
აშშ-ს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს, გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ესკადრილია მატულობს. ისრაელისთვის იგზავნება საბრძოლო მასალები და სხვა რესურსები. თავად ისაელის თავდაცვის ძალებსა და ღასას სექტორს შორის დაპირისპირება მწვავე ფაზაშია. ეს გარემოება კი ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ თუ ომი ხანგრძლივი გამოდგა, შესაძლოა მასში ირანი ჩაერთოს, რაც სამხრეთ კავკასიისთვის და საქართველოსთვის ცალსახად საფრთხის მომტანია.
სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დღეს იმაზე რთული და უპროგნოზოა სიტუაცია, ვიდრე ეს ომის დაწყების პირველ დღით იყო, რადგან თავად "ჰამასის" დაჯგუფებაც მოულოდნელად კარგად მომზადებული აღმოჩნდა თავდასხმისთვის და ისაელის შეიარაღებული ძალებიც "შოკიდან ვერ გამოდიან" და გაშმაგებით უტევენ. ამ მოცემულობამ კი ომს განგრძობითი ხასიათი შესძინა.
რა ხდება ფრონტზე და რა დახმარებას უწევს აშშ ისრაელს
ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს, რომელთა შორის არის ავიამზიდი. აშშ-ს არმია განათავსებს საზღვაო ხომალდებს და საბრძოლო თვითმფრინავებს, რათა ისრაელში მიმდინარე ბრძოლების ფონზე "გაამყაროს რეგიონული შეკავების მცდელობები" . როგორც "ბიბისი" წერს, განლაგება ასევე მოიცავს რამდენიმე მართვადი რაკეტის კრეისერს და გამანადგურებელს. გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ესკადრილია მატულობს.
"აშშ ინარჩუნებს ძალებს გლობალურად, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს შემაკავებელი პოზიზია საჭიროების შემთხვევაში", - დასძენს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი.
როგორც მედია წერს, ასევე ისრაელში იგზავმება დამატებითი რესურსები, მათ შორის საბრძოლო მასალები, უსაფრთხოების პირველი დახმარება სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ჩავა. ოსტინი ამბობს, რომ ეს ქმედება "ხაზს უსვამს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის ხალხის მიმართ".
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ისრაელის ჯარებმა ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი აღადგინეს. მისი თქმით, შაარ ჰანეგევის რაიონულ საბჭოში სამი ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა, ბეერიში - ერთი ტერორისტი მოკლეს, ჰოლიტსა და სუფაში - ხუთი, ალუმიმში - ოთხი.
დანიელ ჰაგარი ამბობს, რომ ამჟამად ბრძოლები არცერთ ქალაქში არ მიმდინარეობს, თუმცა ამ მხარეში ტერორისტები, შესაძლოა, ისევ იყვნენ.
ჰაგარის თქმით, ღაზას საზღვრის ბარიერის დაცვა ტანკებით მოხდება, რომლებსაც საბრძოლო ვერტმფრენები და დრონები დაუჭერენ მხარს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი აცხადებს, რომ ჯარმა საზღვარზე მდებარე 24 ქალაქიდან 15-ში მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა, დანარჩენის ევაკუაციას უახლოეს დღეს გააგრძელებს. ჰაგარის თქმით, შაბათ დილიდან ისრაელის მიმართულებით 4 400 რაკეტა გაუშვეს.
ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში ღამით „ჰამასისა" და „ისლამური ჯიჰადის" 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.საჰაერო ძალების ინფორმაციით, დარტყმები გამანადგურებელმა თვითმფრინავებით, ვერტმფრენებითა და არტილერიით განხორციელდა.
განადგურებულ სამიზნეებს შორის არის: „ჰამასის" შვიდი სამეთაურო ცენტრი „ისლამური ჯიჰადის" სამეთაურო ცენტრი.
ამასთან, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა.
"როიტერსის" ინფორმაციით, ირანი, რეგიონში განვითარებულ მოვლებთან დაკავშირებით, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის გამართვას ითხოვს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქანაანმა განაცხადა.
მანამდე, ირანმა „ჰამასის" მიერ ისრაელზე განხორციელებულ უპრეცედენტო თავდასხმებში მონაწილეობას უარყო, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ პალესტინის მიმართ მათი მხარდაჭერა ურყევია.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩართული პალესტინის პასუხში. პალესტინის მიერ მიღებული გადამწყვეტი ზომები წარმოადგენს სრულიად ლეგიტიმურ დაცვას შვიდი ათწლეულის მჩაგვრელი ოკუპაციისა და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისგან", - აღნიშნულია გაერო-ში ირანის მისიის განცხადებაში.
8 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასმა" განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა „ჰამასის" ლიდერთან ისმაილ ჰანიესთან სატელეფონო საუბრისას ისრაელზე თავდასხმა შეაქო.
გაიზრდება თუ არა ისრაელ-პალესტინის დაპირისპირების მასშტაბები
გენერალი ვახტანგ კაპანაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ომი ხანგრძლივი გამოდგა, შესაძლოა ირანი ჩაერთოს, თუმცა დღეის მონაცემებით ეს საფრთხე ჯერ არ დგას.
"თუ ომი ხანგრძლივი გამოვა, შესაძლოა მასშტაბები გაიზარდოს, აქ შესაძლოა ირანი ჩაერთოს, ეს კი ისრაელ-ირანის დაპირისპირებას გამოიწვევს, მაგრამ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ასეთი პირი არ უჩანს. ამერიკამ ძირითადად ავიამზიდი გაგზავნა, ესაა ხომალდთა ჯგუფი, რომელთა ძირითადი ამოცანა იქნება ზღვიდან ბლოკირება. დანარჩენი ისრაელს ის რესურსი ჰყოფნის, რომ ოპერაცია თავად განახორციელოს",- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს სიტუაცია იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ომის პირველ დღეს, რაც საფრთხეებს უფრო ზრდის.
"დღეს სიტუაცია იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ომის პირველ დღით წარმოვიდგენდი. ისრაელი და მისი შეიარაღებული ძალები შოკიდან ჯერ ვერ გამოდის. "ჰამასმა" კიდევ ერთი აერომობილური შეტევა განახორციელა უკვე ისრაელის სიღრმეში. ბირთვული გამოცდების ცენტრის სპეციალური დანიშნულების ბაზაზე განახორციელა თავდასხმა. ამის პარალელურად გააფთრებული ბრძოლები მიდის, რაც სიახლეა. "ჰამასმა" მეორე რიგის სახმელეთო შეტევები დაიწყო,არეალი უფრო გააფართოვა,რაზედაც ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ შემაშფოთებელია.
"ჰამასი" ყველანაირად უტევს დრონებით ავტო და აერომობილური ჯგუფებით,ტაქტიკურ დონეზე საზღვაო სადესანტო ოპერაციაც კი განახორციელა და რამდენადაც ვიცი "ჰამასის" მებრძოლები თელავივის გარე უბანშიც კი გამოჩნდნენ. ბრძოლებმა კონვენციური ომის კონტურები მიიღო. შემთხვევით არაა, რომ ამაში აშშ ჩაერთო და საზღვაო დაჯგუფება გააგზავნა. სამხედრო საჰაერო დაჯგუფებასაც შექმნიან, გადაისვრიან ხმელთაშუა ზღვაში და ისრაელს შეიარაღებასაც რა თქმა უნდა მიაწვდის.
"ჯერ ამ ომში "ჰეზბოლა" არ ჩართულა, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი და სერიოზული მოწინააღმდეგეა, ვიდრე "ჰამასი", "ისლამური ჯიჰადი" და სხვა წვრილი დაჯგუფებები, რომლებიც ღაზის სექტორში მოქმედებენ. თუ "ჰეზბოლა" ჩაერთო, მაშინ საქმე უფრო გართულდება და სეიოზულ ომში გადაიზრდება.
"როგორც ჩანს, "ჰამასი" ამ თავდასხმისთვის 3-დან 6 თვის განმავლობაში ემზადებოდა, საკმაოდ სერიოზული ძალების მობილიზაცია განახორციელეს. ჩანს, რომ ისინი გაწვრთნილები არიან და არ გამოვრიცხავ, რომ ეს წვრთნები ღაზის მიღმა სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე ტარდებოდა. დაჯგუფება საკმაოდ სერიოზულადაა აღჭურვილი და მათ ახალიო ტიპის ტაქტიკური ელემენტებიც კი გამოიყენეს, რომელიც მათთვის წესით უცნობი უნდა ყოფილიყო, ასეთ დაჯგუფებას მსგავსი ტაქტიკური ელემენტის გამოყენების საშუალება არ უნდა ჰქონოდა.
"სიტუაცია საკმაოდ საგანგაშოა და რა სცენარები განვითარდება სამწუხაროდ ახლა ამის პროგნოზირება რთულია, არ მიტოვებს დღევანდელი ვითარება პროგნოზების შესაძლებლობას. თუ ამაში "ჰეზბოლა" ჩაერია და სირია და ირანი ჩაერთო, აი ამ შემთხვევაში როგორ განვითარდება სიტუაცია ძალიან რთულია ამის თქმა. მიუხედავად ისრაელის მიერ საომარი პირობების გამოცხადებისა და მზაობისა, ამ ძალების გამკლავება მგონია, რომ გაუჭირდება.
"1973 წელს იგივე ვარიანტი მოხდა და მაშინ ისრაელმა ომში გარდატეხის შექმნა დაახლოებით 2 კვირაში შეძლო. ეგვიპტისა და სირიის გაერთიანებული ძალები დაამარცხა,მაგრამ დღეს ფაქტიურად ისეთი ძალებია, რომლებიც თითქოს უხილავია და ასიმეტრიული ტიპის სამხედრო საფრთხის წინაშე დადგა ქვეყანა. ისრაელმა ისიც არ იცის რა ტიპის რესურსი აქვს მოწინააღმდეგეს. ასეთ პირობებში რაიმე სცენარის გათვლა საკმაოდ რთულია",-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
საფრთხე საქართველოსთვის
გენერალი ვახტანგ კაპანაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ომის მასშტაბები გაიზარდა, საქართველოსთვის პირდაპირი საფრთხეა.
"თუ ომის მასშტაბები გაიზარდა, მაგალითად ირანი საქართველოსგან შორს არაა და რა თქმა უნდა საფრთხე იზრდება. ამასთანავე, ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ ჩვანს სპეცსამსახურებს ყურადღება აქვს გასამახვილებელი, რომ საქართველოში არის და ჩამოდიან ისრაელის და აშშ-ს მოქალაქეები ტურისტებად თუ ისე და რომ მათ მიმართ ყოველგვარი ტერორისტული აქტი გამოირიცხოს. თუმცაღა ეჭვი მეპარება, რომ ეს განხორციელდეს, რადგან ამის პარალელურად საქართველოში არაბული სამყაროდანაც ჩამოდიან და არა მგონია, რომ მათ წინააღმდეგ ტერორისტული აქტები განახორციელონ",- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
ნალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ყველაფერთან ერთად საქარტველოსთვის ცუდია ისიც, რომ თურქეთი ისრაელის მხარდაჭერაში ორჭოფობს, რუსული საზოგადოება კი ცალსახად ტერორისტების მხარესაა.
"თუ მასშტაბები ირანამდე მივიდა, ეს საქართველოსთვის და რეგიონისთვის პირდაპირი საფრთხეა. ამასთან, შესაძლოა იმის გამო, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ისრაელს მხარი ღიად დაუჭირეს, თუ ომის კონტურები გაიზარდა, შესაძლოა ამის გამო, კავკასიის ჩართვაც იყოს მოაზრებული ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების მიერ.
"ამასთან, რუსული მედიიდან პირდაპირ ჩანს, რომ პალესტინას მხარს უჭერენ, როგორც საზოგადოება, ისე ხელმძღვანელობა. თავდაცვის მინისტრ შოიგუს განცხადებაც და პუტინის დუმილიც ამას მოასწავებს. რუსულ სოციალურ ქსელებში პალესტინას უცხადებენ სოლიდარობას. აქ უკკვე შესაძლოა რუსეთის ზეწოლაც იყოს. ამასთან თურქეთიც ორჭოფობს და ეს ყველაფერი შესაძლოა ცუდად აისახოს ჩვენზე",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



