თამთა ჩაჩანიძე
(27.09.2023)

ეროკავშირი უკვე კონკრეტულ თარიღს ასახელებს თუ როდიდან შეიძლება დაიწყოს უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკება - ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ამბობს, რომ ეს კონკრეტული დრო ამა წლის შობამდეა. მისი განცხადებით, ევროკავშირმა თავისი ინსტიტუტების რეფორმირება უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ გაფართოების შემდეგი ტალღებისთვის მოემზადოს და ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან ფორმალური მოლაპარაკებები დაიწყოს.

ეს იმ თარიღს ემთხვევა, როცა საბოლოოდ უნდა გადაწყდეს მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ახლა მთელი ენერგია იმაზე უნდა იქნას მიმართული, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, რის შემდეგაც შესაძლებლობების ფანჯარა უფრო ფართოდ გაიღება.

თუმცაღა, აქვე დასძენენ, რომ ქვეყნის წევრობაზე მოლაპარაკება ხანგრძლივია, მაგრამ პროცესის დაწყება უმნიშვნელოვანესია.

როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა „გარდიანთან" ამბობს, ევროკავშირმა ცვლილებების მასშტაბური ტალღა უნდა დაიწყოს.

„ევროკავშირმა ცვლილებების მასშტაბური ტალღა უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ მოემზადოს უკრაინის, როგორც წევრი სახელმწიფოს მიღებისთვის. ამ ცვლილებებში სავაჭრო ტარიფების მოხსნა და კიევისთვის ევროკავშირის ბაზარზე წვდომა უნდა შევიდეს, ევროკავშირში მის სრულ გაწევრიანებამდე", - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

თსუ-ს პროფესორი და საგარეო ურთიერთობების ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ დროისთვის ყველაზე მაქსიმუმი, რაც საქართველომ შეიძლება გააკეთოს, ეს კანდიდატის სტატუსია.

„სამწუხაროდ ჩვენ ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში ვართ, სანამ კანდიდატის სტატუსი არ გვექნება და საქართველოს იმიჯი არ გამოსწორდება, განსაკუთრებით დემოკრატიის თვალსაზრისით, ამაზე სამწუხაროდ საუბარი ვერ იქნება. ახლა მთელი ჩვენი ენერგია იმაზე უნდა იყოს გადართული, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ეს მაქსიმუმია რისი გაკეთებაც დღეს შიძლება.

„დანარჩენი მემგონია არარეალურია, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია. შემდეგ ვნახოთ რა მოხდება უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით. შესაძლოა ისინი ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩნდნენ.

„წევრობაზე მოლაპარაკება ძალიან ხანგრძლივი პროცესია, წლები დასჭირდება, ასე სწრაფად არ მოხდება (წევრობა), მაგრამ თვითონ პროცესის დაწყება უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად არავინ არ იცის მოლაპარაკებებს რამდენი წელი მოუნდება, სხვადასხვა სახელმწიფოს სხვადასხვა დრო დასჭირდა, ბოლოს ხორვატიასთან მოლაპარაკებები ათი წელი გაგრძელდა",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლები ერთს ამბობენ, თუმცა, მისი თქმით, წევრი ქვეყნის ლიდერები, რომლებმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, სხვა გზავნილებს აჟღერებენ, რომ „უკრაინის ინტეგრაცია დაჩქარებული წესით წარმოუდგენელია".

„უკრაინის ევროინტეგრაციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გამოვყოთ - ის, რომ ევროკავშირის რომელიმე სტრუქტურა მომხრეა, რომ უკრაინა დაჩქარებული წესით ევროპულ ოჯახში შევიდეს, ეს ერთია, მაგრამ, მეორეა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები რას ამბობენ. ვგულისხმობ გერმანიას, საფრანგეთს, დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების პოლიტიკურ წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინის ინტეგრაცია დაჩქარებული წესით წარმოუდგენელია და ევროპის გადასახადის გადამხდელებს ძალიან ძვირი დაუჯდება.

„ვგულისხმობ იმას, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით გერმანელი პოლიტიკური აქტორები ამბობენ, რომ უკრაინის ევროინტეგრაციაზე ევროპარლამენტის მომდევნო პოლიტიკური ვადის შემდეგ შეიძლება დალაპარაკება, ეს 2029 წელს გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ძალიან სათუოა, რომ ევროკომისიის სურვილები ასრულდეს, როცა თავად ბრიუსელის მთელი ბიუროკრატიის დამფინანსებლები ევროკავშირის მსხვილი წევრები არიან - გერმანია და საფრანგეთი.

„როცა თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, აქ ერთსულოვანი გადაწყვეტილება უნდა იყოს 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და თუ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას თუნდაც ერთი, ან რამდენიმე წევრი ეწინააღმდეგება, ძალიან სათუო ხდება, რომ ბრიუსელიდან ცალკეული პოლიტიკური განცხადებები რეალობით იყოს ხორცშესხმული. ეს მაფიქრებინებს, რომ განცხადებები და სურვილები ერთია, მაგრამ თავად ევროკავშირის წევრებისა და ბრიუსელის მოწოდებებში სულ სხვა რაღაცა იკითხება.

„არ მინდა, რომ უკრაინელი, ქართველი და მოლდოველი ხალხი ილუზიებში იყვნენ, რომ უკრაინასთან ფორსირებულად იწყება ეს ყველაფერი და საქართველო თითქოს ჩამორჩება, ეს მხოლოდ განცხადებებია და მეტი არაფერი. ვისურვებდი, რომ აღნიშნული ქვეყნები ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება სწრაფად შევიდნენ,მაგრამ, არსებულ რეალობას უნდა გადავხედოთ და წარმოდგენები შემდეგ შევიქმნათ",-განაცხადა ანალიტიკოსმა.

აბაშიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.

„გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ხანგრძლივი პერიოდია, მანამდე ეს მშვიდობიან ქვეყნებთან ხდებოდა და გაიწელა, მაგრამ, უკრაინა, რომელიც სავალალოდ და სამწუხაროდ დანგრეულია, ამდენი ადამიანია დაღუპული, გახიზნული და ყველაფერი ჩამოშლილია, მასთან რეფორმებზე საუბარი ძალიან გაჭირდება. მაგრამ, ამავე დროს ძალიან მკაფიო სიგნალები მოდის, როგორც ევროპული, ისე ამერიკული მედიიდან, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიან პირობებში უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება, როცა ის ევროპაში კორუფციის კუთხით მეორე ადგილზეა რუსეთის შემდეგ.

„ამას დასავლური წყაროები ამბობენ და არა რუსული და ამიტომ აქ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია. ვიცით პროცედურები რაცაა, მრავალმხრივი დარგობრივი მოლაპარაკებებია ამა თუ იმ რეფორმის განხორციელებისთვის, მაგრამ რეალობა სხვაა, რომელიც იმ ჭარბი და ცრუ მოლოდინების საპირწონეა, რასაც ცალკეული პოლიტიკოსები ქმნიან, თუნდაც კიევში და თუნდაც ბრიუსელში.

„საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე შურყევლად დგას, ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი პრეტენზია, რომ ესა თუ ის საკითხი არ შესრულდა, დეზინფირმაცია და მანიპულაციაა და მეორეც, რეფორმების შესრულებას გარკვეული დრო სჭირდება, ისევე, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ხდება. არ შეიძლება ქვეყანა ფორსირებულად იმაში დაავალდებულო, რისი შესრულებაც ამ ვადებში წარმოუდგენელია.

„მანიპულაციებს, დეზნიფორმაციებს აქვს ადგილი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება პოლიტიკური ნებით ხდება და არა დამსახურებით, რაც ჩვენ შარშან ვიხილეთ. როგორც საქართველოს ხელისუფლება და ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური აქტორები ამბობენ, ევროკავშირმა შარშანდელი შეცდომა არ უნდა გაიმეოროს და კრემლის დესტრუციული პროპაგანდა არ უნდა გაახაროს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე