ელზა პაპოშვილი
(05.10.2023)

უკვე მესამე დღეა საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს დაადგინოს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია, როცა ის მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპაში მაინც გაემგზავრა. 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი კონსტიტუციის წარდგინების ავტორთან ირაკლი კობახიძესთან  და პრეზიდენტის წარმომადგენლებთან ერთად  იმპიჩმენტზე კონსტიტუციურ წარდგინებას განიხილავს. სხდომაზე მხარეები ერთმანეთს კითხვებს უსვამენ და  განხილვა  არა ერთი კამათის და დაპირიპირების ფონზე მიმდინარეობდა.

პირველი კითხვა დღეს ირაკლი კობახიძემ დასვა - რით არის განპირობებული აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტსა და მის წარმომადგენლებს შორის?- კობახიძემ არგუმენტად პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება მოიყვანა, რომელმაც ლიეტუვაში თქვა, რომ ფორმალურად არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა ვიზიტები.   

კიდევ ერთი კითხვა ეხებოდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას - კანდიდატის სტატუსზე კონკრეტული ქვეყნის მხარდაჭერის მიღება არის თუ არა პოლიტიკური შედეგი? ასევე, რა განსხვავებაა პრეზიდენტის სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის - 49 მუხლი ადგენს სტატუსს თუ უფლებამოსილებას?  

რა გახდა იმპიჩმენტის საფუძველი? - ამ შეკითხვით კი  საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთ ავტორსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მიმართა, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ მიზეზი კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან, კობახიძის შეფასებით, „სალომე ზურაბიშვილი არის სამარცხვინო.“

„ეს არის პოლიტიკური შეკითხვა, შემიძლია გავცე პოლიტიკური პასუხი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია, რომელიც რევოლუციურ პროცესებს გეგმავს, არიან ალიანსში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. თუ გავიხსენებთ მის სამარცხვინო განცხადებებს 26 მაისს, სხვა დროს მის სამარცხვინო შეფასებებს, იმპიჩმენტის აღძვრის მიზანი იყო სამართლებრივი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის სამარცხვინო.

„სახელმწიფო-საკონსტიტუციო სამუშაო ჯგუფში ჩართული იყო ბატონი ჯონი ხეცურიანი, ბატონი მინდია უგრეხელიძე და სხვები ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები. პირდაპირ ასეთი სიტყვებით გვქონდა საუბარი, რომელი რას ამბობდა არ მახსოვს, მაგრამ კონსტიტუცია იმაზეც კი უნდა იყოს გათვლილი, რომ პრეზიდენტი რომ გაგიჟდეს. ყველაფერთან დაკავშირებით ჩაიდო დაზღვევის მექანიზმები,“ - აღნიშნა კობახიძემ.   

არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ  საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს დაადასტურებდა, - აცხადებს პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი. მისი თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ მათ მყარი ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტები აქვთ იმის დასადასტურებლად, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

„როგორც საქმის განხილვის მიმდინარეობამაც აჩვენა, მხარეს სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და არც ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მათი კონსტიტუციური წარდგინება არ პასუხობს იმ პრინციპებს, რაც აუცილებელია მყარი დასკვნის მისაღებად, რომ დადასტურდეს ამა თუ იმ თანამდებობის პირის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი,“ - განაცხადა კოპალეიშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოზე არმისვლით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად, პატივს საკონსტიტუციო სასამართლოსაც არ სცემს. არ ესმის, რატომ გააკეთა ზურაბიშვილმა არჩევანი ადეიშვილისა და გვარამიას ყოფილ მოადგილ მაი კოპალეიშვილზე, ასევე ვერ ხვდება რაში სჭირდებოდა თამარ ჩუგოშვილი, რომელიც პარლამენტიდან წასვლის შემდეგ საჯაროდ საერთოდ არ გამოჩენილა. 

„ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ამ ქცევით კიდევ ერთხელ აჩვენა,  სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს არ სცემს. ძალიან კარგად იცოდა, რომ კონსტიტუცია არღვევადა, მაგრამ განზრახ გააკეთა. საინტერესო ისაა, რომ საზოგადოებაში გამოჩენის  რცხვენია. ვერ ბედავს, საკუთარ ამომრჩეველს თვალებში ჩახედოს და პირდაპირ უთხრას, რომ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს ასრულებს. ძალიან ცუდია, როცა ადეიშვილის და გვარამიას ყოფილ მოადგილეს მაია კოპალეიშვილს სასმართლოში წარმომადგენლად გზავნის. ნუთუ საქართველოში ამ ქალბატონებზე კვალიფიციური იურისტები და კონსტიტუციონალისტები არ გვყავს? როგორც ჩანს რადიკალური ოპოზიციიდან ურჩიეს, რომ ეს ქალბატონები გაეშვათ. ჩუგოშვილი საერთოდ  რატომ არის, ამასაც ვერ მივხვდი. 

„სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტი რადიაკლური ოპოზიციის მხარეს გადასვლას აღარ მალავს. ეს ხალხი გაუშვა დამცველებად და სასამართლოზე ამათ იმედად არის. რაც შეეხება არგუმენტებს, რომლებიც პრეზიდენტის დაცვის მხარეს მოჰყავს, მართლა სასაცილოა. პრეზიდენტს იმიტომ არ უშვებენ საზღვარგარეთ, რომ ჯერ ერთი, უკრაინის ომის შემდეგ და ასევე 26 მაისს გაკეთებული არაადეკვატური განცხადებების მერე, გაჩნდა საფრთხე, რომ ის ევროპაში მიდიოდა არა სახელმწიფოს მხარდასაჭერად, არამედ ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის. კობახიძემ სასამართლოზე თქვა კიდეც, რომ ერთი-ორ მეზობელ ქვეყანასთან პრობლემებიც კი გაგვიჩინა და ლამის ერთი წელი მის დალაგებას ვცდილობდითო. ამიტომ, რა არის მისი მიზანი, როცა ევროპაში დადის? ხომ თქვა, ქვეყანა არ იმსახურებს  კანდიდატობას და მთავრობა 12 პუნქტს ფორმალურად ასრულებსო?“ - კითხულობს აბაშიძე. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძ კი „რეზონანსთან“ დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი იმპიჩმენტით გადაყენება არ სურს, რადაგნ ეს დამატებით პრობლემებს შეუქმნის. ვარაუდობს, რომ ხელისუფლების  მთავარი ჩანაფიქრი მხოლოდ ისაა, რომ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის იარლიყი მიაწებოს და ამით მის იმიჯს ზიანი მიაყენოს. 

„რასაც თვალს ვადევნებ, მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს დ ზურაბიშვილს გაამტყუენებენ. თუმცა მაინც ვერ ვიჯერებ, რომ „ოცნება“ მის იმპიჩმენტს ბოლომდე მიიყვანს. როგორც ვიცით,  არა აქვთ 100 საკმარისი ხმა, მაგრამ ოპოზიციიდან თუ დასჭირდათ, იპოვიან. თუმცა ამის გარისკვა რაში აწყობთ,  ახალ მართლა ვერ ვხსნი. ეს იქნება იმის ტოლფასი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. 

„მე მაინც მჯერა, რომ მთავრობას ეს უნდა იმიტომ, რომ პრეზიდენტს მხოლოდ კონსტიტუციის დაამრღვევის იმიჯი სამართლებრივად  მიაწებონ და პოლიტიკურად მის გაშავებას ეცადონ. ეს კი ზურაბიშვილისთვის მარტივი არ იქნება, რადგან ევროპაში ასეთ რაღაცეებს ყუარდღებას ნამდვილად აქცევენ, ქვეყნის შიგნით კი პიარისთვის გამოიყენებენ და იტყვიან, რომ ის არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და უნდა გადადგეს. მოკლედ მასზე ეს განაჩენი მუდმივად ზეწოლის ბერკეტად ექნებათ. თუმცა ზურაბიშვილი მაინც მგონია წაუგებელ თამაშს თამაშობს. რომც არ გადააყენონ და არჩევნებმადე თავად გადადგეს, აქეთ შემოუბრუნდეს „ოცნებას“, თუნდაც გახარიასთან ერთად, საკმაოდ ანგარიშგასაწევი პოლიტკოსი გახდება. ვფიქრობ ხელისუფლებას სწორედ ამის ეშინია და მისი თავიდან მოშორება და გაშავება უნდა. არ უნდათ, რომ ამ გაკოტრებულ პოლიტიკურ ველზე ზურაბიშვილმა ლიდერობა შეძლოს“, - ამბობს ძაბირაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე