
ევროკავშირის ლიდერები ისრაელ-„ჰამასის" ომთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ, აშშ-ს პოზიცია კი ასეთია, რომ ღაზას ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება, თუმცა, ისრაელმა უნდა უპასუხოს თავდასხმას".
ისრაელს სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაუწყია, მედია წერს, რომ ისრაელი 16 ოქტომბრის დილით სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დასთანხმდა, იმისთვის, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა შესაძლებელი გახდეს, რომელიც ღაზას ეგვიპტესთან აკავშირებს, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ და დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი. თუმცა, მოგვინებით ისრაელის მთავრობამ ფაქტი უარყო.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ როგორც ჩანს ისრაელს სახმელეთო ოპერაციის წამოწყებაში დასავლეთის დიდი მხარდაჭერა არ აქვს, რადგან „ჰამასს" ღაზის სექტორის მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენება სურს და მათ ევაკუაციას ეწინააღმდეგება და თუ სამხედრო ოპერციას მოჰყვება ის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა მასობრივად შეეწირება, ეს ისრაელის საერთაშორისო იმიჯზე კარგად არ აისახება.
ამასთან ანალიტიკოსები ეჭვობენ იმაზეც, რომ ისრაელის ახლადჩამოყალიბებულ დროებით მთავრობაში ერთიანი პოზიცია არაა სახმელეთო ოპერაციაზე.
როგორია დასავლეთის პოზიცია და ადგილზე ვითარება
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელმა რეაგირება უნდა მოახდინოს „ჰამასის" მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე, თუმცა, ღაზას ხელახალი ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება. ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის ღაზას სრულ ბლოკადას, ბაიდენმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, ისრაელი იმოქმედებს ომის წესების შესაბამისად და ღაზაში უდანაშაულოებს ექნებათ შესაძლებლობა ჰქონდეთ წვდომა მედიკამენტებზე, საკვებსა და წყალზე.
დაუჭერს თუ არა მხარს ის ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაციას ამ ეტაპზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა :"ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იქნება. ჩემი აზრით, იმის მიზეზი, რაც ღაზაში მოხდა, „ჰამასის" ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს და ვფიქრობ, რომ შეცდომა იქნებოდა ისრაელის მიერ ღაზას ხელახალი ოკუპაცია".
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი" მთლიანად უნდა აღმოიფხვრას, თუმცა დასძინა, რომ საჭიროა პალესტინური ხელისუფლება. „უნდა არსებობდეს - გზა პალესტინის სახელმწიფოსკენ".უნდა შეწყდეს თუ არა ცეცხლი, ბაიდენმა უპასუხა :„ისრაელი სდევნის ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ჩაერთნენ ბარბაროსობაში, რასაც ისეთივე შედეგი მოჰყვება, როგორიც ჰოლოკოსტს. ასე რომ, ვფიქრობ, ისრაელმა უნდა უპასუხოს. უნდა სდევნიდეს „ჰამასს".
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავენ. მისი თქმით, ომს აქვს პოტენციალი გააუარესოს დაძაბულობა თემებს შორის და გააძლიეროს ექსტრემიზმი ევროპაში და არსებობს მიგრაციისა და ხალხის დიდი ნაკადის მეზობელ ქვეყნებში გადაადგილების დიდი რისკი.
მიშელის თქმით, ლიდერები განიხილავენ გზებს, რათა დაეხმარონ სამოქალაქო პირებს და ითანამშრომლონ ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.ის გმობს სასტიკ ტერაქტებს და რომ "ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული დაცვით".
„ამ კონფლიქტს ბევრი შედეგი აქვს, მათ შორის ჩვენთვის ევროკავშირში. კონფლიქტს შეიძლება ჰქონდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული შედეგები ჩვენი საზოგადოებებისთვის", - აღნიშნა მიშელმა.
ისრაელის თავდაცვის ძალები და თავდაცვის სამინისტრო აცხადებენ, რომ იმ დასახლებების მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავენ, რომლებიც ლიბანის საზღვრიდან ორ კილომეტრამდე მანძილზე მდებარეობენ. ეს გადაწყვეტილება დაჯგუფება „ჰეზბოლას" მხრიდან რამდენიმე სარაკეტო თავდასხმის ფონზე მიიღეს.
თავდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სამსახურის ცნობით, მოქალაქეებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საოჯახო სასტუმროებში გადაიყვანენ. ისრაელის თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევაკუაციის გეგმა 28 დასახლებას ეხება და ის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა უკვე დაამტკიცა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შესახებ ღაზასა და ეგვიპტეს შორის რაიმე შეთანხმება არსებობს.
„ამ დროისთვის ღაზის სექტორში არ მოქმედებს არც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და არც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უცხოელების გასვლის სანაცვლოდ", - განუცხადეს „სიენენ"-ს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.
განცხადება გაავრცელა „ჰამასმაც", სადაც აღნიშნულია, რომ ეგვიპტიდან არ მიუღიათ დადასტურება რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის შესაძლო გახსნის შესახებ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნა იგეგმებოდა, რომელიც ღაზას ეგვიპტესთან აკავშირებს. ამასთან, „როიტერსის" ცნობით, იმისთვის, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა შესაძლებელი გახდეს, ისრაელი 16 ოქტომბრის დილით, ადგილობრივი დროით 9:00 საათიდან სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დასთანხმდა.
რა მიზეზები აქვს სახმელეთო ოპერაციის გაჭიანურებას
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ისრაელის არმია უკეთესად ემზადება, რადგან თავადაც გაცნობიერებული აქვს, რომ ღაზის სექტორში სერიზული წინაარმდეგობა დახვდება, ამასთან ისრაელის მიზანია, რომ რაც შეიძლება დაიცალოს მშვიდობიანი მოსახლეობისგან ტერიტორია.
„ჩემი აზრით, სახმელეთო ოპერაცია იმიტომ არ იწყება, რომ ისრაელის არმია „ცახალი" უკეთესად ემზადება. იცის , რომ ღაზის სექტორში სერიოზული წინააღმდეგობა დახვდება. ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, „ჰამასი", რომელმაც სიტუაციის დაძაბვა დაიწყო, იმასაც ხომ გათვლიდა, რომ ისრაელის სამხრეთ ნაწილში რომ შევარდნენ, დიდხანს იქ ვერ გაჩერდებოდნან, მძევლებს გაიყვანდნენ, მერე კი ისრაელი საპასუხო ქმედებებს დაიწყებდა?!
„ისრაელის საპასუხო ქმედება ან საჰაერო დაბომბვაა, ან ახლა გამწარებული უკვე სახმელეთო ოპერაციასაც გეგმავს. „ჰამასის" წევრებს მიწისქვეშა გვირაბები და სხვა თავდაცვითი ზღუდეები მობილიზებული ექნებათ და ღაზის ქუჩებში ჯავშანკოლონების გამოსვლას ელოდებიან.
„ამას ისრეალის დაზვერვაც ხვდება, ამიტომ ცდილობს, რომ ჯერ კარგად მოემზადოს და სამიზნეები გაანადგუროს. ჯავშანკოლონების შესვლა თუ დაიწყო, ამას საარტულერიო დამუშავებაც დასჭირდება. შესაძლოა ეს ოპერაცია ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყოს. ჩრდილოეთიდან სამხრეთ ნაწილში ხალხის გაყვანა ჯერ კიდევ მიდის.
„ხალხი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში დარჩება, რა თქმა უნდა, ეს ისრაელს არ აწყობს, რადგან უნდა თუ არა, მსხვერპლი იქნება, რაც საერთაშორისო იმიჯზე იმოქმედებს. მეორეს მხრივ „ჰამასი" მოსახლეობის ევაკუაციას ეწინააღმდეგება, უნდა, რომ ეს ხალხი ერთგვარ ცოცხალ ფარად გამოიყენოს, რომ იქ დარჩეს.
„ამ ფატორების გამო,შესაძლოა ისრაელი არ ჩქარობს და სწორედაც იქცევა, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, რომ საერთოდაც არ ჩატარდეს ეს ოპერაცია. ისედაც ისრაელის მხრიდან „ჰამასის" სხვანაირად დასჯა გამორიცხულია. ეს სახმელეთო ოპერაციაც რომ ჩატარდეს, ესეც არაა 100%-იანი გარანტია, რომ ეს დაჯგუფება მთლიანად იქნება განადგურებული, უბრალოდ შეუძლებელია. იქ ორი მილიონი ადამიანია და ერთს თუ გაანადგურებენ, ხვალ პატარა ბიჭები ჩაენაცვლებიან.
„ისრაელ-არაბეთის დაპირისპირება უვე ამდენი ხანია გრძელდება, სადაც გამოსავალი ურთულესია, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი იმასაც კი არ უშვებენ, რომ მეზობლური თანაცხოვრება შეძლონ. ირანი იძახის, რომ ისრაელი არ უნდა არსებობდეს, როგორც სახელმწიფო, თუმცა, იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე მოქმედი ორგანიზაცია „ფათჰი", რომელიც თავის დროზე „ჰამასს" დაუპირისპირდა, ამბობს , რომ „ჰამასი" მთელი პალესტინელი ხალხის აზრს არ წარმოადგენს.
„რეალურად „ჰამასმა" უბრალო ხალხი ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააყენა, ისინი ისრაელის დაბომბვებისგან ფაქტობრივად გაწირა. თუ სახმელეთო ოპერაცია დაიწყება და ისრაელმა სრული კონტროლი არ დაამყარა, მაშინ რა თქმა უნდა ის „ჰამასის" დაჯგუფებას ვერ გაწყვეტს. აქ მთავარი სახმედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაა. შესაძლოა ამ დაჯგუფების ცოცხალი ძალა საზღვრებს გარეთ გავდეს, მაგრამ გვირაბების და შტაბების, საამქროებისა და სხვა სამხერო ინფრასტრუქტურის განადგურება შეუძლიათ. ამისთვის კი საჭიროა, რომ ისრაელმა ღაზას სექტორზე გარკვეული დროის მანძილზე სრული, ან ნაწილობრივი კონტროლი დაამყაროს.
„ტერიტორიიის ფიზიკურად დაკავების გარეშე, ამ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება ურთულესი იქნება. საავიაციო დაბომბვებით, თუნდაც ზუსტი წერტილოვანი დარტყმებით, შეუძლებელია, რომ ყველაფერი განადგურდეს",- განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".
კავაკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ისრაელი ახლა რამდნეიმე დილემის წინაშეა, პირველია შიდა პოლიტიკური სიტუაცია, მეორე კი დასავლეთის პოზიცია და შესაძლოა მათგან არის გარკვეული ზეწოლა, რომ არ დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია, რასაც დიდი ამბები მოჰყვება.
„ისრაელის ხელისუფლება სამი პრობლემის წინაშე დგას - პირველი დილემა შიდა პოლიტიკური პრობლემებია, რადგან ახლადჩამოყალიბებული დროებითი მთავრობის, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც, ყოფილი თანამდებობის გამოცდილი პირები არიან, დამოკიდებულება ისეთია, რომ ღაზაში შესვლა, ესაა „ჰამასის" მიერ დაგებულ ხაფანგში თავის გაყოფა და ამისთვის „ცახალი" რამდენად მზადაა, ამაში ეჭვი შეაქვთ.
„მეორე საკითხი საგარეოა, ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო თვლის, რომ ამან შესაძლოა საკმაოდ დიდი მასშტაბის ჰუმანიტარული კრიზისი შექმნას, რამაც შესაძლოა არასასურველი სცენარების განვითარება გამოიწვის და მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპოს. ამის პარალელურად, მიგრაცია იქნება და ეს ორი მილიონი ადამიანი შესაძლოა ევროპის სახელმწიფოებში გადავიდეს.
„დღეს ევროკავშირი არსებულ მიგრაციის პროლემას ვერ აუდის, თან იმის საშიშროებაც არის, რომ მოქალაქეებს დივერსიული ჯგუფები შეჰყვეს. აშშ-სა და ევროკავშირს შორის სერიოზული კონსულტაციები მიდის და როგორც ჩანს ისინი ამას ჯო ბაიდენს უმტკიცებენ.„ჰამასის" განადგურება, ღაზის სექტორის დაკავების გარეშე შეუძლებელია.
„თუ „ცახალმა" ეს ოპერაცია წამოიწყო და სისხლისმღვრელ ბრძოლებში ჩაერთო, ამან შესაძლოა ახალი ესკალაცია გამოიწვიოს, აშშ-ს მოუწევს უკვე ორ ფრონტზე დახმარება. ამერიკელები ამისთვის მთლად მზად არ არიან, თან საპრეზიდენტო არჩევნებია მოახლოვებული და რესპუბლიკელების რეიტინგი მაღალია.
„თუ ისრაელმა დასვალეთის პოზიცია არ გაითვალისწინა და მაინც დაიწყო ოპერაცია, უკვე ისეთი სიტუაცია შეიქმნება, რისი პროგნოზირებაც ურთულესია",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



