
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს კვლავ აგრძელებს - ამჯერად ტურნეს ბალტიისპირეთში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად მართავს.
ტალინში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ამ გადამწყვეტ გზაზე გავმართე მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტ ალან კარისთან. საქართველო ესტონეთის დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის",-დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „ტვიტერზე".
ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან. ესტონეთი მტკიცედ არის მოწოდებული მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წარმატებას მის ევროკავშირის გზაზე!"-წერს ესტონეთის პრეზიდენტი ტვიტერზე.
26 სექტემბერს პრეზიდენტი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რისკევიჩს 27 სექტემბერს კი ვილნიუსში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდება.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" თვლის, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებები და შეხვედრები ცუდი არ უნდა იყოს.
„ალბათ იმავე მიზნებს რა მიზნებსაც ემსახურებოდა მისი წინანდელი ვიზიტები - როგორც ის თავად ამბობს, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების ხელშეწყობას. მაგრამ, რეალურად რას ამბობს და რა მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ. მართლაც ლობირებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებას თუ ცდილობს რომ ეს პროცესი ჩააგდოს.
„მართალია ის აცხადებს რომ ევროინტეგრაციის პირველი ქომაგია, მაგრამ არაფერი არ არის გამორიცხული, ეჭვის საფუძველი რჩება. ის შეიძლება სხვა მისიითაც იყოს ჩასული" - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ ეს ბალტიისპირეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი გაუმჯობესებული გზავნილია.
„როგორც მე ვიცი ასეთი ტურნეს განხორციელების უფლება მას არ ჰქონია, ეს იმ ვოიაჟების გაგრძელებაა რასაც აკეთებდა, სწორედაც ის აგრძელებს თავის წამოწყებულ ავანტიურას. გულახდილად გითხრათ მე უკვე აღარაფერი მესმის მისი და არც ვცდილობ იმის ახსნას, იმიტომ რომ მისი საქციელის მიზეზებზე საუბარი უბრალოდ შეუძლებელია. იგი დარწმუნებულია, რომ ამით კარგს აკეთებს და ბოლომდე მიჰყავს საქმე.
„ბალტიისპირეთთან ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. მე კარგად მახსოვს როგორ დავიწყეთ ჩვენ დამოუკიდებლობის პირველი წლები, ისინი ამას კრიტიკულად უყურებდნენ, საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. მაგალითად, ზვიადის გამო, მაგრამ შემდგომ შეიცვალა მათი პოზიციებიც, ბევრი გავაკეთეთ. ბოლოს ბალტიის ქვეყნები გახდნენ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჩვენი დამოუკიდებლობის - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



