
დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი - გადაწყვეტილება ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 9-კაციანმა კოლეგიამ უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს. დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, 14 ოქტომბრამდე წერილობით გადაეგზავნება. 3-დღიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, მმართველ პარტიას მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ საიმპიჩმენტო წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოში არგუმენტირებულად დაადასტურეს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. თუმცა, მთავარი ახლა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომელიც, „ქართული ოცნების“ ვარაუდით, დადებითი იქნება.
საკონსტიტუციო სასამართლოსგან კონსტიტუციის დარღვევის დადგენას ელოდებიან ხელისუფლების ოპონენტებიც. თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს მიკერძოებული გადაწყვეტილება იქნება. მათივე შეფასებით, სასამართლოში 3 დღიანმა განხილვებმა ქვეყნის რეპუტაცია ევროინტეგრაციის პროცესში უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა.
ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, დიდი ალბათობით, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს. თუმცა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ „ოცნება“ პარლამენტში ზურაბიშვილსი იმპიჩმენტს ჩააგდებს. მათი აზრით, ხელისუფლებას ეს პროცესი მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციისათვის სჭირდებოდა და იმპიჩმენტი რელურად მათ ინტერესებში არ შედის.
რისთვის სჭირდება „ოცნებას“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ „ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ დაწყებული პროცესები მხოლოდ აჟიოტაჟისათვის სჭირდება და დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ იმპიჩმენტი არ შედგება.
„ოცნებას“ ახლა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი მხოლოდ ინფორმაციული ვაკუუმის „გასაბერად“ სჭირდება. თუ პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა, იტყვიან - აგერ, ხომ ვამბობდით ზურაბიშვილი „ნაციონალებს“ მიეყიდაო და მხარი ამიტომ არ დაუჭირესო. მის წინააღმდეგ კამპანიას კიდევ უფრო გაბერავენ. მათ ურჩევნიათ ზურაბიშვილი იყოს პრეზიდენტი და მუდმივად ლანძღონ.
„მე არ მგონია, რომ მმართველი გუნდის ამოცანა არჩევნებამდე ზურაბიშვილის გაშვება იყოს. კობახიძემ სასამართლო სხდომაზე თქვა კიდეც - არ ვართ დარწმუნებული, რომ იმპიჩმენტი შედგებაო. ამ რიტორიკას არჩევნებამდე გააგრძელებენ. ამ ფონზე მგონია, რომ პრეზიდენტი არჩევნებამდე სჭირდებათ, არჩევნების შემდეგ კი პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება და თავის თავს აირჩევენ.
„ოპოზიციის არგუმენტი - რომ ვითომ ზურაბიშვილის მოშორება იმიტომ უნდათ, რომ 2024 წელს შესაძლოა ხმოსნების რაოდენობა აღარ ჰქონდეთ საკმარისი და კოალიციური ხელისუფლება შეიქმნება - მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. სამწუხაროდ, ოპოზიციის სისუსტე იმდენად თვალში საცემია, რომ შემდეგ არჩვენებში „ოცნებამ“ შესაძლოა იმაზე მეტი ხმები აიღოს, ვიდრე დღეს აქვს. მე იმის მეშინია, საკონსტიტუციო უმრავლესობაც არ მიიღონ“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
ზურაბიშვილი და ივანიშვილი
რაც შეეხებაა ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებას, რომ ზურაბიშვილი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულად მოქმედებდეს, ზაქარეიშვილი ამ ვერსიასაც აბსურდულად მიიჩნევს. მისი აზრით, ზუაბიშვილი არ არის ივანიშვილისთვის სანდო ფიგურა, რომელსაც ის დაეყრდნობა. ამას გარდა, ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციური ლიდერი, არც „ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაოაბს“ არაფერში აწყობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ შიში გასაგებია და მათი კარგად მესმის. ზურაბიშვილის იმპიჩმენტი თუ მოხდა და ის ოპოზიციაში გადავიდა, მაშინ არაა გამორიცხული სერიოზული პოლიტიკური ძალა შექმნას. დამოუკიდებლად ამას, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს, მაგარმ თუ ის და გიორგი გახარია ერთად იქნებიან, შესანიშნავი შანსია იმისთვის, რომ მესამე პოლიტიკური ძალა შექმნან. ეს კი არც „ოცნებას“ და არც „ნაციონალებს“ არ უნდათ. მათ ერთმანეთის გარდა პოლიტიკურ ველზე არავინ სჭირდებათ.
„ნაციონალებს“ მთავარი ოპოზიციური პარტიის სახელის დათმობა არ სურთ. „ოცნებისთვის“ კი ის ყველაზე სასურველი მეტოქეა. ამიტომ ზურაბიშვილი ახლა ორივესთვის საფრთხეს წარმოადგენს. მას აქვს დასავლეთიდან უპირობო მხარდაჭერა და ასევე ქვეყნის შიგნით რეიტინგი ეზრდება. ამიტომ არის, რომ „ნაციონალებს“ ამ მიმართულებით უკვე შიში გაუჩნდათ და შეთქმულების თეორიების ძიება დაიწყეს“, -ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
პოლიტიკურად არამომგებიანი სვლა
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძისთვის კი გაურკვეველია, რაში სჭირდება ხელისუფლებას სალომე ზურაბიშვილისთვის თუნდაც სამართლებრივად იმის დამტკიცება, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. საყავრელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ზურაბიშვილის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ეს ხელისუფლებას უფრო დააზიანებს, ვიდრე თავად მას.
„არ ვიცი, მე მაინც არ მაქვს ვერსია, თუნდაც სამართლებრივად რომ მოახერხოს „ოცნებამ“ და ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღევვა დაუმტკიცონ, ეს მას რაში სჭირდება. ამით რა სახის პოლიტიკურ სარგებელს იღებს? ამ ყველაფრის პოლიტიკური ფასი უფრო ძვირი გადასახდელი თავად მას ექნება.
„ოცნება“ საქმეს ირთულებს, რადგან ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო. მესმის, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს და „ოცნებას“ რაღაც რეაგირება უნდა მოეხდინა, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ამას ხომ ოპოზიცია გამოიყენებს? რა აუცილებელი იყო ახლა ამის წამოწყება, როცა ზიანს შენ უფრო მეტს მიიღებ, ვიდრე ზურაბიშვილი?!
„ახლა ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დრო არ იყო. თუნდაც ეს იყოს მხოლოდ სამართლებრივი და ამას არ მოჰყვეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ანუ იმპიჩმენტი არ დადგეს. დასავლეთისთვის რთული ასახსნელი იქნება, პროდასავლური მანტიით შემოსილი პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ამას ოპოზიცია გაყიდის ასე, რომ „ოცნება“, რომელიც „პრორუსული ძალაა“, პროდასავლური ღირებულებების პრეზიდენტს თავიდან იშორებს.
„ზურაბიშვილისთვის ახლა წაუგებელი თამაშია. ნებისმიერ შემთხვევაში ამას საკუთარ თავზე მოირგებს. გასგებია, რომ „ოცნებას“ უნდა ხალხს აუხსნას და დაანახოს პრეზიდენტის რეალური განზრახვა, მაგრამ ამ პროცესში თავად ზიანდება. ამიტომ ამ ყველაფრის პოლიტიკური ლოგიკა არ მესმის.
„ამიტომ სულ ვამბობ, რომ ემოციურ ნიადაგზე არ შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან პოლიტიკა ცივ გონებას მოითხოვს. იგივეს ვამბობდი ე.წ. აგენტების კანონთან დააკავშირებით - რომ ამის მიღება თავად ხელისუფლებას დააზიანებდა და ახლა ამის დრო არ იყო. ახლა იმპიჩმენტზეც ამას ვამბობ და იმედია, პარლამენტში ჩააგდებენ“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



