
75 მომხრე - 23 წინააღმდეგი. "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" მას შემდეგ დააინიცირა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
"ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტი გააპროტესტა ოპოზიციამ. ოცნების პასუხი კი ასეთია, რომ უსაფრთხების სამსახურის განცხადებები მოსალოდნელ საფრთხეებს უკვშირდება და ეს საკანონმდელო ინციატივაც ემსახურება ზიანის დადგომის პრევენციას.
"პროვოკაციებს და მკვლელობებს ვერ დაველოდებით და შემდეგ ვერ დავიწყებთ რეაგირებას"- განაცხადა სხდომაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
კანონპროექტის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. იწვევს საწარმოს დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" შეტანილი რეგულაციები არის ბუნდოვანი და წინასწარი ცენზურა, ამიტომ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ უარი თქვას კანონის მიღებაზე, რადაგან ეს ცვლილებები გაცილებით მძიმე პროტესტს გამოიწვევს. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ მმართველ გუნდს კარვების და რევოლუციის ეშინია.
"თქვენ გვთავაზობთ, ბუნდოვან რეგულაციას, რაც თვითნებობის საშუალებას მოგცემთ ყველა აქციაზე, ყველა პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში. ეს არის ზუსტად დიქტატურის ძირითადი დამადასტურებელი ნიშანი. ხელისუფლების მხრიდან მწვავე სურვილი, რომ ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა.
"როდესაც ბალანსი, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის უსაფრთხოების სასარგებლოდ იცვლება, ეს ნიშნავს ქვეყანაში დიქტატურა მყარდება. მგონი სჯობს დაფიქრდეთ და ამ კანონზე უარი თქვათ, რომელიც გაცილებით მძიმე პროტესტს გამოიწვევს"- აცხადებს ოპოზიცონერი დეპუტატი თამარ კორძაია.
"ოცნების" განმარტებით კი კანონპროექტით იზღუდება მხოლოდ ისეთი შემთხვევები, როცა საუბარია არამართლზომიერ, არაგონივრულ ფორმებზე. ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციას არგუმენტები არ აქვს და პიარულად "ახალი ტალახის მიზეზებს ეძებს".
შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას აფასებენ ანალიტიკოსები. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიღებით, ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს მანიფესტაციის ეფექტი.
"რატომ ამკაცრებს ხელისუფლება კანონს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" იმიტომ, რომ კარგად ახსოვს 8-9 მარტის მოვლენები, როცა იყო მძლავრი პროტესტი;
" ხელისუფლებას აღელვებს, რომ დიდი ალაბთობით დეკემბერში საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ხალხი ქუჩში გამოვა, უფრო დიდი პროტესტი იქნება. ამ გზით უნდა შეზღუდოს მანიფესტაციის ეფექტი. მაგრამ არ იცის, რომ ამ კანონის მიღებით ხალხი უფრო გაღიზიანდება. ხელისუფლება თვითონ მიდის კონფრონტაციაზე, როცა ასეთ კანონს იღებს და პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებს" - განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.
ექსპერტი პატრე მამრაძე კი მიიჩნევს, რომ კანონის მიღება აუცილებელია.
"კანონის მიღება აუცილებელია, ვფიქრობ, დაგვიანებლიც არის, რადგან დიდი ხანია ბოროტად გამოიყენება ეს ტაქტიკა, რომ მოიყვანენ 200 კაცს და მთლიანად გადაკეტავენ ქუჩას, პერფორმანსი და "კარწინკა" რომ დაიდგას, კარვების ქალაქი კი საერთოდ მიუღებელია.
"დროა აღმოიფხვრას ასეთი მცდელობები კანონის მიხედვით. კანონის გამკაცრება არავითარ კავშირში არ არის სიტყვის თავისუფლების აკრძალვასთან. ცვილიზებულ ქვეყნებში მსგავსი ქმედებები მიუღებელია, პიკეტირებაც არის მსვლელობაც, მაგრამ, მშვიდად, უჭირავთ ხელში ლოზუნგები და არაფერს არ არღვევენ.
"ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკურმა პარტიებმა კარგად იციან, რომ ქუჩის გადაკეტვას, არეულობას საზოგადოება მკაცრად აფასებს. რადგან, თუ ჩემ ცხოვრებას აფერხებ, ამას არავინ მოითმენს ევროპაში.
"ვფიქრობ, ეს კანონი იმუშავებს, თუ ხელისუფლების მხრიდან კანონის აღსრულება მოხდება კორექტულად. პოლიცია კანონს ზუსტად დაიცავს"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



