
აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, სულ უფრო ხშირად კეთდება მინიშნებები, რომ მმართველი პარტიის მიერ წამოწყებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას საპარლამენტო ოპოზიციაშიც ჰყავს მხარდამჭერები. შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტისათვის საჭირო 100 ხმის მოგროვებას? ანალიტიკოსები ამაზე წინასწარ ვერაფერს ამბობენ, თუმცა აცხადებენ, რომ წესით პრეზიდენტის გადაყენება არც „ოცნებას“ უნდა აწყობდეს და არც ენმ-ს.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ „ევროპელი სოციალისტებიც“, რაც დამატებით კიდევ 4 ხმაა. შესაბამისად, იმპიჩმენტისათვის კიდევ 12 ოპოზიციონერი დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე უარი თქვა, იგი ხელისუფლების გარდა ოპოზიციის მხრიდანაც მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა. ამის გავლენით კი ოპოზიციის და განსაკუთრებით ენმ-ის თავდაპირველი უარი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე ანალიტიკოსთა და თავად ოპოზიციის ნაწილისთვისაც კი უკვე არც ისე დამაჯერებელი ჩანს.
ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ იმპიჩმენტის შესაძლო მხარდაჭერა ენმ-ს პოლიტიკურად ძალიან ძვირი დაუჯდება და მათ გაუჭირდებათ ამ გადაწყვეტილების ახსნა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.
მეორეს მხრივ კი, ანალიტიკოსთა აზრით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი წესით არ „ქართულ ოცნებას“ უნდა აწყობდეს. თავად ეს პროცედურა კი მათ მხოლოდ იმ მიზნით წამოიწყეს, რომ სამართლებრივად დადასტურდეს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა.
ამ საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოქტომბერს კი 12 საათზე დაიწყება. საბოლოო გადაწყვეტილება კი სასამართლომ 12 ოქტომბრამდე უნდა გამოაცხადოს.
ოპოზიციისა და ხელისუფლების ეჭვები
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლეოსბასა და ენმ-ის ფრაქციის ცალკეულ წევრებს შორის გარიგება შედგეს, რისი პრეცედენტიც უკვე იყო.
„ჩვენი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომლებმაც შეიძლება, ამ მავნებლურ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ, მათი ალიანსი კიდევ ერთხელ დადასტურდეს და თანამდებობიდან ერთობლივად გადააყენონ სალომე ზურაბიშვილი.
„მსგავსი პრეცედენტები ყველას გვახსოვს, როცა რამდენიმე თვის წინ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში მურუსიძის კლანი გააძლიერა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრების დახმარებით. არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა წევრებმა მხარი დაუჭირონ იმპიჩმენტს და ზურაბიშვილი გადააყენონ. პრეზიდენტთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე იმპიჩმენტზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა სამშაბათს ანა ბუჩუკურმა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისათვის საჭირო ხმების მოგროვებას არც დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის გენმდივანი კახა კალაძე გამორიცხავს. მისი თქმით, გამორიცხული არაფერია, რადგან ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს.
„მე არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია იმპიჩმენტი, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა. არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ეს ძალიან ცუდი სიგნალია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც კანონს იცავენ. ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ტიპის მესიჯებს და განმარტებებს, თუმცა, ეს ყველაფერი უფერულდება, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“, - აღნიშნა კალაძემ.
„არც „ოცნებას“ და არც „ნაციონალებს“ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ აწყობთ“
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, წესით, არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა აწყობდეს. მისი აზრით, იმის ალბათობა, რომ ენმ-ში ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერა სურთ, დიდია, თუმცა ეს მათვე დააზიანებს.
„ჩემთვის გაუგებარია პოლიტიკურად, ან ერთს - ხელისუფლებას ვგულისხმობ - და ან მეორეს, „ნაციონალებს“, რაში სჭირდებათ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი. ორივე მათგანს ეს საკმაოდ დააზიანებს. მაინც ვფიქრობ, რომ „ოცნება“ ამას მხოლოდ სამართლებრივი მიზნით აკეთებს და უბრალოდ, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის გამო რეაგირება ამ ფორმით მოახდინეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ თავად ხელისუფლებას მისი იმპიჩმენტი სურს. ეს უბრალოდ არის რეაქცია მის ქცევაზე და საბოლოო ჯამში იმპიჩმენტი არ სურთ.
„ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი დასავლეთის თვალში ძალიან დააზიანებს. ეს გაგებული იქნება ისე, რომ პროდასავლური ორიენტაციის პრეზიდენტი ხელისუფლებამ იმპიჩმენტით მოიშორა თავიდან. დასავლურ წრეებში იმის უფრო მეტი არგუმენტი გაუჩნდებათ, რომ „ოცნება“ პრორუსული ხელისუფლებაა. მით უმეტეს, თუ ეს მოხდა კანდიდტის სტატუსის საკითხის განხილვის წინ. ამიტომ ამ თავის ტკივილის ატეხვა „ოცნებას“ ბოლომდე არ უნდა.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი თუ იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ, პირველ რიგში დასავლეთში მათ მიმართ ისედაც სკეპტიკურად განწყობილ პოლიტიკურ ელიტაში კიდევ უფრო განულდებიან. მათ გაუჭირდებათ ამის ახსნა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ეს განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისთვის იქნება გაუგებარი. ამით ხელისუფლება და ენმ ერთ თამაშში აღმოჩნდებიან, რაც „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის რადიკალური ფრთისთვის სრულიად მიუღებელი იქნება“, - ამბობს საყვარელიძე.
„ენმ-ს ეს ქვეყანაში არეულობისთვის სჭირდება...“
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ არსებობს ალბათობა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ნაბიჯი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერა - მართლაც გადადგას. ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამას ალბათ ისევ იმიტომ გააკეთებენ, რომ აქედან რაიმე სარგებელი ნახონ და ქვეყანაში არეულობის და დაპირისპირების განცდა შექმნან.
„ენმ-ის ხასიათი რომ ვიცი, შესაძლოა „ოცნებამ“ იპოვოს ეს 12 კაცი და ძალიან მარტივადაც იყიდოს. ამის ალბათობა დიდია და ფაქტია, რომ ერთმანეთს თავად პარტიაშიც კი არ ენდობიან. მე არ ვიცი „ოცნებას“ რამდენად აწყობს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, ან რაში აწყობს. თუმცა, დიდია ალბათობა, რინ „ნაციონალებს“ ეს ქვეყანაში დაძაბულობისა და პოლიტიკური არამდგრადობისთვის აწყობდეს.
„მაგალითად, თუ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ, მერე თავიაანთ კანდიდატს დააყენებენ. მართალია, მერე ახალი პრეზიდენტი 300-მა ხმოსანმა უნდა აირჩიოს და იმის ალბათობა, რომ ეს მათი კანდიდატი იქნება, დაბალია, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად აწყობთ. ქვეყანაში მოსახლეობის სხვა რამზე ყურადღების გადასატანად ნამდვილად სურთ.
„ოცნებაც“ და „ნაციონალებიც“ ახლა ერთმანეთს ძალიან დაემგვანენ. ორივეს საერთო ინტერესები აქვთ. ამიტომ გამორიცხვით მე არაფერს გამოვრიცხავ. უბარლოდ ეს ენმ-ს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება, შესაძლოა ამომრჩევლის დაკარგვის ფასადაც კი. ამიტომ რამდენად უღირთ და რაში სჭირდებათ ამხელა რისკზე წასვლა, ეს უნდა გაანალიზონ. სხვაგვარად ენმ 2024 წლის არჩევნების წინ თვითმკვლელობის ტოლფას საქმეს ჩაიდენს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თუ რეალურად შედგა, მაშინ მას შეუძლია 2024 წლისთვის რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მას შეუძლია ამით ე.წ. „მესამე ძალის“ ამომრჩეველზე იმუშაოს. თუმცა, დამოუკიდებლად პარტიის შექმნის შემთხვევაში, ის 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



