ი ამაზე საუბრობდა.

„ფაქტი, რომ გარკვეული ჯგუფები ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვისთვის ემზადებიან. ამაზე არის გარკვეული ინფორმაცია და ამის ნიშნებიც სახეზეა - ვნახეთ ფარცხალაძის თემით დაწყებული და ახლა ამ დაპირისპირებით გაგრძელებული. შესაძლოა ეს არ იყოს იარაღის სროლა და ა.შ., თუმცა ასეთ პროვოკაციები ნამდვილად მოსალოდნელია. ჩვენ ვნახეთ სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ქვეყანაში არეულობის მზადებაზე  იყო საუბარი. ამიტომ ძალიან საშიშ და ფეთქებად სიტუაციაში ვიმყოფებით. ეს არის გარკვეული სცენარის  ნაწილი, სადაც რეგიონის აფეთქებაზეა საუბარი.

„ამიტომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე ნამდვილად არსებობს და რაც უფრო ახლოვდება კანდიდატის სტატუსის მიღების დრო, მითუმეტეს არჩევნები, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. იქნება ასეთი სახის პროვოკაციის მოწყობის მცდელობები. მე ვიცი, რომ 20-მდე ახალგაზრდა ქალაქ ლვოვში ჰყავდათ ჩაყვანილი, სადაც ტრენინგებს გადიოდნენ, თუ როგორ უნდა მართონ მასობრივი აქციები. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ტიპის ჯგუფები ამ საქმისთვის ემზადებიან და მათ მიზანს ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს. კიდევ ვიმეორებ - მე არ ვამბობ, რომ იარაღი იქნება გამოყენებული, თუმცა სიტუაციის პროვოცირების მოლოდინი მაქვს“, - ამბობს არეიშიძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე