
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსკოვთან ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც ახლო მომავალში ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსს" ეუბნება, ამაში რუსეთის რამდენიმე მიზანი იკითხება - პირდაპირი ზეწოლა ქართულ მხარეზე, კავკასიის რეგიონში გავლენების შენარჩუნების მცდელობა და უკრაინასთან ომში შავი ზღვიდან პოზიციების გაძლიერება.
ამასთან, მაისაია არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს აშშ საქართველოში სამხედრო ბაზის გახსნას აპირებდა, თავად რუსული ფსიქოლოგიური ომის ნაწილი იყოს და კრემლისგან ყოფილიყო შემოგდებული, რათა შემდეგ ამის საპირწიონედ ოჩამჩირის გეგმები გაეჟღერებინათ.
„ოჩამჩირეში ბაზის გახსნაში რუსეთს სამი გეოსტრატეგიული მიზანი ჩანს - შავი ზღვის ფლოტის სამხედრო საბრძოლო ხომალდებს ოჩამჩირეში გადმოიყვანს, ამით აარიდებს ფლოტს, რომ უკრაინელების დარტყმის ქვეშ მოხვდნენ, ოკუპირებულ აფხაზეთს ფაქტიურად რუსეთ-უკრაინის ომის ეპიცენტრში მოაქცევს. მეორე მიზანია საქართველოს პირდაპირი ზეწოლა და ანაკლიის პორტის მშენებლობის დაბლოკვა, ამით რუსები ჩინეთსაც კი უპირესპირდებიან. რუსეთს ტავრიის პორტი აქვს და ბუნებრივია ანაკლიის პორტის აშენება თუნდაც დღევანდელი მისთვის საურველი მმართველი პოლიტიკური ძალის მიუხედავად, საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, მათ შორის სამხედრო და პოლიტიკური ხასიათით.
„რუსეთის მესამე მიზანი კავკასიის რეგიონში თავისი სამხედრო პოზიციის გაძლიერებაა. მას ყარაბაღის ამბების მერე, გავლენები შეუსუსტდა. ოჩამჩირის ტერიტორიიდან ჰიპოთეტურად რუსეთს შეუძლია კავკასიის ნებისმიერ სახელწიფოს მისწვდეს, ეს სომხეთი იქნება აზერბაიჯანი თუ ნებისმიერი სხვა. რუსებს სეპარატისტული რეჟიმი ფაქტიურად ხელში ჰყავთ და მათთვის ამ პროექტის განხორციელება პრობლემა არაა. აფხაზი მოსახლეობის განწყობები არ ვიცი, რამდენად უნდათ ბაზა.
„არ გამოვრიცხავ, რომ ბაზის განთავსების შემთხვევაში უკრაინამ საზღვაო დრონებით იერიში მართლაც მიიტანოს. ასევე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რუსეთმა სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ოპერატიული სარეზერვო მართვის ცენტრი ოჩამჩირეში გადმოიტანოს. ეს რუსეთის მხრიდან ქართულ მხარეზე პირდაპირი ზეწოლაა, ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ამ თემაზე მეტი კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა დღევანდელმა ხელისუფლებამ ანტიამერიკული რიტორიკა დაიწყო", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელა ინფორმაცია თითქოს აშშ-ს საქართველოში სამხედრო ბაზის გახსნა სურდა, ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც უარყო და ამერიკის სახდეპმმაც. მაისაია არ გამორიცხავს, რომ აშშ-ს ბაზაზე ინფორმაცია რუსეთმა საგანგებოდ შემოაგდო, რათა ამის საპირწონედ ოკუპირებულ აფხაზეთში თავის გეგმებზე დაუფარავად ესაუბრა.
„ჩავთვალოთ, რომ რუსეთმა წითელი ფეიკ-ნიუსი შემოაგდო, რადგან თუ აშშ რეალურად რამეს აპირებს, ამის თქმას არც მოერიდებოდა. მგონია, რომ რუსებმა ამერიკული სამხედრო ბაზა თავად მოიგონეს, რადგან ოკუპირებული აფხაზეთში ბაზა ჰქონდათ გეგმაში. როგორც მახსოვს, პრორუსული ძალებისგან მანამდეც გავრცელდა ეგეთი ვარიანტი, რომ თითქოს აშშ-ს თავდაცვის მინისტრი იმიტომ ჩამოვიდა, რომ ამერიკული სამხედრო ბაზის საკითხი დააყენა", - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება", - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. მან თბილისთან ურთიერთობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ თანამშრომლობა მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში არსებობს.
„ურთიერთობა ხდება ერთი მიმართულებით - ეკონომიკის კუთხით, ენგურჰესი. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ამ სადგურზე, კაშხალი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, თავად სადგური კი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, ჟენევის დისკუსიების გარდა, კონტაქტები პრაქტიკულად არ არსებობს", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა.
მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები „პრაგმატისტები" არიან.
„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს, და არა საქართველოს პრეზიდენტს, პრაგმატული ხალხია და ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ასეთი დიდი პრობლემები არ ყოფილა. მაგრამ ხანდახან ხდება, რომ არა იმდენად ქართული, რამდენადაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ საჰაერო სივრცეს, ჩვენ ამ საკითხს ვაფიქსირებთ, მაგრამ ცხადია, რომ ეს დაზვერვა ხორციელდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების და გარკვეულწილად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ბჟანიამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ ოჩამჩირის პორტი, რომელიც განმუხურიდან თვალით სჩანს, უკრაინის ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი გახდება, მისი თქმით, „ კარგად ჩანს, ვის უნდა ომი და ვინ ითრევს ომში საქართველოს".
„რუსები ოჩამჩირეში ყოფილი სამხედრო პორტის აღდგენას იწყებენ. ეს პორტი იქნება აქტიურად ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის, ხორბლის თუ სხვა ეკონომიკური კორიდორების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ოჩამჩირის პორტი, რომელიც განმუხურიდან თვალით სჩანს, უკრაინის ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი გახდება. აქედანაც კარგად ჩანს, ვის უნდა ომი და ვინ ითრევს ომში საქართველოს.
„ამასთანავე, მხოლოდ უკრაინის გამარჯვება ქმნის შავი ზღვის აუზიდან რუსეთის ამოძირკვის წინაპირობას, ბალტიის ზღვის მსგავსად. ამ კუთხით აფხაზეთის „ანკლავი" განწირულია. საქართველოს გამთლიანების შანსი უკრაინის გამარჯვებაა, მაგრამ არც ეგეთ შემთხვევაში დაგვეცემა თავზე საჩუქარი. „რა უნდა ამერიკულ გემს შავ ზღვაში" - გვამცნო თავის დროზე ბიძინამ. ივანიშვილმა ყველაზე საზიზღარი, რაც ქართველ ხალხს დამართა ისაა, რომ მთელი ქვეყანა ნაცარქექიად აქცია", - წერს უგულავა.
რუსეთის ინტერესია, ძალები მოიკრიბოს, რათა კავკასიის რეგიონი არ დათმოს, რაც სააკაშვილმა ჩააბარა 20 პროცენტის ოდენობით - დათმობას არ დაუშვებს, ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი პატარა ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ რუსეთთან „შეთანხმებას" ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება".
მისივე თქმით, „რუსეთი აგრესორი და საოკუპაციო ძალაა, მსოფლიო დაპირისპირების ერთ- ერთი მხარეა, აქედან გამომდინარე იმსჯელეთ და შეაფასეთ, ვინ დაგვაწია თავზე ეს უბედურება".
„არანაირი შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის არ არსებობს, ეს არის გარკვეული ფორმალობა, ხანდახან საშუალებას მისცემენ ხოლმე ბჟანიას, რომ დაელაპარაკოს ვინმეს მაღალ დონეზე, მათ შორის პრეზიდენტს. ეს არის რუსეთის ინტერესი, რომ ძალები მოიკრიბოს, რათა კავკასიის რეგიონი არ დათმოს, რომელიც სააკაშვილმა ჩააბარა 20 პროცენტის ოდენობით. ეს მისთვის მიზანი იყო და მიზნად რჩება. სამხედრო ძალების მობილიზაციის საშუალება ამ სივრცეში მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი შეცდომები ჩაიდინა სააკაშვილის ხელისუფლებამ. როცა გადაცემული სტრატეგიული ობიექტების რესურსებს ფლობს, ის იმის დათმობასაც არ დაუშვებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ საფრთხის შემცველ სიტუაციაში, მათ შორის, რუსეთიდან მომავალი საფრთხის წინ მყოფნი, ვალდებულები ვართ ჩვენი პატარა ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე," - განაცხადა ვოლსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



