ელზა პაპოშვილი
(15.10.2023)

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი. სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადა 14 ოქტომბერს, უქმე დღეს იწურება, ამიტომ თარიღმა ორშაბათამდე გადაიწია. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, თუმცა მმართველი პარტია პარლამენტში იმპიჩმენტზე კენჭისყრას ჩააგდებს, რადგანაც რეალურად „ოცნებას“ პრეზიდენტის გადაყენება არ აწყობს.

საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყო. მთავარი ბრალდება ოსაა, რომ პრეზიდენტი მთავრობის ნებართვის გარეშე ახორციელებდა ვიზიტებს საზღვარგარეთ, რისი უფლებაც, კოსნტიტუციის თანახმად, არ ჰქონდა. საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში სამ დღეს გაგრძელდა.

პოლიტიკური შეფასებები 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს. მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა „ხელისგულზე დევს“ და ამის არდადგენა სამართლებრივად შეკითხვებს გააჩენს.

„ჩვენ ბოლომდე დავრჩით ჩვენს პოზიციაზე, რომ ეს იყო მარტივი სამართლებრივი კაზუსი. თუმცა, კი ბატონო, საჭირო იყო განხილვა. ჩვენ ყველა შეკითხვას სრულად ვუპასუხეთ - მათ შეკითხვებსაც, საკონსტიტუციო სასამართლოს შეკითხვებსაც. ყოველივე აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას და ეს უნდა დადგინდეს. 

„ხელის გულზე დევს კონსტიტუციის დარღვევა. ამის არდადგენა, რა თქმა უნდა, სამართლებრივად გააჩენს შეკითხვას არა მხოლოდ ჩემი, არამედ ნებისმიერი იურისტის მხრიდან“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა-არდარღვევის შესახებ მმართველი გუნდის ინტერესების შესაბამისი იქნება.

„იმის ილუზია თუ ვინმეს აქვს, რომ სასამართლო ან დამოუკიდებელი ან მიუკერძოებელია, ძალიან ცდება. სამწუხაროდ, დღეს სასამართლო გადაქცეულია „ოცნების“ ინტერესებში მოქმედ ორგანიზაციად. ამიტომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ეს იქნება „ოცნების“ ინტერესებიდან ნაკარნახევი. 

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმპიჩმენტზე, აქ მთავარი ამბავი რა არის - ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. 

„მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილი კი დარწმუნებულია, რომ სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს და „ოცნებას“ პარლამენტში ომპიჩმენტისათვის საჭირო ხმების მოგროვება არ გაუჭირდება. 

„ქართული ოცნება“ ძალიან აქტიურად მუშაობს იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები რომ ჰქონდეს და მე, გულახდილად გითხრათ, ეჭვი არ მეპარება, რომ სათანადო ხმებს მოაგროვებენ. ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხავთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას. მაგრამ არ გამოვრიცხავ, უფრო სწორად, ეჭვი არ მეპარება, რომ „ოცნება“ სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის. პირველ რიგში მხედველობაშ მაქვს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატები. გაიხსენეთ რა მოხდა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა იყო - 94-95 ხმა დაფიქსირდა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

„კონსტიტუციის დარღვევას დაუმტკიცებენ, მაგრამ კენჭისყრას ჩააგდებენ“

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, დიდი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს. წინააღმდეგ შემთვევაში ეს ხელისუფლების  პოლიტიკური მარცხი იქნება, რადგან აღოჩნდება, რომ თავად მმართველი გუნდის წარმომადგენელმა  კონსტიტუციონალისტებმა საჩივარი არასწორად წარადგინეს. საყვარელიძე „რეზონანსთან“ ვარაუდობს, რომ ამის შემდეგ პარლამენტში კენჭისყრაზე იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდება და ეს ხელისუფლებისთვის უფრო  ადვილი ასახსნელი იქნება. 

„ჩვენ ვნახეთ ჩვენი პარტნიორებისგან როგორი დირექტივები იქნება მოცემული, მითუმეტეს სტატუსის მიღების წინა პერიოდში. ირაკლი ღარიბაშვილს ორბანთან იმის ახსნაც კი მოუწია, რომ ეს მხოლოდ  ტექნიკური საკითხია და პოლიტიკურად ზურაბიშვილის პასუხისმგებლობას არ აპირებდნენ. ამიტომ მრჩება ეს განცდა, რომ ზურაბიშვილს სამართლებრივად დაუმტკიცებენ, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი. ამის შემდეგ კი პროცესები პარლამენტში გადავა, სადაც კენჭისყრა ჩავარდება.

„ამ შემთხვევაში ხელისუფლებას უფრო ექნება ახსნა, რომ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში მისი ჩავარდნა უკვე ხელისუფლებას პოლიტიკურად თავად დააზიანებს. მეორეს მხრივ კი პრეზიდენტის გაშავებას შეძლებენ და დაამტკიცებენ, რომ ის კონსტიტუციას პატივს არ სცემს. სხვაგვარად პროცესები ნაკლებად წარმომიდგენია. არ მგონია, რომ „ოცნება“ ახლა, კანდიდატის სტატუსის მიღების წინ, როცა ევროპელებისგან რეკომენდაცია  მიიღეს, რომ ეს არ გააკეთონ, აქამდე მივიდეს“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.

„წაუგებელი თამაში“ ზურაბიშვილისთვის 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ასევე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ზურაბიშვილის მხოლოდ სამართლებრივად დასჯა აქვს გადაწყვეტილი და  პარლამენტში კენჭისყრას ჩააგდებს. ძაბირაძე ფიქრობს, რომ მათი მთავარი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციის დამრღვევის სტატუსი ჰქონდეს და შემდეგ არჩევნებამდე ამის აპელირებას შეეცდებიან. სხვა მიზანი პოლიტიკურად ლოგიკაში ვერ ჯდება და თუ ამ არალოგიკურ გადაწყვეტილებსს მიიღებენ, მხოლოდ საკუთარ თავს და ქვეყანას დააზიანებენ. 

„სალომე ზურაბიშვილისთვის ეს არის წაუგებელი თამაში. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მოხდება იმპიჩმენტი თუ არა. ზურაბიშვილი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ახერხებს იმის ჩვენებას, რომ ის ხალხის ნების შესაბამისად მოქმედებს და პორდასავლერ ლიდერს დევნიან. ამიტომ ხელისუფლებას აქვს ასეთი ტაქტიკა არჩეული, რომ ყევლა მიზეზს გარეშე ზურაბიშვილი უნდა  დასაჯანონ, მაგრამ როგორ? ამისთვის აირჩიეს იმპიჩმენტის სამართლებრივი დავა. ხოლო პოლიტიკური არ მგონია, რომ ბოლომდე მიიყვანონ. მე იმასაც კი ვფიქრობ, რომ როგორც კი დაინახავენ, რომ ხმები გროვდება, პირიქით, პარლამენტში თავად ჩააგდებენ.

„კენჭისყრა ფარულია, ამიტომ ვინ გაიგებს მხარი ვინ დაუჭირა და ვინ არა... ზურაბიშვილის მიმართ ახლა „ოცნებასაც“ და „ნაციონალებსაც“ შიში აქვთ. ის შეიძლება 2024 წლისთვის მოგვევლინოს ლიდერად, რომელიც მხარდაჭერილი იქნება დასავლეთიდანაც და ქვეყნის შიგნიდანაც. ამ  გაკოტრებულ ოპოზიციურ ველზე ახალი ლიდერის წარმოქმნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მითუმეტეს გიორგი გახარიასთან ერთად უფრო მეტი შანსები ექნებათ. ამიტომ არ ველი, რომ „ოცნება“ ამ დონემდე გარისკავს. მშვენივარდ აცნობიერებენ ამას რა შეიძლება მოჰყვეს და არ მგონია თავი ამდენად აიტკიონ“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთნ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე