ელზა პაპოშვილი
(13.10.2023)

კეზერაშვილთან 3-დღიანი შეხვედრების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის მენეჯმენტი კვიპროსიდან დაბრუნდნენ. ადასტურებენ, რომ შეხვედრები გაიმართა პარტიის დამფინანსებელთან, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. რაც შეეხება ნიკა გვარამიას საკითხს, ჩაანაცვლებს თუ არა ის ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ამას თავად ხაბეიშვილი ამბობს, რომ მანდატი 2025 წლამდე აქვს. 

პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ პარტია და კოალიცია ბევრი საინტერესო ადამიანით გაძლიერდება.  

„გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები, ჩვენ გავაკეთებთ ძალიან დიდ კოალიციას. ამის უზრუნველსაყოფად, შევხვდებით ყველა მნიშვნელოვან ადამიანს, მეტსაც გეტყვით, იმდენად საინტერესო ხალხი იყო იქ, მათ შორის საქართველოდან თავმოყრილი... რაც, მგონი, ბიძინა ივანიშვილს ძალიან არ ესიამოვნება. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის იქნება უმნიშვნელოვანესი ადამიანი. მან თქვა, რომ პოლიტიკით აპირებს დაინტერესებას და ამას მხოლოდ მივესალმებით. ცხადია ვითანამშრომლებთ. სხვანაირად შეუძლებელია,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ენმ-ს კვიპროსში ძალიან მძიმე დღეები ჰქონდა.

„ხაბეიშვილისა და დაბრუნებულების გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან მძიმე დღეები ჰქონდათ კვიპროსში. როგორც ჩანს, მისტერ ოფშორი განაწყენებულია, რომ თავის მიერ კრიმინალური გზებით მოპოვებულ თანხებს არამიზნობრივად იყენებენ. საბოლოო ჯამში, ეს ენმ-ისა და ოპოზიციის რეალურ სახეს აჩვენებს. ქვეყანა დაკავებულია პროგრესის უზრუნველყოფით და ეს ადამიანები კლანური მმართველობით კავდებიან,“ - აცხადებს იონათამიშვილი.  

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაკოტრებულია.

„როგორც ჩანს, ტყუილად არ ჩაუვლია ხაბეიშვილის ვარჯიშს, ადგილზეც ივარჯიშა, დარბოდა კიდეც და ამ ეტაპზე, შეინარჩუნა ფორმალური მმართველობა. თუმცა ვაშაძემ თქვა, რომ ყველაზე მეტი მე მომხვდა პარლამენტში და მე რაღა შემრჩება „ნაცმოძრაობაშიო“. უთხრეს, რაღაცა ერთ-ერთი მიმართულების ლიდერი იქნებოდა. ამ დროს არანაკლებ დარბის მელია, მასაც კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს. როგორც ჩანს, ის კიდევ ცალკე განშტოება იქნება, ამ სექტის გაგრძელება. ბევრი მიმართულება აქვს ე.წ. არაფორმალურ მმართველობაშიც კი. მანდაც ვერ თანხმდებიან სპირიტიზმით დაკავებული სააკაშვილი უფრო ფორმალური მმართველია, თუ „კიპრზე“ განცხრომაში მყოფი კეზერაშვილი. გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია და 2024 წლისთვის იმედია, საზოგადოება აირჩევს სხვა, ნორმალურ პარტიებს,“ - აცხადებს მაჭარაშვილი. 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლიდერობა ყველას უნდა და დიდი ალბათობით ლევან ხაბეიშვილს ჩაანაცვლებენ. მისი აზრით, არ არის გამორიცხული ის გვარამიათი შეცვალონ, თუმცა ამით სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვლება, რადგან პარტიის ორად გაყოფა და დაშლა გარდაუვალია.  

„რა თქმა უნდა, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა უკვე წარმოუდგენელია, რადგან ამ ადამიანს არც პარტიაში და არც მიის მხარდამჭერებში სერიოზულად არ აღიქვამენ. შესაძლოა ნიკა გვარამიათი ჩანაცვლება იმიტომ უნდათ, რომ ამით პარტიის ერთიანობის შენარჩუნება შეძლონ და მელიამ  გასვლა გადაიფიქროს. თუმცა რა მნიშვნელობა ექნება, რადგან ხელისუფლების სადავეები ისევ დავით კეზერაშვილს და ვანო მერებიშვილს ექნებათ. ამით მხარდაჭერთა ახალ რაოდენობას ვერ შეიძენენ, უბრალოდ ძველის შენარჩუნებას შეეცდებიან. თანაც გვარამიაც იმ სისხლიან 9 წელთან ასოცირდება და ამით პარტიაში რაიმე ახალი რებრენდიგი ვერ მოხდება. 

„ასევე მიხეილ საკაშვილს აქვს ისევ პოლიტიკური ამბიციები და ვნახეთ ეს სასაცილო და გაუგონარი რაღაცა მავზოლეუმის გახსნა, სადაც სააკაშვილის  ნივთები განათავსეს. სოფო ჯაფარიძემ რა მასკარადიც მოაწყო, ეს თავად ენმ-ის ამომრჩეველსაც არ ჰყოფნის სასაცილოდ. ამიტომ აქ ყველას ლიდერომანია სჭირს და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ პარტიაში რამდენიმე ლიდერი და დაჯგუფება არსებობს. ნაციონალებმა კარგად იციან, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებით ვერ დაბრუნდებიან, ამიტომ არჩევნებისთვის კი არა დესტურქციისთვის ემზადებიან. თუმცა არაფერი არ გამოუვათ,“ - ამბობს გია აბაშიძე. 

რაც შეეხება ნიკა მელიას და მის გუნდს, აბაშიძე ფიქრობს, რომ მის პარტიაში ყოფნას აზრი აღარ აქვს. მელიას თავიდან მოშორებაში თავად სააკაშვილიც იყო ჩართული, ამიტომ მის უკან თავჯდომარედ დაბრუნება გამორიცხულია. მელია რაც უფრო დიდი ხანი იფიქრებს, მისი შანსები უფრო  დაიკლებს. ამიტომ ურჩევნია, პარტია დატოვოს.      

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე