
პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს. ოპოზციას ეჭვი აქვს, რომ ეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს უკავშირდება, და დასძენს, რომ მმართველ გუნდში ერთმანეთის ნდობა არაა, თუმცაб მმართველი გუნდის მტკიცებით, ცვლილებები „ნოემბრის ბოლოს იგეგმება, იმპიჩმენტის პორცედურა კი ოქტომბერშივე დასრულდება".
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთმანეთის ნდობა თავად ოპოზიციაში არაა, რადგან მათგანვე ინიციატივა იყო იმაზე, რომ იმპიჩმენტზე კენჭისყრისას ოპოზიციიდან არავინ სევიდოდა დარბაზში. ნაწილი ანალიტიკოსებისა კი ფიქრობს, რომ ამით ხელისუფლება „ორო კურდღლის დაჭერას ცდილობს".
აღსანიშნავია, რომ რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს გამჭვირვალეს გახდის.რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 9 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინა.
რას ამბობს ოპოზიცია და ხელისუფლება
„ქართული ოცნება" ძალიან წვალობს, დიდი სურვილი აქვთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის. რეგლამენტში ცვლილებებმა დაგვანახა, რომ მათ პრობლემა აქვთ გუნდის შიგნითაც, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მათი პოზიცია იგივე რჩება და პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ. რაც შეეხება ცვლილებებს, კირკიტაძის განცხადებით, საჯაროობას ემხრობიან, თუმცა, იქვე დეპუტატი დასძენს, რომ წინააღმდეგი არიან იმ პრაქტიკის, რომ "ქართულმა ოცნებამ" კანონები მათი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით შეცვალოს.
"თქვენ გახსოვთ ის 4 ღირსეული ადამიანი, რომელთაც თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს რუსულ კანონს, მათგან დავით სერგეენკოს გარდა, არცერთი აღარ არის პარლამენტის წევრი, ისინი იძულებული გახადეს დაეტოვებინათ პარლამენტი ან სამუშაო ადგილი შეეცვალათ. ახლა რეგლამენტში ცვლილებებს აპირებენ იმისთვის, რომ ვინმეს კიდევ არ ჰქონდეს ცდუნება, რომ იმპიჩმენტის მავნებლურ პროცესს მხარი არ დაუჭიროს.
„ჩვენ მომხრე ვართ, ყველა კენჭისყრა ღია იყოს, არცერთ ეტაპზე არაფერი დასამალი არ გვქონია. ღიაობის და საჯაროობის მომხრე ვართ, თუმცა, წინააღმდეგი ვართ იმ მანკიერი პრაქტიკის, როცა "ქართული ოცნება" საკუთარი ინტერესებით ჭრის და კერავს კანონებს და არ ადარდებთ მოქალაქეთა ბედი, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავენ და ყველა იმ ადამიანის დასჯაზე, რომელიც ქვეყნის მხარეს არის და არ ემსახურება ივანიშვილს,"- განაცხადა კირკიტაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტში ფარული კენჭისყრის გაუქმების და თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევისა და გადაყენების ინიციატივას არსებული წესის „უსისტემობით" ხსნის. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ღია კენჭისყრა საქართველოს პარლამენტში გადაწყვეტილების მიღების პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის.
„მედიით ფარულ კენჭისყრებთან დაკავშირებით ხაზი გაესვა, თითქოს ეს იმპიჩმენტის პროცედურასთან არის დაკავშირებული. ვიტყვი, რომ პროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება. შესაბამისად ცვლილების მიღება ნოემბრის ბოლოს მოხდება, რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, ის ვადებშია გაწერილი და ოქტომბერშივე დასრულდება - ამიტომ ამასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
„პრაქტიკის შესწავლამ გვაჩვენა, რომ არის გარკვეული თანამდებობები, სადაც ხმის მიცემა ფარული კენჭისყრით ხდება და ზოგზე - ღია კენჭისყრით ხდება. ეს არის ძალიან უსისტემო. მაგალითად, „საქსტატის" საბჭოს წევრის არჩევა, საპენსიო ფონდის წევრის არჩევა ფარული კენჭისყრით ხდება, მაშინ როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევა ხდება ღია კენჭისყრით. საერთაშორისო სისხლის სამართლის მოსამართლის არჩევა ხდება - ფარულით, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა ხდება ღია კენჭისყრით ანუ ამაში აზრი ჩადებული არ არის.
„საუბარია თითქოს ეს (ფარული კენჭისყრა) არის დეპუტატის დაცვა, მაგრამ რა დაცვა სჭირდება საერთაშორისო სისხლის სამართლის მოსამართლის თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის დროს... ეს რეგლამენტში გარკვეული უსისტემობა იყო და შინაარსშიც ჩანდა, რომ შემთხვევით იყო ზოგან ფარული და ზოგან ღია, ამიტომ მეც, როგორც თანაინიციატორი ამ ცვლილებისა, ავიღეთ პრინციპად - ის, რაც კონსტიტუციაშია ფარული კენჭისყრით, დარჩეს ფარულად, კერძოდ, ეს გახლავს ერთად ერთი შემთხვევა - პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა, სხვა დანარჩენი იქნება ღია კენჭისყრა.
„ასე რომ, რაც აქამდე იყო ფარული კენჭისყრით, ახლა იქნება ღია კენჭისყრა - ეს პირიქით, უფრო გამჭვირვალეს გახდის გადაწყვეტილების მიღების პროცესს საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ერთმანეთის უნდობლობა - ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უნდობლობა თავად ოპოზიციაშია, რაც რამდენიმე დღის წინ გამოთქმულმა ინიციატივამ ნათლად აჩვენა, რომ იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე არ შევიდნენ.
„თვითონ ოპოზიცია რომ იძახდა, რომ იმპიჩმენტზე კენჭისყრისას დარბაზში არ შევიდეთო, ოპოზიციაში ნდობა არის?! ამიტომაც ღიმილისმომგვრელია, როცა გინდ ერთი, გინდ მეორე მხარე ისეთ ბრალდებას ისვრის, რომელიც თვითონ მის წინააღმდეგაც შეიძლება იყოს გამოყენებული.
„ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებას თავად არ აწყობს რომ იმპიჩმენტი ბოლომდე მივიდეს. ამავე დროს, ოპოზიციას იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა აწყობს, რადგან ეს უცხოელების თვალში ხელისუფლებას დაბრალდება. დასავლელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი მათ თვალში პოზიტიურად არ აღიქმება.
„თუ უცხოელების თვალში პოზიტიურად არ აღიქმება, მაშინ რა თქმა უნდა, ოპოზიციას აწყობს, რომ პრეზიდენტი გადააყენონ. ეს მომენტი კი ხელისუფლებისთვის წამგებიანია და აღარ აწყობს და შეიძლება ამიტომაც ასეთი ელემენტი შემოიტანა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ჩუმად ხმის მიცემას გამორიცხავს.
„ფარულობის შემთხვევაში, თითოეულ პარტიას შეეძლო ეთქვა, რომ ჩვენ რა შუაში ვართო და ამ დროს მიეცათ ხმა და პროცესი ბოლომდე მიეყვანათ. ხელისუფლება როგორ მოიქცევა, ეს მისი ნებაა, თუმცა თავისი ხმები არ ყოფნის და ოპოზიცია რომ შემთხვევით არ დაემატოს,ამიტომაც ეს წესი შემოიტანა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა მმართველი პარტია ორო კურდღლის დაჭერას ცდილობდეს.
„შესაძლებელია ხელისუფლება ორი კურდღლის დაჭერას ცდილობდეს - ე.წ. უცხოურ აგენტებზე კანონპროექტის შემთხვევაში, გაუგებრობა შეიქმნა და მერე სხვადასხვა ფორმით პასუხი მოსთხოვეს იმ ადამიანებს, ვინც მხარი არ დაუჭირა - გიორგი ხელაშვილს, დავით სერგეენკოს თუ სხვებს.
„ოპოზიცია ნაწილობრივ მართალია, საინტერესოა თვითინ „ქართული ოცნების" შიგნით ვინმე ხომ არაა, ვინც იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება. მეორე კურდღელს რაც შეეხება - ოპოზიციიდან ვინც წინააღმდეგი იქნება, შემდგომში ხელისუფლება ვითომ ამხელს, რომ თითქოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს უჭერენ მხარს. ესეც გარკვეულწილად პოლარიზაციის გაღრმავებას უკავშირდება.
„ხელისუფლების მიზანი არცაა, რომ იმპიჩმენტის პროცესი ბოლომდე მივიდეს, ჯერ ერთი ხმები არც ჰყოფნით. მათი მიზანი პრეზიდენტის დისკრედიტაციაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ოქტომბრის შუა რიცხვებში დაადგინოს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. შესაბამისად, ხელისუფლებას ექნება ბერკეტი, რომ ამის პარალელურად ოპოზიციის დამატებითი კრიტიკა დაიწყოს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რასაც ოპოზიცია ამბობს, ტრადიციულად ყველაფერი პირიქითაა.
„რასაც ნაცოპოზიცია ამბობს, ტრადიციულად ყველაფერი პირიქითაა - რეგლამენტში ეს ცვლილებები იმისთვის გაკეთდა, რომ მომავალში სხვადასხვა კენჭისყრების დროს, პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყოს. ოპოზიცია საკუთარ თავში არაა დარწმუნებული და ამაზე ამიტომაც გაწიწმატდა და უაზროდ ყველაფერი „ოცნებას" გადააბრალა.
„რამდენიმე დღის წინ, გიორგი ვაშაძემ განაცხად, რომ „ოცნება" ჩამოშლილია, მომდევნო დღეს კი ნიკა მელიამ და მისმა თანამოაზრეებმა ცალკე შეხვედრა გამართეს და ენმ-ში მანკიურ ტენდენციებზე ისაუბრეს, მას შემდეგ, რაც მისი ჩრდილოვანი მმართველი დავით კეზერაშვილი გახდა.
„ის ცვლილებები, რაც შემოვიდა, ამაში ცუდი არაფერია. როცა მოსამართლეების დამტკიცების კენჭისყრა იყო, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის ნატო ჩხეიძემ და სხვებმა მწვანე ღილაკებს დააჭირეს, რასაც ფრაქციის ერთ-ერთ ოთახში აყალ-მაყალი მოჰყვა და რისი მოწმეც პარლამენტის შენობაში მყოფი ქართული მედია გახდა.
„იმის თქმა, რომ „ქართული ოცნება" ერთმანეთს არ ენდობა, მმართველი პარტია ჩამოშლის პირასაა, ეს სააკაშვილზე მიტმასნილი რადიკალებისგან მორიგი ზღაპარია. რეალობა კი 180 გრადუსით სხვანაირადაა, რომ ერთამნეთისადმი უნდობლობა თავად ოპოზიციაშია და ვერ გაურკვევიათ ვინაა მთავარი ძალა და ვინ მესამე ცენტრი",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



