თამთა ჩაჩანიძე
(05.10.2023)

ოპოზიციური პარტიები ცალკ-ცალკე ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერენ და „ოცნებას" 100 ხმის მოგროვებაში არ დაეხმარებიან, თუმცა ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ და არ გამორიცხავენ, რომ მმართველი პარტია გარკვეულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს გაურიგდა. როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, იმის გამო, რომ კენჭისყრა ფარულია, ხელისუფლებას ხმების მოგროვების მეტი შანსი აქვს, თუმცა ოპოზიციისთვის გამოსავალი ის იქნება, რომ კენჭისყრისას დარბაზში საერთოდაც არ შევიდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტზე დასკვნას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მოამზადებს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ევროტურით, რომელიც მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა, კონსტიტუცია დაარღვია, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და იმპიჩმენტი საბოლოოდ პარლამენტმა უნდა გააფორმოს, რასაც მინიმუმ 100 ხმა სჭირდება.

„ქართულ ოცნებას" უმრავლესობაში „ხალხის ძალის" ჩათვლით 84 დეპუტატი ჰყავს, დიდია ალბათობა იმისა, რომ „ევროპელი სოციალისტების" 4 დეპუტატი უმრავლესობის პოზიციას გაიზიარებს, ამიტომ „ოცნებას" ოპოზიციიდან 12 ხმა დასჭირდება პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად.

„გამარჯვების პლატფორმის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლიდან" და „ნაციონალური მოძრაობიდან" ნულია შანსი, რომ ვინმემ ხმა მისცეს იმპიჩმენტს. მას ეჭვი აქვს და არ გამორიცხავს, რომ „ოცნებამ" გახარიას პრტიიდან ვინმე გადაიბიროს.

„კენჭისყრაზე თუ არ ვართ, (როგორ) შეგვიძლია ხმა მივცეთ? როგორ, ასე, გარედან, ჰაერიდან მისცემსო? გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ, რომ სხვა მისცემს ხმასო, მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა. იმდენად აუტანელია მათი ეს განცხადებები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ხომ კარგად ხართ საერთოდ? თუ ხმის მიცემა გინდათ, სხვა ნუ კი აბრალებთ, წადით და მიეცით ხმა. ხალხი გაიგებს, რომ ბიძინას თამაში თქვენც ხართ. აი, ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ გახარია ბიძინას თამაშია, ეს სისულელეები, რასაც ბოდავენ. კიდევ ვამბობ, „სტრატეგია აღმაშენებლიდან" და „ნაციონალური მოძრაობიდან" ნულია შანსი, რომ ვინმემ ხმა მისცეს. ამ ადამიანებს იქნებ აუხსნათ, რომ ამდენი ლაპარაკით, თავს იწვავენ. მგონი მართლა უნდათ ხმის მიცემა და ამით გაირკვევა, საბოლოოდ, რომ ეგენიც ბიძინას თამაში არიან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თავად პარტია „საქართველოსთვის" კი ხელს ენმ-სკენ იშვერს, პარტიის წევრი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ „ნაცები" და „ქოცები" ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ" და ერთობლივად ცდილობენ გიორგი გახარიას გუნდის „ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში", რათა პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალონ.

„მინდა განცხადება გავაკეთო "ოცნების" და "ნაცების" პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ დაწყებული, ერთობლივად დაგეგმილ ტყუილსა და ჭორზე დაფუძნებული პროპაგანდის შესახებ. "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", ეს ორი ერთმანეთზე უარესი წარსულის პარტია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის და "ნაცები" და "ქოცები" ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, რომ შეიქმნან შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას. ჩვენ გვინდა ვუთხრათ მათ ორივეს, გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს!

„ცდილობენ ისე დაგვანახონ, თითქოს არაფერ შუაში არიან, არ შედიან სხდომაზე და იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ აპირებენ, რეალურად, როგორც ჩანს, იქ სხვა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფარულად. თუკი ვინმე "ოცნების" მხარდამჭერი შეიძლება გახდეს ამ საქმეში, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და ცდილობენ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას, ჩვენზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, თითქოს ვაპირებთ "ოცნებას" დავეხმაროთ იმპიჩმენტში, ასეთი შანსიც კი არ არსებობს, რომ ვინმემ ხმა მისცეს ჩვენი მხრიდან იმპიჩმენტს," - განაცხადა დაუშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანასთან" აცხადებს, რომ ოპოზიციამ ერთმანეთის გადაბრალებები და მათთვის დამაზიანებელი პროცესები თავიდან რომ აირიდოს, კენჭისყრისას დარბაზში საერთოდაც არ უნდა შევიდნენ.

„კენჭისყრა ფარულია. ღია რომ იყოს, ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ რადგან დახურულია, ოპოზიციამ მოულოდნელობა, უხერხულობა და შემდგომ ერთმანეთზე ხელის გაშვერა რომ თავიდან აირიდოს, შეიძლება რეგისტრაცია გაიარონ, მაგრამ ვთვლი, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ და დარბაზი დემონსტრაციულად დატოვონ. ეს იქნება შანსი იმის, რომ ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა თავიდან ავირიდოთ - ის პროცესი რაც ახლა მიდის, რომ წინასწარ ისმის ერთმანეთზე გადაბრალება და ა.შ.

„საქართველოში ოპოზიციის, ხელისუფლების და ზოგადად ფიცი არაფერს არ ნიშნავს, ამიტომ ოპოზიციისთვის დამაზიანებელი პროცესები რომ არ დაიწყოს, სჯობს, რომ დარბაზში საერთოდ არ შევიდნენ, თუმცა პარლამენტის შენობაში უნდა იყვნენ. ეს ყველაზე სწორი პოზიცია იქნება", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის განხილვებიდან გამომდინარე, იკვეთება თუ არა კონტურები სასამართლოს საბოლოო დასკვნაზე, ძაბირაძემ გვითხრა:

„რთული სათქმელია, ძალიან მინდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მაინც აღმოჩნდეს მოწოდების სიმაღლეზე და იმპიჩმენტის პროცედურა საკონსტიტუციო სასამართლოშივე დასრულდეს. მთლიანი პროცესისთვის თვალის მიდევნება რა თქმა უნდა გამიჭირდა, მაგრამ რასაც ვუსმინე, იმის ალბათობა, რომ იმპიჩმენტს გამოუცხადებენ, საკმაოდ მაღალია.

„დახურული ხმის მიცემისა და ოპოზიციის დარბაზში ყოფნის პირობებში „ოცნებას" ხმების შეგროვების გაცილებით მეტი შანსი აქვს. თავად ოპოზიციაში რაღაც სუსტი წერტილებია, რომლის გამოყენებასაც ხელისუფლება ფიქრობს და ცდილობს კიდეც, ამას მათ შორის ოპოზიციაც უშვებს, რომ შესაძლოა ასეთი რამ მოხდეს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე