თამთა ჩაჩანიძე
(12.10.2023)

შარშან საკმაოდ უსამართლოდ მოგვექცნენ - ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა ბუდაპეშტში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ,საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი - ამის შესახებ წინანდალში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

თავის მხრივ ორბანმა ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც მან თქვა, სამართლიანი იქნება, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება, რაც ისევ ევროპულ ინტერესებშია.

ამასთან, ერთობლივი ბრიფინგიდან ირკვევა, რომ საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მთელ რიგ ორმხრივ შეთანხმებებს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლა მისალმებით დაიწყო, მან უნგრეთის მთავრობის მეთაურს და ჩამოსულ დელეგაციას ვიზიტისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი საქართველოს მეგობარი და ძლიერი მხარდანჭერია. როგორც მრემიერმა აღნიშნა, 12 ოქტომბერს თბილისში საქართველოსა და უნგრეთის პირველი მთავრობათაშორსი სამიტი გაიმართა, რაც „ისტორიული და უნიკალურია". საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთიბებში.

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა

„მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება პირადად თქვენი, ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში.

„ეს მოიცავს ჩვენი ქვეყნების, სამშობლოსა და ჩვენი მრწამსის ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ტრადიციების პატივისცემას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ვიქტორ ორბანის ღვაწლი ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში. მე უნგრეთში ვთქვი და გავიმეორებ - უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რომელიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, უსაფრთხოებას, თავდაცვის საკითხებს, განათლებას, კულტურას. ყველა მიმართულებით, გვაქვს კონკრეტული, ხელშესახები წინსვლა და შედეგები. დღევანდელი დღეც ჩაუყრის საფუძველს მეტი შედეგების მოტანას ქვეყნებისა და ხალხებისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გეოპოლიტიკური ვითარება ძალიან შეცვლილია, განსაკუთრებით ევროპის კონტინენტს ეხება, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, „დღეს საქართველოში მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი გავქვს".

„დღეს საქართველო იმყოფება საკმაოდ რთულ ვითარებაში. გეოპოლიტიკური ვითარება არის ძალიან შეცვლილი საქართველოში და განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე, მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინაში ომი. იცით, რომ ომი ჩვენს ქვეყანაში იყო 2008 წელს, რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია რუსეთის მიერ. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის სწორი, პრაგმატული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს ერთადერთი უპრეცედენტო მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი, რამაც მოიტანა კონკრეტული, ხელშესახები, ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა და კეთილდღეობა მოუტანა ჩვენს ხალხს.

„აქვე, მინდა, აღვნიშნო და ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ბატონი პრემიერი არის ინფორმირებული, რომ ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა მთავრობამ და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა მაქსიმუმი საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად. თუ რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი, ეს ყველა შედეგი სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ევროპასთან, უვიზო რეჟიმის მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ შარშან საკმაოდ უსამართლოდ მოგვექცნენ - ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა ბუდაპეშტში, როცა ამ გადაწყვეტილებას უწოდა ამორალური და უსამართლო. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ შეგვესრულებინა 12-ვე რეკომენდაცია, რომლებიც იქნა გადმოცემული ევროკომისიის მიერ. პროცესი ახლაც გრძელდება. ეს მუდმივი პროცესია. ბუნებრივია, ჩვენ წლის ბოლოს ველოდებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც, ვფიქრობ, ექნება მყარი საფუძველი.

„რაც მთავარია, მინდა, აღვნიშნო, რომ თუ დამსახურებაზეა საუბარი, ბუნებრივია, საქართველომ დაიმსახურა, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით იმ ქვეყნების მდგომარეობა, რომელ ქვეყნებსაც მისცეს სტატუსი და მათთან შედარებით საქართველო არის ორჯერ, სამჯერ წინ ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს საჯარო მმართველობა, გამჭვირვალობა, კორუფციის კონტროლი, მართლმსაჯულების რეფორმები, ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა. იქნება ეს დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება თუ პოლიტიკური, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს მნიშვნელოვანწილად არის უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი.

„საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი გააკეთა. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, გაუგებარი იქნება, ყოველგვარ არგუმენტაციას, რაციონალს იქნება მოკლებული ევროპის გადაწყვეტილება. ქართველებს ყველაზე მეტად - მე ამას წინათ აღვნიშნე - არ გვიყვარს და ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას. კიდევ ერთხელ მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„დღეს, ამ ისტორიულ ადგილას, ჩვენი დიდი მეფის ერეკლე მეორის სასახლეში შევიკრიბეთ. ბატონ პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ ჩვენი მეფე თავისი ნიჭით გამორჩეული იყო. იგი მიჩნეული იყო როგორც ერთ-ერთი დიდი სტრატეგი, მხედართმთავარი, რეფორმატორი, რომელმაც ქვეყნის განვითარებას, მოდერნიზაციას საფუძველი ჩაუყარა. მეფე ერეკლე ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებისკენ ყოველთვის ისწრაფოდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა წინანდალში ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე.

რა თქვა უნგრეთის პრემიერმა

თავის მხრივ ვიქტორ ორბანმაც გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა და განაცხადფა, რომ საქართველოში ჩამოსვლა უნგრეთის დელეგაციისთვის პატივია.

„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ ბრძოლას, რომელსაც რამდენიმე ასეული წელია ახორციელებთ, რომ ქრისტიანული სახელმწიფო შეინარჩუნოთ. ჩვენ ვიცით, თუ რა ბრძოლაა ეს, ჩვენი უნგრული ისტორიიდან ვიცით ეს, როგორ იბრძოდნენ ქვეყნები, რომლებიც თავიანთ რწმენას არ თმობდნენ. ბრწყინვალე განვითარების მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმას, რაც თქვენ ქვეყანაში განახორციელეთ. ყველა იმისთვის იბრძვის, რომ ეკონომიკური დონე იყოს შენარჩუნებული, რომელიც ძალიან მაღალი იქნება, თქვენ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლები გვანახეთ ეკონომიკაში და ინარჩუნებთ უკვე რამდენიმე წელია, თქვენი დაახლოება ევროკავშირთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მარტივი, მაგრამ ჩვენი შეხვედრა იყო იმ ფონზე, რომ გლობალური უსაფრთხოების სიტუაცია არასდროს არ ყოფილა იმაზე უარესი, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაშია.

„ვიხილავდით თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის, ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვან გლობალური უსაფრთხოების საკითხებს ვიხილავდით. ჩვენ ორი მთავრობის შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთაც ისტორიული გამოცდილება გააჩნიათ იმის ცოდნისა, რომ მშვიდობა ყოველთვის ჯობს ომს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ კონფლიქტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამშვიდობო შეთანხმებით, ეს უმთავრესია განვითარებისთვის. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ მსოფლიო ჯერ შორს არის ამისგან, ჩვენ, ქართველები და უნგრელები ერთმანეთს ვგავართ, ყველაფერს ვაკეთებთ ორი ქვეყნის თანამშრომლობით, რომ ამას გზა გავუკვალოთ. ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული ხელშეკრულების შესრულება, რომელსაც ორივე ქვეყანამ მოაწერა ხელი. ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მყარი მხარდამჭერი", - განაცხადა ორბანმა.

მისივე შეფასებით, უნგრეთი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მყარი მხარდამჭერია და სამართლაინი იქნება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

„ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე ევროპულ ინტერესებში. მე მახსოვს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები როგორ უერთდებოდნენ ევროკავშირს, ეს არის 2000-იანი წლების შუა პერიოდი. ჩვენ შევექმენით კონკურენტუნარიანობა ევროკავშირის. უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში, ჩავარდებოდა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. უკანასკნელი 20 წლის ეკონომიკური ზრდა შეიძლება, მივაკუთვნოთ ძირითადად ცენტრალური ევროპის გაწევრიანებას, რაც ნიშნავს, რომ ევროპულ კავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ასეთი ენერგია, ისეთი ადამიანები, ვისაც სურთ, იმუშაონ, იყვნენ კრეატიულები, ვისაც აქვთ ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როდესაც დრო დადგება, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის იმით, რომ დაკარგავს თვის კონკურენტუნარიანობას. პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს", - განაცხადა ორბანმა.

კონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ქვეყანას აქვს, არის მაღალი და მე მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს, დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს, საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით, ამიტომ ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, გაბრაზებულები, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, ვინც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთან შედარებით, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

როგორც ორბანმა ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირს სჭირდება საქართველოსთან მეტად ახლოს ყოფნა.

„ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს თუ რასაც ვამბობთ, მართალია, რომ ეს არის დამსახურებაზე დამყარებული პროცესი. თუ ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რაც მოხდა, არის საკმაოდ უსამართლო თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, ეს უნდა გამოსწორდეს რაც შეიძლება მალე. ევროკავშირმა უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ ვერ მოვახდენთ მოდერნიზებას ენერგოსისტემის, ეკონომიკის თქვენს ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ამიტომაც ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის პროგრამები, აზერბაიჯანი, საქართველო, უნგრეთი, რუმინეთი, მწვანე დერეფანი გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ევროკავშირისთვის ეს გახლავთ უზარმაზარი პროექტი, რომელზეც ვლაპარაკობთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მომავალში იქნება ეკონომიკური ზრდის წყარო ყველა მონაწილე წევრი ქვეყნისთვის", - განაცხადა ორბანმა.

ორბანმა ქართულ საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მთელ რიგ ორმხრივ შეთანხმებებს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ მთელ რიგ ორმხრივ შეთანხმებებს, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული იდეები ეკონომიკური თანამშრომლობის, სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსებით მართვის, ფარმაცევტულ-ფისკალურ ინდუსტრიაში. ჩვენ გვაქვს ფლაგმანი ინიციატივები უნგრულ კომპანიებთან, საავიაციო კომპანიებთან, რომლებიც არიან ბაზრის ლიდერები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც ასევე გზას უკვალავენ სხვა კომპანიებს. ჩვენ, 80 სტიპენდიას გავცემთ ქართველ სტუდენტებზე, რომ უნგრეთში ჩამოვიდნენ. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მათი მიღება, მაგრამ ეს არის ინვესტიცია საქართველოში.

„მეგობრობისთვის ორივე ქვეყნისთვის ღრმა საფუძველი გახლავთ ერთიანი, ქრისტიანული ტრადიცია. არ არის ადვილი, იყო ქრისტიანი ევროპაში, არ არის ადვილი მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში. ვთვლი, რომ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები გახლავთ უმაღლესი ღირებულების. ჩვენ მივესალმებით, თუ ქვეყნები გადაწყვეტენ დაუახლოვდნენ ევროკავშირს, რომელიც ამ მემკვიდრეობაზე დგანან. ჩვენ კარგი განზრახვით მოვედით, ჩვენ გვინდა ერთად შევქმნათ ძლიერი ევროპა. გვინდა, უახლოეს მომავალში დავინახოთ, რომ ორი კავშირი, 2 ქვეყანა ეკუთვნის ერთსა და იმავე პოლიტიკურ კავშირს, ევროკავშირს. ღმერთმა დალოცოს საქართველო", - აღნიშნა ორბანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე