
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ დასკვნას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მოამზადებს, მანამდე კი სასამართლო მსჯელობს დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია, როცა მან ევროტურის ფარგლებში საერთაშორისო შეხვედრები საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე გამართა.სხდომის მეორე დღეს ბრალდების მხარესა და პრეზიდენტის წარმომადგენელს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
პროცესის პოლიტიკური შეფასება კვლავ აქტიურად გრძელდება, „ოცნება" ზურაბიშვილს „პრეზიდენტობის ღირსად აღარ მიიჩნევს", ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და „იმპიჩმენტის პროცესი ფიქციაა".
განხილვის მეორე დღესაც „ქართული ოცნების" დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტები საზღვარგარეთის ქვეყნებში. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები კი ამტკიცებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია ანიჭებს ამ უფლებამოსილებას. სხდომის პირველ დღეს 3 ოქტომბრის დისკუსიების დიდი ნაწილი კონსტიტუციის 49-ე მუხლთან დაკავშირებით მიდოდა.
წესის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიმართვიდან ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასკვნა, ცხრა კაციანმა მოსამართლეთა პალატამ უნდა დაადგინოს დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გიორგი თევდორაშვილის თქმით, დასკვნა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მზად იქნება.
„სასამართლო დასკვნას მოამზადებს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ერთთვიან ვადაში. ბუნებრივია, ერთი თვე სარჩელის სასამართლოში შემოსვლიდან აითვალა და ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის, 14-15 ოქტომბრისთვის დასკვნა წესით მზად უნდა იყოს სასამართლოში. რაც შეეხება იმ შეფასებას, არის თუ არა ეს საქმე იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის მასალა, მხარეებს აქვთ უფლება, რომ შეფასებები გააკეთონ", - განაცხადა თევდორაშვილმა.
3-4 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ მოსამართლეთა 9 კაციანი კოლეგია, საკონტიტუციო წარდგინების ავტორები, უმრავლესობის დეპუტატები, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოთხშაბათის სხდომასაც არ ესწრებოდა, პრეზიდენტის უფლებებს მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავდნენ.
რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში
საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას, ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩუგოშვილმა კობახიძეს კითხვებზე პასუხი შეაწყვეტინა და მოსამართლეებს მიმართა, თქვა, რომ ირაკლი კობახიძე ერთი და იმავეს იმეორებს და მისი პასუხები აბსოლუტურად აცდენილია კითხვებს.
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი დაინტერესდა, მიეცემოდა თუ არა მას კობახიძის მსგავსად 3 საათი საუბრის, "სატელევიზიო მესიჯებისა და ლექციების წაკითხვის" საშუალება. ჩუგოშვილის კითხვამ კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია.
„გარკვევა მინდა იმის, ჩვენც მოგვეცემა თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ სამი საათის განმავლობაში ვიკითხოთ ლექციები, ვიმეოროთ ერთი და იგივე, ჩვენ არ ვდემაგოგობთ, მაგრამ საქმესთან დაკავშირებული-არა დაკავშირებული, ლექცია, სატელევიზიო „მესიჯები" ვისაუბროთ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
„ერთი წინადადება ახსენეთ, რომელიც იყო სატელევიზიო "მესიჯი" ან ლექცია. მითუმეტეს, არც პოლიტიკოსი ხარ. პოლიტიკოსი რომ იყო, კიდევ გეპატიება, მაგრამ არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი. საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყავი და ერთ სამუშაო შეხვედრას არ დასწრებიხარ. სირცხვილია. ღირსების ამბავია ეს ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩუგოშვილმა განმარტა რაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში იმ ვიზიტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, რომელთა გამართვის თაობაზეც მას მთავრობისგან ნებართვა არ ჰქონია.როგორც მან განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრებზე საუბრისას იხელმძღვანელა იმ სასაუბრო თემების ჩარჩოთი, რომელიც ასეთი შემთხვევებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს შედგენილი.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრებისას სალომე ზურაბიშვილს ევრორეკომენდაციების შესრულების თაობაზე არ უსაუბრია, რაზეც მას „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შემდეგი რეპლიკით მიმართა: „იქ არ უთქვამს, რომ მთავრობა ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს?". კობახიძემ ჩუგოშვილის გამოსვლასთან მიმართებით თქვა, რომ „ეს არასერიოზულია".
ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ევროპაში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა ორ თემაზე - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობასა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.
„შეხვედრა გერმანიაში 2023 წლის 31 აგვისტოს, პრეზიდენტის სასახლეში - ამ შემთხვევაში მას არ დახვედრია საქართველოს ელჩი. შეხვედრა გრძელდებოდა 40-დან 60 წუთის განმავლობაში. გერმანიის პრეზიდენტისთვისაც ცნობილი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი მარტო ჩადიოდა, გერმანიის პრეზიდენტმა ის მიიღო სათანადო პატივით და პროტოკოლის წესის სრული დაცვით. რაც შეეხება შეხვედრის შინაარს, როდესაც პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებიან, ამინდზე ხომ არ ისაუბრებენ, უნდა ისაუბრონ საკუთარ ქვეყნებზე, ეს ხომ ლოგიკურია? უნდა ისაუბრონ მათი ქვეყნის ინტერესებზე.
„პრეზიდენტი სამივე შემთხვევაში, მათ შორის გერმანიაში, საუბრობდა იმ სასაუბრებიდან გამომდინარე, რომელიც არის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული. ევროინტეგრაციის თემატიკაზე საგარეო საქმეთა სამინისტროდან აქვს პრეზიდენტს სასაუბრო, თუ მისი განახლება ხდება, საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ უწყებები ინფორმირებულები იყვნენ განახლებული „მესიჯების" შესახებ. ეს სასაუბროები არის ის, რასაც პრეზიდენტი თითოეული შეხვედრის დროს იყენებს. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც საუბრობს, არის იმ ხაზის ფარგლებში, რაც აღმასრულებელ ხელისუფლების მხრიდან არის განსაზღვრული, როგორც გზავნილი",- განაცხადა ჩუგოშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის განცხადებით კი, პრეზიდენტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება მთავრობის თანხმობას გულისხმობს და პოლიტიკურ შედეგს ითვალისწინებს, პრეზიდენტის ევროპული ვიზიტების მიზანი კი არა ახალი პოლიტიკის განსაზღვრა, არამედ ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერა იყო.
კოპალეიშვილმა განმარტა, რომ ვიზიტებისას საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს მთავრობის მიერ უკვე გაცხადებული პოლიტიკით, რომლის შესახებაც ხელისუფლებამ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული განაცხადი წარადგინა.
„წარმომადგენლობის უფლებამოსილება 52-ე მუხლის „ა" ქვეპუნქტის ფარგლებში გულისხმობს მთავრობის თანხმობით წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი კი, გულისხმობს სახელმწიფოს წარმოდგენას, როგორც სახელმწიფოს მეთაურის და არა იმ გაგებით, რომ პოლიტიკურ შედეგებზე იყო საუბარი. როდესაც ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად განახორციელა ვიზიტები, ისინი მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა და არა იმისათვის, რომ პოლიტიკური შედეგი დაედო.
„საქართველოს პრეზიდენტი ამ სამ ვიზიტთან დაკავშირებით, დავარქვათ ევროპული ვიზიტები, რომელიც მოყვანილია წარდგინებაში, თავისივე განცხადებით, რომელიც თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 2023 წლის 30 აგვისტოს, აღნიშნავს, რომ ის იწყებს სწორედ ამ ვიზიტებს ევროინტეგრაციის კურსის მხარდასაჭერად.
„აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს არა ახალი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, ან ახალი პოლიტიკის შესაქმნელად, ან შესაცვლელად, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გაცხადებული პოლიტიკით, რომლის შესახებაც მთავრობამ 2022 წლის 3 მარტს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული განაცხადი წარადგინა და რომელთან მიმართებითაც, როგორც ვიცით და როგორც მთავრობა საუბრობს - მუშაობს",- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
„რეალურად, ასეთ ერთგვარ ჩიხში, რა თქმა უნდა, შესული ვართ, ძალიან დიდი ხანია. 2012 წლიდან ვართ შესული იმიტომ, რომ მთავრობაა პასუხისმგებელი საშინაო-საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე. მთავრობას მიაჩნია და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ამაში ხელი ეშლება საქართველოს პრეზიდენტისგან, განსაკუთრებით ეს ეხებოდა 2021-22 წლებში და მიმდინარე წელს. ეს პოლიტიკური სირთულე უკვე სახეზეა, როგორც არ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, როდესაც უპასუხა პლენუმის ერთ-ერთი წევრი მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის შეკითხვას, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა არ განხორციელდა, ერთგვარ ჩიხში ხომ არ შედის სახელმწიფო.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, პრეზიდენტს, კონსტიტუციის დარღვევის დროს, ოპოზიციის იმედი ჰქონდა.
„ჩვენ, კიდევ ერთხელ, შეგვიძლია აქაც ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი პოლიტიკური კუთხით არ არის ის, რომ ეს იმპიჩმენტში შეიძლება წარმატებით დასრულდეს, იმიტომ, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, პრეზიდენტს ჰქონდა ოპოზიციის იმედი, როდესაც კონსტიტუციას არღვევდა, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. ამიტომ, რა თქმა უნდა,ეს მოცემულობა დარჩება.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომც არ დაადგინოს, ჩვენ, ჩვენი პოზიცია უკვე გვაქვს დაფიქსირებული, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ჩვენი პოზიციით არ არის პრეზიდენტობის ღირსი. არის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოები, მთავრობა, პარლამენტი, ჩვენ წარმოვადგენთ საპარალამენტო უმრავლესობას, არა პარლამენტს, ანუ ჩვენ ხელშია გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ წარმოვადგენთ პარლამენტის 80 წევრს და აქაც საინტერესო რა არის - ჩვენ გვაქვს შესაბამისი მანდატი მინიჭებული და სწორედ ამ მანდატის გამო ირჩევენ დეპუტატებს"-განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ 2018 წელს, როდესაც პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩეს კონკრეტული კრიტერიუმებით გამოუცხადეს მას მხარდაჭერა.
სხდომის დასრულების შემდეგ კი უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთ მოსამართლეს არ უთქვამს მტკიცებით ფორმაში, რომ მმართველი გუნდის პოზიცია არ არის არგუმენტირებული და მტკიცებულებებით გამყარებული.
„მოსამართლემ თქვა, რომ მას სჭირდება ამ მსჯელობის ფარგლებში კიდევ არგუმენტები, რომელიც მას საბოლოოდ, შესაძლებლობას მისცემს, გადაწყვეტილებაში გამოსახატად შესაბამისი აზრი შეიქმნას. ეს სავსებით ლოგიკურია. თითოეული მოსამართლე ამ ინტერესით არის დღეს აქ შეკრებილი, რომ ყველა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდოთ. განხილვის არსი ეს არის," - აღნიშნა ოხანაშვილმა.
პოლიტიკური გამოხმაურებები
ზოგადად, მთელი ეს იმპიჩმენტის პროცესი არის ფიქცია, რადგან კონსტიტუციური სამართლებრივი საფუძველი იმპიჩმენტის პროცედურას არ აქვს. ეს პროცესი უნდა შეფასდეს როგორც სამართლებრივად პოლიტიკური ფიქცია,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცედურით ხელისუფლების მიზანია ერთის მხრივ საზოგადოების ყურადღების გადატანა, მეორე მხრივ კი პრეზიდენტის წარმოჩენა, თითქოს ის ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის იბრძვის.
„ეს პროცესი უნდა შეფასდეს როგორც სამართლებრივად პოლიტიკური ფიქცია. სამწუხაროდ, პატარ-პატარა ორ პროცენტიან პარტიებს აქვს ეს ცდუნება, რომ მუდმივად „ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულონ რამეში და აქ ამ შემთხვევაში ფოკუსი ცალსახად გასასწორებელი აქვს ყველას, რადგან ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ის რომ დღეს „ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში და პრაქტიკულად რუსულ პოლიტიკას ასრულებს ქვეყანაში, ამიტომ ამ სამართლებრივ ფიქციაში და ამ პროცედურებში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
„ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ" - პარლამენტში საერთოდ არ შევდივართ სხდომაზე. ყველას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ სხდომაზე და ნუ მიიღებენ მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის თამაშებში",- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის არ სჯერა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საჯარო პირები კონსტიტუციის დაცვის მაგალითები უნდა იყვნენ.
„საჯარო პირი კონსტიტუციას საჯაროდ თუ არღვევს, რა თქმა უნდა, ყველამ პასუხისმგებლობაც უნდა გაითავისოს", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
რაც შეეხება კითხვას, აისახება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატიის ნაწილია, რადგან სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა სამართალში.
„ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ დემოკრატიის ნაწილის აღსრულებაში. ასე რომ, ბევრ ქვეყანაში მათ შორის, ამერიკაშიც რამდენჯერმე ყოფილა დაყენებული პრეზიდენტების იმპიჩმენტის საკითხი და ამას დემოკრატიისთვის ხელი არ შეუშლია", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
უმრავლესობის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში 4 ოქტომბრის პროცესმა დაგვანახა, რომ „არგუმენტები, რაც მმართველ გუნდს ჰქონდა იმპიჩმენტის დასაწყებად, საფუძვლიანი და ძალიან სერიოზული იყო".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



