თამთა ჩაჩანიძე
(11.10.2023)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თბილისში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ოთხშაბათს დილით დაიწყო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ვიქტორ ორბანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დახვდა, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში მათი პირისპირ შეხვედრაც შედგა.

პირისპირ შეხვედრაზე კოლეგებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. როგორც აღინიშნა, ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ვიზიტების რეგულარულ გაცვლას და დარგობრივი კავშირების გაფართოებას მოიცავს.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ღარიბაშვილმა განაცხადა,რომ საქართველოში მთავრობათაშორისი სამიტის გამართვა ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის პრაქტიკაში განხორციელების ნაწილია.

ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო შეუქცევადად მიჰყვება ევროპულ გზას. მან ამ გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო 12 პრიორიტეტის შესრულების ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, ხოლო, წლის ბოლოს ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ამ გზაზე მეგობარი უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. აღინიშნა, რომ 2023 წელს 21%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და 46,62 მლნ დოლარს შეადგენს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანია, არსებული შესაძლებლობები სრულად იქნეს გამოყენებული. მისივე თქმით, საქართველო დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით ისეთ სექტორებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ლოჯისტიკა, ტურიზმი და სხვა სფეროები.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ინიცირებული ფლაგმანური პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სრული პოტენციალის რეალიზაციისთვის და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით საერთო მიზნების მიღწევაში.

მაქვს პატივი ვუმასპინძლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც მაღალი დონის დელეგაცია ახლავს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე" წერს.როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსა და უნგრეთს აკავშირებთ ხანგრძლივი მრავალგანზომილებიანი პარტნიორობა და ძლიერი მეგობრობა.

"მაქვს პატივი ვუმასპინძლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც მაღალი დონის დელეგაცია ახლავს საქართველოში. ჩვენ ერებს აკავშირებთ ხანგრძლივი მრავალგანზომილებიანი პარტნიორობა და ძლიერი მეგობრობა. დიდად მადლობელი ვარ ასეთ გადამწყვეტ პერიოდში საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის", - აღნიშნავს პრემიერი.

რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციაში ორბანის დახვედრას - ცერემონიის ფარგლებში შესრულდა უნგრეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.ორბანს ღარიბაშვილი დახვდა, რის შემდეგაც ზემოთ ხსენებული პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

სამშაბათს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო დახვდნენ.

ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გარდა ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრისა, ხუთშაბათს საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა შედგება, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. 12 ოქტომბერსვე დაგეგმილია საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების მიერ ერთობლივი განცხადების გაკეთება.

ორბანი საქართველოს 10 ოქტომბერს წარმომადგენლობითი დელეგაციით და მეუღლით ეწვია, ამავე საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრსდა მის მეუღლეს, ანიკო ლევაისს სადილზე უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციის თანახმად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად სადილი „ბიოლში" გაიმართა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში განიხილეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე