თამთა ჩაჩანიძე
(25.09.2023)

ბოლო პერიოდში სოციოლოგიური კვლევები არ გამოქვეყნებულა და და ჯერჯერობით უცნობია მოცემულ მომენტში რა რეიტინგი აქვთ პოლიტიკურ ველზე მყოფ აქტორებს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დღეისათვის „ქართული პოლიტიკა გაღარიბებულად გამოიყურება" და თუ პოლიტიკური ჯგუფები სათანადოდ არ გააქტიურდნენ, 2024 წელს არჩევნებზე ორი-სამი პარტიის გარდა, 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ.

ამასთან, ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ რეიტინგის ზრდის პოტენციალი თითქმის ყველა პარტიას აქვს, თუმცა კონსტრუქციული მუშაობა და მიდგომაა საჭირო, როგორც პროგრამებზე, ისე მოსახლეობასთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის ქმედებები ძალიან წააგავს იმას, რომ ისინი შესაძლოა რევოლუციისკენ მიდიოდნენ, ვიდრე იმაზე იყვნენ ორიენტირებულები, რომ პარტიის რეიტინგი საარჩევნოდ გაზარდონ, თუმცა მისი თქმით, დღეს ისეთი სიტუაცია არაა, როგორიც 2003 წელს იყო.

„დღეისთვის ქართული პოლიტიკა ძალიან გაღარიბებულად გამოიყურება და იმას ვუყურებთ, რომ მაგალითად თეა წულუკიანის მოხსენების პროცესში ქალი პოლიტიკოსებს უკავიათ წარწერა რუსული უწმაწური ტექსტით, ეს არის პოლიტიკა?! თუ არჩევნებისკენ მივდივართ, მხარეები დაინტერესებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ ამომრჩეველს თავი მოაწონონ, ქცევით, პროგრამებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და ხედვით, 2024 წელს ამომრჩეველი გადაწყვეტს რომელი ურჩევნია.

„თუ იქით მივდივართ, რომ რევოლუცია და დესტაბილიზაცია მოხდეს, მაშინ მეტ-ნაკლებად მაგ პარადიგმაში ჯდება ის, რაც ხდება. თავის დროზე ბოლშევიკებს ჰქონდათ ფორმულა - „რაც უარესი, მით უკეთესი", ანუ ქვეყანაში მდგომარეობა რაც უარესად იქნება, მით უკეთესია ჩვენთვისო, ისინი რევოლუციისკენ მიდიოდნენ და მაგიტომ.

„რევოლუციისკენ მიმავალ პარტიებს ეს ტენდენცია აქვთ, რომ ქვეყანაში უარესობის სურათი შექმნან, ეს ნაბიჯები კი ზუსტად ამისკენაა გადადგმული, რომლის ერთი მაგალითი ზემოთ აღვნიშნე და რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, მაგრამ რევოლუციასაც ვერ მოახერხებენ, რადგან ეს უკვე განვლილი ეტაპია, რევოლუციონერების მიმართ ნდობა უნდა იყოს.

„თავის დროზე, სააკაშვილი იგივე პრინციპით მოქმედებდა, მის ხელთ არსებული მედიასაშუალება ხაზს უსვამდა იმას, რომ ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობაა, რეალურადაც იყო საუბარი, რომ დენი ითიშება, მოხდა თუ არა „ვარდების რევოლუცია" დენი აღარ გათიშულა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ე.ი. ხელოვნურად ითიშებოდა მათგან, ვისაც რევოლუცია სურდა.

„მიუხედავად ყველაფრისა მაშინ ჟვანია-სააკაშვილის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობა და შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ უნდობლობა იყო, დღეს ასეთი პროპორცია არაა, ამიტომ რევოლუცია არ გამოვა,"- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მისი თქმით, ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს რეიტინგის ზრდის პოტენციალი, ამას ცდილობენ კიდეც, თუმცა არასათანადოდ.

„ოპოზიციური პარტიები (დაახლოებით ყველა ერთნაირად) რეიტინგის გაზრდას ცდილობენ, გახარიას გარდა, რადგან ის არაფერს არ ცდილობს. ამას ცდილობენ ხელისუფლების რეიტინგის დაცემის ხარჯზე, რომ ცუდია და ჩვენ ვართ კარგებიო, მაგრამ ეს მოდელი უკვე არ გამოდის, მოსახლეობას ასეთი ცნობიერება აღარ აქვს.

„რეიტინგის გაზრდის პოტენციალი ყველას აქვს, თუ ეს პარტიები თავიანთ შტაბებში დასხდებიან და იმაზე იფიქრებენ თუ მოსახლეობას რა შევთავაზოთო. თუკი კვლევასაც ჩაატარებენ იმის გასარკვევად რისი შეთავაზება სჯობს, მაგ მიმართულებით მუშაობის პოტენციალი ყველა პარტიას აქვს.

„შეთავაზებები რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება, ქართული პოლიტიკა მით უფრო გამდიდრდება. მაღალი რეიტინგი მით უფრო მეტ პარტიას აღმოაჩნდება და შანსი იმისა, რომ 5%-იან ბარიერს გადააბიჯონ, მაგრამ მაგ მიმართულებით არ მუშაობენ, თორემ პოტენციალი ყველას აქვს.

„რაც შეეხება „ოცნებას", მას საარჩევნო ბრძოლაში რამოდენიმე საყრდენი აქვს, ერთი თვითონ ოპოზიციის ასეთი უსუსური სტილია, ამიტომაც გაჩნდა ასეთი ფორმულა, ძირითადად „ნაციონალებზე" იყო ლაპარაკი, რომ ოპოზიცია „ოცნებაზე" მუშაობსო და ეჭვი შეიტანეს იმაშიც, რომ შეთანხმებული ხომ არააო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არაა, მაგრამ შთაბეჭდილება იმდენად მკაფიოა და ჩვენი ოპოზიცია საკუთარი თავისთვის იმდენად წამგებიან ნაბიჯებს დგამს, რომ ასეთი ვერსიაც გაჩნდა.

„ოცნების" მეორე მხარე ისა, რომ მას რამოდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი აქვს - ერთი, რომ მეორე ფრონტის გახსნა არ უნდა, რისთვისაც ხაზგასმით იბრძვის, როგორც მტრებთან, ისე მეგობრებთან. მეორეა ჩინეთთან დამყარებული კარგი ურთიერთობა და მოსახლეობის დიდ ნაწილში ჩინეთი ის ძლიერი პარტნიორია, რომელიც მოსახლეობას ოპტიმიზმს უჩენს. ეს რამდენიმე კოზირი აქვს და ალბათ გამოიყენებს და შესაძლოა არჩევნებამდე რეიტინგი გაზარდოს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ველზე სუსტი ოპოზიციაა და თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე, მათ დიდ ნაწილს რეიტინგის ზრდის პოტენციალი არ აქვს.

„საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს სამწუხაროდ ძალიან სუსტი ოპოზიცია ჰყავს, რომელიც მუდმივად დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით, უამრავი დეზინფორმაციითა და მანიპულაციით გამოირჩევა. რეიტინგები წელიწადში რამდენჯერმე ქვეყნდება, თუმცა, ენმ-ს მიერ ჩატარებულმა ბოლო პერიოდის ე.წ. საპროტესტო აქციებმა გვაჩვენეს, რომ ათასების ნაცვლად ათეულობით ადამიანი გამოდის.

„ფაქტია, რომ ახალი საარჩევნო სისტემით ბლოკები დაუშვებელია და მხოლოდ პარტიული სიებით იქნება. ენმ-ს იურიდიულად ძალიან დიდი შანსები აქვს, მისგან განსხვავებით, სხვა პარტიები, რომელსაც ამომრჩევლებსაც კი, ფსევდო ბლოკების შექმნის ინიციატივებით ატყუებენ, მათ მოუწევთ, რომ ადრე თუ გვიან „ნაცმოძრაობის" სიაში ჩაეწერონ, თუ მისი ჩრდილოვანი ლიდერი და დამფინანსებელი კეზერაშვილი მათ შეიფარებს.

„გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", გახარიას პარტიას და სხვებს საერთოდ პოლიტიკური პულსი არ ესინჯებათ. მათი ე.წ. მესიჯბოქსი ენმ-სთან ერთი-ერთშია, თუ მათ პარლამენტში მოხვედრა სურთ, „ნაცმოძრაობის" სიაში უნდა ჩაეწერონ. ცალკე გახარიას და ცალკე ხაზარაძეს წლებია პრეტენზია აქვთ, რომ მესამე ძალას წარმოადგენენ, რაც არარეალურია, თუნდაც „ენდიაის" და „აიარაის" კვლევებში ჩანს, რომ არცერთს არანაირი საზოგადოებრივ-პოლიტიკური რესურსი არ აქვთ, რომ მიზიდულობის ცენტრები იყვნენ.

„ლომჯარიას გარშემოც თითქოს აპოლიტიკური მოძრაობაც დაიწყო, თუმცა ამ ყველაფერს ენმ-ს ელფერი აქვს. შეიქმნება თუ არა პარტია, ჯერ ცნობილი არაა, თუმცა ლომჯარიას ფინანსური რესურსები ძალიან მწირია, რადგან არჩევნებამდე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება მოასწროს.

„სუს-ის განცხადება ვნახეთ, რომ წლის ბოლომდე დესტრუქციები იგეგმება, რაშიც ენმ-ს პოლიტიკური აქტორები მიიღებენ მონაწილეობას. ვნახოთ რამდენად წარმატებულები იქნებიან, მაგრამ ჩემი აზრით, მათი მცდელობები 100%-ით წარუმატებელი იქნება, როგორც ადრე. ამითი თავს კიდევ უფრო დაიზიანებენ იმ ამომრჩეველში, რომელიც პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. საზოგადოების უმრავლესობა მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მხარეს დგას. სამოქალაქო დაპირისპირება და ბნელ 90-იანებში დაბრუნება არავის უნდა.

„ქართული ოცნება" არჩევიდან მეორე დღესვე საარჩევნო კამპანიას იწყებს, რაც კონკრეტული საქმეების და პროექტების განხორციელებით გამოიხატება. რა საკვირველია, იდეალური პარტია არაა, ისევე, როგორც მსოფლიოში იდეალური ვერცერთი პარტია ვერ იქნება, მაგრამ სიტყვა და საქმე თანხვედრია და არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებენ, ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის და იმისათვის, რომ ჩვენს გარშემო არსებული აზვირთებული ვითარების ფონზე, ქვეყნაში მშვიდობა შეინარჩუნონ და სტაბილური განვითარებით, თითოეულმა მოქალაქემ მეტი სარგებელი მიიღოს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე