თამთა ჩაჩანიძე
(13.10.2023)

რუსეთი ოჩამჩირეში ბაზას უკვე ამაგრებს, როგორც „რეზონანსს" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ეუბნება, ბაზა ისედაც გამზადებული ჰქონდა რუსეთს და დაანონსება მორიგი ფარსი იყო. მისი ინფორმაციით, მალე ბაზაზე რუსული ძალები განთავსდებიან და ქართულმა მხარემ საერთაშორისო საზოგადოებას უფრო აქტიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.

საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განლაგების დაანონსება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას აუარესებს. დასავლეთს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდა როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ისე ოპოზიციამ.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ოჩამჩირის ბაზა საქართველოს ინტერესებს ცალსახად ეწინააღმდეგება, როგორც გეოსტრატეგიული ისე გეოეკონომიკური და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით.

„რა ინფორმაციაც მე მაქვს, ვიცი, რომ ოჩამჩირის ბაზა ისედაც გამზადებულია, უბრალოდ ეს ბოლო პერიოდში გაახმოვანეს. მომზადებულია და გარკვეული რუსული სამხედრო ნაწილები უკვე მოემართებიან, ისინი მალე ბაზაზე განთავსდებიან. მხოლოდ ბოლო ნაწილი გასაჯაროვდა, რომ თითქოს ახლა დაანონსდა.

„ეს ბაზა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებას აუარესებს. საფრთხეა არა მხოოდ გეოსტრატეგიული, არამედ გეოეკონომიკური ინტერესების თვალსაზრისით. ეს გეოეკონომიკური პროექტების რეალიზაციას ეწინააღმდეგება, საუბარია ანაკლიისა და ფოთის პორტებზე.

„როგორც ჩანს, რუსეთი აპირებს, რომ ამის პარალელურად საკუთარი საზღვაო ნოვოროსისკი-ტამანის პორტები გაამაგროს. რუსეთი ამით თავის მხრივ ეკონომიკურ სანქციებს აამოქმედებს. ჩვენ ჩვენის მხრივ სამხედრო-საზღვაო ძალები არ გვყავს, ამასთან დღეს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში არგაღიზიანების პოლიტიკა აქვს და ამის ფონზე ეჭვი მეპარება, რომ რაღაც პრინციპულობაზე წავიდეთ.

„ოჩამჩირეში ბაზის გაუქმების გზა ჯერჯერობით არ ჩანს. თუ უკრაინას ჰქონდა რაიმე რეაგირება, მაინც ისეთი ვერ ექნება, შესაძლოა ოპერატიულ-ტაქტიკური დონის ოპერაცია განახორციელოს, თუმცა ოჩამჩირეს იმის პოტენციალი აქვს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებით გაამყარონ.

„ჩვენთვის უმჯობესია, რომ საერთაშორისო საზოგადოება უფრო მეტად ჩავაყენოთ საქმის კურსში ამ ფაქტზე", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას განცხადებით, ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განლაგების დაანონსება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას აუარესებს. როგორც ბერაიამ თავდაცვის კომიტეტზე განაცხადა, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამშვიდობო პოლიტიკას აგრძელებს.

„მინდა, გამოვეხმაურო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული, უკანონო სამხედრო ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი ობიექტის, ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განლაგების დაანონსებას, რაც წარმოადგენს როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგ, უხეშ დარღვევას, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, რაც აუარესებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და კიდევ უფრო მყიფეს ხდის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ ვართ ერთგული სამშვიდობო პოლიტიკის. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკას. მთელი მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველო სწორედ ამ საზღვრებში იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო", - განაცხადა ბერაიამ.

მანამდე გახარიას „საქართველოსთვის" წევრებმა ამ თემაზე პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრირეს, რეზოლუციის ავტორები აღნიშნავენ, რომ პარლამენტმა ამ რეზოლუციის დამტკიცებით, კიდევ ერთხელ უნდა დაგმოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. ამავე რეზოლუციით საქართველო მოუწოდებს ოკუპანტ ქვეყანას სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ყველა სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და მოხდეს დეოკუპაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე