
ენმ-ის ყოფილი თავჯდომარე და პარტიის მოქმედი წევრი 7 ოქტომბერს თანამოაზრეებთან კონსულტაციების გამართვას აპირებს, სადაც განიხილავენ ბრძოლის გაგრძელებას როგორ აპირებენ. ამის პარალელურად მელია „ნაცმოძრაობის" მოქმედ მენეჯმეტს მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი „ოცნების" თამაშს თამაშობენ. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მელიამ ცალკე ფლანგი შექმნას და წაიყვანოს ისინი, ვინც აშკარად მისი გულშემატკივარია, ასევე მათ შორის ის ხალხისც ვიხილოთ, ვინც დღეს მის მიმართ აშკარა მხარდაჭერას არ გამოხატავს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მელიას და გვარამიას ერთობას არ გამორიცხავს, თუმცა მიაჩნია, რომ შეიძლება გვარამია სხვა გზით წავიდეს და ენმ-ის თავმჯდომარეობა სურდეს.
„მელიას თანამოაზრეები ისინი არიან, ვინც მედიაში მის მხარდამჭერებად ჩანან, შესაძლოა არიან სხვებიც, ვინც ჯერჯერობით აშკარა მხარდაჭრას არ ამჟღავნებს და 7 ოქტომბერს ისინიც ვიხილოთ. არ გამოვრიცხავ ნიკა გვარამიასაც. მაგრამ მგონია, რომ ის უფრო სხვა გზით მიდის - მას ხაბეიშვილის ჩაჩოჩება სურს და ის, რომ პარტიის თავმჯდომარე თავად გახდეს. გვარამია ქულებს უფრო მიხეილ სააკაშვილთან იწერს და შესაძლოა ძებნილ კეზერაშვილთან გარკვეული მოლაპარაკებებიც კი აქვს.
„7 ოქტომბრის შეხვედრა დაქუცმაცებული ენმ-ის მხრიდან მორიგი პოლიტიკური წყლის ნაყვა იქნება - რა უნდა გააკეთონ, ისევ პარლამენტის უკანა მხარეს უნდა შეიკრიბნენ?! (იმიტომ, რომ წინა მხარეს შესამჩნევია პროტესტი მასობრივია თუ არა) ისევ უნდა იყვირონ, წინ და უკან სასტვენებით ირბინონ, მორიგი მუქარები გამოსცენ თუ ახალი ე.წ. ალტერნატიული ხელისუფლება შექმნან?!
„ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მხოლოდ დესტრუქციაზე არიან ორიენტირებულები. ბოლო პერიოდში რამდენი არჩევნები იყო (ცალკეულ ოლქებში შუალედურს და ვადამდელს ვგულისხმობ), არსად კანდიდატი არ წამოუყენებიათ, მშვენივრად იციან, რომ ვერ გაიმარჯვებენ და მათი მთელი აქცენტი რადიკალიზმზე და დესტრუქციაზეა გადატანილი.
„ამასთან ელექტრონული არჩევნების გაქილიკება დაიწყეს, რომელიც საქართველოს ისტორიაში უნიკალური იქნება და 2024 წელს დაინერგება. ვითომ რეპუტაციას ულახავენ, ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ, რომ პროგრესის წინააღმდეგები არიან და რადიკალიზმზე არიან ორიენტირებულები.
„ლუზერების შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, იქნება ეს გახარიას თუ მამუკა ხაზარაძის ორბიტა არანაირი აზრი არ აქვს. ეს სუბიექტები არჩევნებისთვის რადიკალიზმით და დესტრუქციით ემაზდებიან და არანაირი ნორმალური საარჩევნო პროგრამა არ აქვთ, ამით არსებულ მხარდამჭერებსაც კარგავენ და ისევ იგივე მინი-სერიალს ვიხილავთ, როცა იკრიბებიან, იმუქრებიან, გარეთ დარბიან თითქოს გადატრიალებას აწყობენ, მაგრამ შემდეგ ისევ ლუზერები ხდებიან, როგორც ქართული საზოგადოების, ისე უცხოელი დამკვირვებლების თვალში. მელიას ე.წ. ახალ ორბიტას დიდი სერიზულობით არ განვიხილავ", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
7 ოქტომბერს, თანამოაზრეებმა, ადამიანებმა, ვისაც ქვეყნის უკეთესი მომავალი გვინდა, ვისაც გვინდა ცვლილება და „ქართული ოცნების" მმართველობის სისტემის დემონტაჟი, დავნიშნეთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომ განვიხილოთ როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" ახალი მენეჯმენტი საკონსულტაციო შეხვედრის დღეს, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს, რაც „ქართული ოცნების" ხელწერაა.
„პარტიის მენეჯმენტი, რომელსაც გამარჯვება მივულოცე, მიუხედავად ბინძური მეთოდებით, ფარული ჩანაწერებითა და სხვა გამოვლინებებით „ოცნების" სტილში ჩატარებული კამპანიისა, ვუსურვე ღირსებითა და სიმართლით მართვა - ვიცოდი ძალიან დასჭირდებოდათ, ღირსებისა და სიმართლის დეფიციტი ექნებოდათ.... ამ მენეჯმენტმა მოსვლიდან 5 დღეში დაივიწყა თავისი დაპირება, დაპირება რომელზეც ბევრი ემოციური, ერთგული მხარდამჭერი წამოაგო, უთხრა, რომ მიშას თავისუფლება, რეჟიმის შეცვლის გარეშეა შესაძლებელი.
„გავიდა 9 თვე და არ გვინახავს ერთი გადაკეტილი ქუჩა, არ გვინახავს ერთი მასშტაბური აქცია. ბოლო უმასშტაბო აქცია კი „ვივამედთან" 3 თვის წინ ვიხილეთ. და ახლა, როდესაც ადამიანებმა, რომელთაც ქვეყანაზე, ცვლილებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეზე შეგვტკივა გული - გადავწყვიტეთ შეკრება, დაინიშნა ბათუმში „აქცია". საკრებულოს წევრებს მისდით შეტყობინებები, მიშას თავისუფლებისათვის მსვლელობააო... სწორედ ასე იქცევიან ერთობის შენარჩუნებისა და დისკუსიის ყველა მცდელობისას.
„დიახ, საკონსულტაციო შეხვედრის დღეს, ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებული, დასვენებული და გარუჯული „ახალი მენეჯმენტი" მართავს აქციას, მიშას თავისუფლების მოთხოვნით... ყოველივე ეს, მხოლოდ ერთ რამეს მახსენებს, „ოცნების" ხელწერას, ხელისუფლების კონტრაქციას ბუნებრივ პრეტენზიებზე, არ აგარევინებთო, გვეუბნებიან, „ოცნებიდან" „გრეჩიხა" და „ნაციონალური მოძრაობიდან" ჩრდილოვანი მმართველები...
„სიმართლე ფულზე ძლიერია, ღირსება კი ან გაქვს, ან არა... ერთობაზე საუბრობდე და გახლეჩის მეტს არაფერს აკეთებდე, „ოცნების" საოცნებო თამაშია... ძალა მართალი და პრინციპული ადამიანების ერთობაშია", - წერს ნიკა მელია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



