
ერევანში პროტესტის მონაწილეებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს - ყარაბაღის ამბების გამო, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, ქუჩებს კეტავენ და ხალხს მოუწოებენ, რომ შეუერთდნენ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსეთი ახლა სომხეთის ხელისუფლების შეცვლას ცდილობს, რადგან ხედავს, რომ რეგიონში გავლენები უსუსტდება და იმის შესაძლებლობები იხსნება, რომ დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში უფრო გააქტიურდეს.
სომხეთში აქტიურია პროტესტის მეორე ტალღაც, რომელიც კოლექტიური უსაფროების ორგანიზაციიდან (ოდკბ) გამოსვლას ითხოვენ, მიზანი კი ისაა, რომ ქვეყანაზე რუსეთის გავლენა შესუსტდეს. მიიჩნევენ, რომ მოსკოვმა ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულებები არ შეასრულა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ როგორც კი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პრობლემა გადაიჭრება, ერევანი ორგანიზაციიდან გავა.
ამის პარალელურად ყარაბაღიდან ეთნიკური სომხები გადიან, ბაქომ არაერთხელ განმარტა, რომ მათთვის ზიანის მიყენებას არ აპირებს და ცხოვრების გაგრძელების ნება მისცა, თუმცა როგორც ანალიტიკოსები გვეუბნებიან, მათ აზერბაიჯანის რევანშის შიში აქვთ და არაა გამორიცხული, რომ ყარაბაღიდან ყველა გავიდეს.
რა ხდება ერევანსა და ყარაბაღში
25 სექტემბრიდან ერევანში დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყო დაკავებულია 140-ზე მეტი მოქალაქე, ისინი ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს მოქმედ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს აბრალებენ და მთავრიბის გადადგომას ითხოვენ. მომიტინგეები რამდენიმე ჯგუფა არიან დაყოფილები და დროდადრო ქუჩების გადაკეტვას ცდილობენ, პროტესტის კერებში მობილიზებულია პოლიცია.
დემონსტრანტები გამვლელებს მოუწოდებენ, რომ პროტესტს შეუერთდნენ, ამის პარალელურად დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, რის გამოც მათსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა.
ყარაბაღიდან ეთნიკური სომხები მიდიან, სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, მათთან 3 ათასამდე ადამიანი უკვე გადავიდა. ყარაბაღიდან სომხეთში პირველი ნაკადი 24 სექტემბერს ჩავიდა.
მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა სეპარატისტული ხელისუფლების დანებებამდე 120 ათასს შეადგენდა. 24 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არიან ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავიანთ სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ. მისი თქმით, სომხეთისთვის რუსეთთან დადებული უსაფრთხოების შეთანხმებები და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა არაეფექტიანია.
„მთიანი ყარაბაღის 120 000 ეთნიკური სომეხი გაემგზავრება სომხეთში, რადგან მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ეშინიათ ეთნიკური წმენდის", - ამის შესახებ ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, დავით ბაბაიანმა განაცხადა. მისი თქმით, ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს არ სურთ, აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ურჩევნიათ, დატოვონ ტერიტორია.
„ჩვენი ღარიბი ხალხის ბედი ისტორიაში შევა, როგორც სომეხი ხალხისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს სირცხვილი. ჩვენს ბედზე პასუხისმგებლებს ერთ მშვენიერ დღეს მოუწევთ პასუხის გაცემა ღვთის წინაშე თავიანთი ცოდვებისთვის", - აცხადებს ბაბაიანი.
ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ეთნიკურად სომეხი მებრძოლები იარაღს თმობენ. მანამდე აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებებს დაიცავდნენ და მისცემდნენ ცხოვრების საშუალებას. აზერბაიჯანმა არაერთხელ უარყო მათთვის ზიანის მიყენების განზრახვა.
რა შესაძლებლობა ეხსნება დასავლეთს კავკასიაში რუსული გავლენების შეკვეცის ფონზე
ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყარაბაღის დანებების მერე, რუსეთის გავლენები შემცირდა, ამასთან სომხეთის მთავრობა რუსეთისგან დისტანცირებას ცდილობს და არაა გამორიცხული, რომ ამ სიტუაციაში ერევანი თბილისთან ერთად ევროკავშირისკენ უფრო გადაერთოს და დასავლური გავლენები გაძლიერდეს რეგიონში.
„რუსეთის გავლენები შემცირდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღელი სეპარატისტები ერთ-ერთი ყველაზე პრორუსული ძალა იყო. თავად სომხეთი და ერევანი ასეთი პრორუსულები არასდროს არ ყოფილან. ახლა რა თქმა უნდა ყველაფერი დინამიუკურად შეიცვლება, ოფიციალური ერევანი და ფაშინიანის მთავრობა ცდილობს, რომ რუსეთისგან დისტანცირდეს, ანუ პრაგმატული გახდეს.
„90-იანი წლების დასაწყისში ტერ-პეტროსიანი ცდილობდა, რომ რუსეთისგან სომხეთის დისტანცირება მოეხდინა და საერთაშორისო საზოგადოებას დაახლოებოდა, თუმცა მაშინ ეს ჩავარდა. ახლა ფაშინიანის ჯერი დგება, როცა ცდილობს ერთის მხრივ ყარაბაღისგან დისტანცირდეს, მეორეს მხრივ მოსკოვისგან.
„რაც შეეხება იმას თუ როგორ შეიძლება რუსეთის გავლენები კიდევ შემცირდეს, ეს იმ გზით მოხდება, რომ სომხეთმა რუსეთისთვის მოუწოდოს და ის გარემო შეუქმნას, რომ სომხეთი დატოვოს. ასევე ერევანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია დატოვოს, თუმცა ფაშინიანი ამ ეტაპზე იფრთხილებს, რადგან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სასაზღვრო დემარკირება არ მომხდარა და შესაბამისად, ეს პრობლემური იქნება, რომ ახლა ორგანიზაცია დატოვოს. ამას შესაძლოა რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი გაბრაზება და ბაქოს წახალისება მოჰყვეს, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვარზე რაღაც მოიმოქმედოს.
„ამ ეტაპზე სომხეთი ჯერ დააკვირდება, თუმცა გრძელვადიანად უკვე აზრი აღარ რჩება, თუკი ბაქოსა და ერევანს შორის საზღვართან დაკავშირებით მოლაპარაკება შედგა, მაშინ (ოდკბ)ორგანიზაციაში ყოფნას და სომხეთისა და რუსეთს შორის საერთო ენის გამოძებნას აზრი აღარ რჩება.
„თუკი სომხეთი დემოკრატიული გახდა და პროდასავლური კურსისკენ გადაიხარა, რეგიონში ფოკუსი შეიცვლება და უფრო მეტად იქნება სურვილი, რომ დასავლური ინვესტიციები ჩაიდოს. იყოს დაფინანსებები, სომხეთის ხელისუფლების წახალისება, რომ შიდაკავკასიურ დიალოგში მიიღოს მონაწილეობა, უფრო მეტად დაახლოვდეს და საქართველოსთან ერთად ევროკავშირთან მიმართებით უფრო გადაერთოს.
„აზერბაიჯანი ნაკლებად უფრო პროევროპულია, მაგრამ სამაგიეროდ ის პროთურქულია და ამ გაგებით შეიძლება ამ სამ სახელმწიფომ საერთო რეგიონალური ენა გამოძებნონ. ამით რეგიონი ეკონომიკურად უფრო სტაბილური იქნება და ევროკავშირსა და დასავლეთს უფრო მეტი მოტივაცია ექნება, რომ ეკონომიკურიად და სამხედრო თვალსაზრისით შემოვიდეს და აქაურობა წაახალისოს",- განაცხადა კობერიძემ.
კითხვაზე, რამდენად შეძლებენ ერევანში პროტესტის მონაწილეები ფაშინიანის გადაყენებას, კობერიძემ გვითხრა, რომ გააჩნია რუსეთი რაზეა წამსვლელი, თუმცა არსებული მთავრობის გადაყენება ადვილი არაა.
„აქ იმაზეცაა დამოკიდებული რუსეთი როგორ იმოქმედებს - თუ მისთვის ფაშინიანის ჩამოგდება სასურველია, შესაძლოა სამხერო გადატრიალება, ან შეიარაღებული პირები დააფინანსოს, რადგან ძალიან საშიშ ძალასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე გამორიცხული არაფერია. თუმცაღა, ერთი შეხედვით ფაშინიანის დამხობა რთული იქნება, რადგან სომხურ საზოგადოებაში რადიკალური მხარების მხარდაჭერა ასეთი ძლიერი არაა.
„ამ ტალღას სოლიდური მხარდაჭერა კი ჰყავს, ქვეყნაში დაახლოებით 20-25%, მაგრამ ისეთი ძლიერი არაა, როგორც იმ ადამიანების, ვინც ასევე რუსეთზე ბრაზობს"- განაცხადა კობერიძემ.
მან ასევე ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკურ სომხებზეც ისაუბრა.
„როგორც ჩანს, ეთნიკური სომხები ყარაბაღს სრულიად დატოვებენ და ამ ხალხებს შორის შერიგება არ მოხდება, მასთანავე მათ როგორც ჩანს, ეშინიათ, ბაქო ამბოს, რომ ვინც ამ ტერიტორიაზე ომის დაწყებამდე ცხოვრობდა, უფლება აქვს დარჩენენ და ისეთი უფლებები ექნებათ, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეებს, მაგრამ შიშობენ იმ გაგებით, რომ 90-იან წლებში ხოჯალისში და შუშაში ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი დაიღუპა, ფიქრობენ, რომ ამისთვის პასუხს მოსთხოვენ, თუკი მათი ოჯახის წევრები ამაში მონაწილეობდნენ.
"შესაძლოა სარდლობას მოეთხოვოს პასუხი, მაგრამ ოჯახის წევრზე არ მგონია, თუმცა ისინი ამ ამბავს მაინც შიშობენ",- განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუსეთის გავლენები სამხრეთ კავკასიაზე საგრძნობლად შემცირდა და ახლა დასავლეთს შესაძლებლობების ფანჯარა ეხსნება.
„რუსეთის გავლენები შესუსტდა. 2020 წელს, როცა მისკოვმა აზერბაიჯანის შეტევა შეაჩერა, მიზანი იყო, რომ სომხეთს ყარაბაღის დიდ ნაწილზე კონტროლი შეენარჩუნებინა და მეორეს მხრივ ბაქო კმაყოფილი ყოფილიყო იმაზე, რომ რუსეთმა ტერიტორიების ორ მესამედზე კონტროლის აღდგენაზე თვალი დახუჭა.
„დღეს ე.წ. სამშვიდობოების ფუნქცია ამოწურულია და რუსეთმა კონფლიქტში შუამავლის როლი დაკარგა. მანამდე ეს შუამავლობა მანიპულირების საშუალებას აძლევდა, რომ ემოქმედა როგორც თავად სურდა. ახლა აზრბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა და რუსეთზე ნაკლებადაა დამოკიდებული, სომხეთში კი ანტირუსული განწყობილებები იზრდება.
„ახლა დასავლეთს ნელ-ნელა საშუალება ეძლევა, რომ გავლენები გააძლიეროს. ევროკავშირისა და დასავლელი შუამავლების ეგიდით, ევროპაში ფაშინიანის და ალიევის შეხვედრები იგეგმება. ჯერჯერობით ეს საკითხი ბოლომდე არაა გადაწყვეტილი, თუმცა კონტურები იკვეთება და შესაძლოა პოსტკონფლიქტური შერიგების მიმართულებით რაღაც პროექტები განხორციელდეს.
„დღეს დასავლეთს ბერკეტი უფრო მეტი აქვს. ჯერ ვერ ვიტყვით, რომ რუსეთი სრულიად გავიდა, თუმცა ფაქტია, რომ გავლენები საგრძნობლად შესუსტდა. მით უმატეს, რომ აზერბაიჯანმა იმ ტერიტორიეზე დაამყარა კონტროლი, რომელზეც მანამდე ამბობდნენ, რომ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა იყო, მაგრამ უკრაინასთან კონფლიქტის გამო, აზერბაიჯანის ქმედება ვერ აღკვეთა.
„თუ ფაშინიანმა ხელისუფლება შეინარჩუნა, სომხეთის საგარეო ორიენტაცია რუსეთიდან დასავლეთისკენ გადაიხრება",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



