თამთა ჩაჩანიძე
(07.10.2023)

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე სამდღიანი განხილვა დაასრულა და საბოლოო დასკვნას მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს. თუ სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიუტუცია დაარღვია, პროცედურა პარლამენტში გაგრძელდება და უკვე იქ უნდა ეყაროს კენჭი საბოლოოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას, რასაც მინიმუმ 100 ხმა სჭირდება. რა მოხდება მოქმედი პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში - რამდენ ხანში და როგორი წესით აირჩევა ახალი პრეზიდენტი და ვინ იქნება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი?

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ოქტომბრის შუა რიცხვებში იმპიჩმენტი განხორციელდა, ასეთ შემთხვევაში დაახლოებით თვე-ნახევარში დასრულდება ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურა ახალი წესით - 300 კაციანი კოლეგიით. მანამდე კი, მისი თქმით, 46 დღით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იქნება, თუმცა მას საკადრო ცვლილებების განხორციელების უფლება არ ექნება.

საპარლამენტო უმრავლესობაში, „ხალხის ძალის" ჩათვლით, 84 დეპუტატია. სავარაუდოა, რომ „ოცნების" იდეას მხარს დაუჭერს „ევროპელი სოციალისტების" 4 დეპუტატიც, ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ „ოცნებამ" მოახერხოს და ასი ხმა შეკრას და 12 დეპუტატი ოპოზიციიდან მოიძიოს. ასეთ შემთხვევაში კი პრეზიდენტი უფლებამოსილებას წყვეტს. კონსტიტუციის თანახმად, თუ პრეზიდენტი ხდება ქმედითუუნარო, ან იმპიჩმენტით გადააყენებენ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ხდება პარლამენტის თავმჯდომარე.

აქვე აღსანიშნავია, რომ 300-წევრიან კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი, საკრებულოების წევრები.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, პრეზიდენტის ახალი არჩევნები იმპიჩმენტის გამოცხადებიდან 46 დღეში უნდა ჩატარდეს.

„არჩევნები უნდა დაინიშნოს. პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცხადებიდან, თუ არ ვცდები, 46 დღეში პრეზიდენტის ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ასეთ ვარიანტში შესაძლოა პაპუაშვილმა პრეზიდენტის მოვალეობა შეასრულოს, მაგრამ 46 დღით და არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა აირჩეს ახალი პრეზიდენტი, ალბათ 300-კაციანი კოლეგიით, სხვა ვარიანტი ნაკლებად მისაღებია.

„ეს საკამათო თემაა, მაგრამ თუ რეალურად შევხედავთ, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ახლა 300-კაციანმა ასამბლეამ უნდა აირჩიოს. ეს უფრო სწორია, ვიდრე ახალი პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი კენჭისყრით. მაშინ 2024 წელს განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს არ გამოვა", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

პროცედურაზე ისაუბრა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც. ამასთან, დამატებით კითხვაზე - სურს თუ არა თავად გახდეს პრეზიდენტი - განაცხადა, რომ ასეთი გეგმები არ აქვს „იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი არსებითად დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებიდან".

„კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ძალიან ნაადრევია სპეკულაციები იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია კონსტიტუცია. მას იმის რწმენა აქვს, რომ რაც არ უნდა გადაწყვეტილება გამოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რადიკალური ოპოზიცია მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, ასეთ პირობებში იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება. ამიტომ დაველოდოთ. ეს პროცედურა ათ დღეში ჩატარდება.

„რაც შეეხება პროცედურას, არის 300-კაციანი კოლეგია, ვინც საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს. ამ ყველაფერს შეიძლება თვე-თვენახევარი დასჭირდეს, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესი არსებობს.

„პირობითად, თუ იმპიჩმენტი განხორციელდება ორ კვირაში, ამ შემთხვევაში, დაახლოებით თვენახევარში დასრულდება ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურა ახალი წესით. რაც შეეხება სტანდარტულ წესს, როცა პრეზიდენტი ნაადრევად წყვეტს საკუთარ უფლებამოსილებას, ასეთ დროს პარლამენტი აირჩევს. თუ პრეზიდენტი გადადგა და ასე შემდეგ, მოქმედი პარლამენტი ახალი წესით აირჩევს პრეზიდენტს. 300-კაციანი კოლეგია აირჩევს პრეზიდენტს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე