
საკონსტუტუციო სასამართლო ორშაბათს იტყვის, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო სალომე ზურაბიშვილს გაამტყუნებს, მეტიც ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ „ოცნება" პარლამენტში საჭირო რაოდენობის - მინიმუმ 100 - ხმას მოაგროვებს, „ეჭვიმატინილი „ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები არიან". მმართველ პარტიას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ „კენჭისყრისას ტაბლოზე 90 ხმაზე მეტი დაჯდეს".
პარლამენტში გადაწყვეტილების გაგზავნის ბოლო თარიღი 14 ოქტომბერია, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გადაწყვეტილება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს ანუ 16 ოქტომბერს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე თქმით, მოსამართლე ევა გოცირიძეს დასკვნა უკვე დაწერილი აქვს, თუმცა მასში ცვლილების შეტანა სხვა მოსამართლეებსაც შეუძლიათ.
„საოქმო ჩანაწერში გარკვევით წერია, რომ დარეგისტრირდა 14-ში და პლენუმს გადაეცა 15-ში ანუ პარლამენტში გადაწყვეტილებს გაგზავნის ბოლო თარიღი არის 14 ოქტომბერი, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე შესაძლებელია, გადაწყვეტილება პირველ სამუშაო დღეს, ანუ 16 ოქტომბერს გაუგზავნოს.
„ჯერ ყველა მოსამართლემ უნდა მოაწეროს ხელი და ამის შემდეგ გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და დაიდება ჩვენს ვებ-გვერდზე. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტს ეგზავნება, მაგრამ ჩვენი საერთო წესებით, ვინაიდან ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით მიღებულ გადაწყვეტილებას ვაცხადებთ, მიზანშეწონილი იქნება დარბაზში გამოცხადება, რაც მოხდება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს.
„ევა გოცირიძემ დასკვნა უკვე დაწერა, თუმცა ამ დაწერილ ტექსტში მოსამართლეებს შეუძლიათ თავიანთი კორექტურა შეიტანონ", - განაცხადა მერაბ ტურავამ.
„მოქალაქეების" დეპუტატს ალეკო ელისაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ „ოცნება" ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები მოუგროვდეს, მეტიც იმასაც ფიქრობს, რომ იმპიჩმენტს შეძლებს ოპოზიციონერი დეპუტატების ხარჯზე. როგორც ელისაშვილმა თქვა, ეჭვმიტანილები ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და „ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული დეპუტატები არიან.
„პარტია „მოქალაქეებს" პარლამენტში ორი მანდატი აქვს და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ქეთი თურაზაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას კატეგორიულად გამოვრიცხავთ, მაგრამ არა თუ გამოვრიცხავ, არამედ არ მეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის. რა თქმა უნდა, ხმებს ოპოზიციაში იპოვიან! ეჭვმიტანილები ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და „ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული დეპუტატები არიან. როცა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა იყო, 95-96 ხმა დაფიქსირდა. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება" ოპოზიციის ნაწილთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„თუ „ქართული ოცნების" ქცევებს დავაკვირდებით, ყველაზე საშიშები მაშინ არიან, როცა თავს იკატუნებენ. ახლაც თავს იკატუნებენ, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს ვერ შეაგროვებენ. სინამდვილეში კი, დარწმუნებული ვარ, რომ დღე და ღამე მოლაპარაკება და ვაჭრობა მიდის.
„ოპოზიციაში სხვადასხვანაირი ხალხია - სხვადასხვა ინტერესებით, სურვილებითა და მისწრაფებებით. „ქართულ ოცნებაში" მათი სურვილები, მიზნები და მისწრაფებები მშვენივრად იციან. „ქართულ ოცნებას" შეუძლია ისეთი რამის შეთავაზება, რაც მათთვის მომხიბლავი იქნება", - განაცხადა ელისაშვილმა
ენმ-ში მანამდე განაცხადეს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ისიც თქვა, რომ „სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი კობახიძე არის ბიძინა ივანიშვილის ორი სათამაშო ერთ ხელში".
თავად „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ თუ პროცესმა კენჭისყრის დარბაზში გადაინაცვლა, 90 ხმაზე მეტი მოგროვდეს, პრეზიდენტის გადაყენებისთვის კი 100 ხმაა საჭირო.
„ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს, რომ „ქართული ოცნება" ცდილობს, კულუარებში მეტი ხმის მიღწევას, ცალკე სალომე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს, რომ არ იცის, რამდენი დღე აქვს დარჩენილი - არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს, რამდენიმე დღეში იქნება კენჭისყრა და დარწმუნებული ვარ, 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია სპეკულირებს, რომ „ქართული ოცნება" ხმების მობილიზებას ცდილობს.
„დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა - უნდათ, თქვან, რომ ჩვენ ხმების მობილიზებას ვცდილობთ, გამოჩნდება, რომ იქ 89 თუ 88 ხმა იქნება და მერე იტყვიან, ვერ მოახერხესო. ეს ყველაფერი მარტივი სპეკულაციაა. სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, როდესაც კენჭისყრა დასრულება, 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება ტაბლოზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „კოლექტიური „ნაცმოძრაობა" სალომე ზურაბიშვილს ვერ შეელევა, რადგან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის მისი მხარდაჭერა სჭირდებათ.
„მარტივი სპეკულაციაა, რასაც მათგან ვართ მიჩვეული - უნდათ, თქვან, რომ ვცდილობდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. სინამდვილეში, თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა კონსტიტუციას. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" საარჩევნოდ ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე, არჩევნების შემდეგაც. იციან, რომ არჩევნებს წააგებენ, ელოდებიან, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დაიწყონ საუბარი, რომ გაყალბდა, სჭირდებათ პარტნიორი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ამიტომ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ვერ შეელევა ამ 1 წლის განმავლობაში ძვირფას პარტნიორს, სალომე ზურაბიშვილს, დარჩებიან ალიანსში და პრეზიდენტის თანამდებობაზე დატოვებენ ადამიანს, რომელსაც უწოდებდნენ ჯაშუშს და რეზიდენტს. მათ მყარი ალიანსი აქვთ, საერთო პატრონი ჰყავთ. სალომე ზურაბიშვილს აქვს სრული რწმენა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" მის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს, შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური მოცემულობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



