თამთა ჩაჩანიძე
(16.10.2023)

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიცია ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ახლა ყველაფერი მმართველი პარტიის ვერტიკალს ექვემდებარება და „საკონსტიტიციო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო აღარ არსებობს". „ოცნება" კი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანია და რომ დღეიდან ზურაბიშვილი პრეზიდენტი უკვე ფორმალურადაა.

ახლა უკვე პროცესი პარლამენტში ინაცვლებს და ანალიტიკოსებს არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ იმპიჩმენტი საბოლოოდ გაფორმდება და საჭირო ასი ხმა მოგროვდება, ამას ფიქრობს თავად „ქართული ოცნებაც" და ამასთან, ოპოზიციაც ირწმუნება, რომ მმართველ პარტიას პროცესის ბოლომდე მიყვანაში ხელს არ შეუწყობენ.

ამასთან ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მსგავსი რამ საქართველოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში არ მომხდარა და არის იმის რისკი, რომ ზუსტად ეს გახდეს დამაბრკოლებელი ევროინტეგრაციის გზაზე და კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ.

თუ პრეზიდენტს პოსტი შეუნარჩუნდა შემდგომ თავად ზურაბიშვილი რას აპირებს უცნობია, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, დიდი ალბათობით თავისი ნებით თანამდებობას არ დატოვებს.

იმპიჩმენტის საკითხი 1-ელ სექტემბერს „ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რის შემდეგაც საიმპიჩმენტო წარდგინებას მმართველი პარტიის 80-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი. სასამართლო განხილვა სამი დღის განმავლობაში მიდიოდა. ახლა კი, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ დარღვევა დაადგინა, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და უკვე 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადასაყენებლად. ამ მოცემულობით უმრავლესობაში „ხალხის ძალის" ჩათვლით 84 დეპუტატია, ოცნებას" კი დამატებით მინიმუმ 16 ხმის მობილიზება მოუწევს.

მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

საკონსტიტუციო სასამარტლოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა ორშაბათს შუადღით გამოაქვეყნა, სადაც სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

"საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ მუხლის „ა" ქვეპუნტქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას.

„დასკვნა ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. დასკვნას დაერთოს მოსამართლეების, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი", - განაცხადა სასამართლოს დასკვნის წაკითხვისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას ჰქონდა ადგილი, 9 მოსამართლიდან 6 მოსამართლის მხარდაჭერა აქვს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ დასკვნის გამოცხადებისას განაცხადა, განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ. კერძოდ, ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, პარლამენტი სასამართლოს დასკვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეს პლენარული სხდომა შეიძლება დახურულად გამოცხადდეს.

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარულია.ამასთან, თუ პარლამენტმა რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში კენჭი არ უყარა თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ან ამ გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის წევრთა შესაბამისმა რაოდენობამ არ დაუჭირა, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და აღნიშნული თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა დაუშვებელია.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში მიმდინარე კვირას გაიმართება.

პოლიტიკური შეფასებები

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, აღარ არსებობს".

„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირ აკონტროლებს „ქართული ოცნება", სასამართლოს კლანი, სწორედ მათი წევრებით არის დაკომპლექტებული, ამიტომ დიდი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არ იყო და კიდეც ვამბობდით, რომ იქნებოდა განსხვავებული აზრები, ისიც ვიცოდით, ვინ დაწერდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას - გიორგი კვერენჩხილაძე და ირინე იმერლიშვილი, დანარჩენმა მხარი დაუჭირეს განა კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ ნორმების სამართლებრივ განმარტებას, არამედ მხარი დაუჭირეს პირდაპირ „ქართული ოცნების" ვერსიას სამწუხაროდ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც აღარ არსებობს, არცერთი დამოუკიდებელი ორგანო აღარ არსებობს, რომელიც რაიმე ობიექტურ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებდა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერი ექვემდებარება „ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ვერტიკალს",- აცხადებს ბეჟაშვილი.

„გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს,რომ მმართველი პარტია ცდილობს პროდასავლელი ელექტორატისთვის სალომე ზურაბიშვილი ალტერნატივად წარმოჩნდეს, თუმცა, რეალურად, როგორც ხვიჩია აღნიშნავს, „ქართული ოცნებისთვის" და სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული ხმები „ერთ ყულაბაში" აღმოჩნდება.

„არანაირი ნიშნები რეალურ საკითხებზე რომ „ქართული ოცნება" და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს ებრძვის, არ იკვეთება. ეს არის მცდელობა ე.წ. პროდასავლელი ამომრჩევლის მოტყუების, რომ თუ არ მოგწონს "ქართული ოცნება" პრორუსული პოლიტიკის გამო, აგერ არის პროდასავლელი სალომე ზურაბიშვილი, ამიტომ ხმა მას უნდა მისცე, მაგრამ ორივესთვის მიცემული ეს ხმები ერთ ყულაბაში აღმოჩნდება, ამ ტყუილში ეხმარება საკონსტიტუციო სასამართლო "ქართულ ოცნებას",- განაცხადა ხვიჩიამ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ დღეიდან საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნევა და თანამდებობაზე მხოლოდ ფორმალურადაა.

„სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან. თუმცა, ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ.

„საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.

„როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს - სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება.

„რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, ის დღეიდან უკვე მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლიგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. „კოჭლ იხვად", რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას" არის ადევნებული", - განაცხადა კობახიძემ.

განმარტება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც გააკეთა.

„მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია პარლამენტში ოფიციალურად შემოვა, საკითხის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკი უნდა შედგეს. ხვალ ბიუროს სხდომა გაიმართება და ბიუროზე დადგენილების პროექტს წარმოვადგენთ, რომელშიც განხილვის გრაფიკი იქნება. პარლამენტს შეტყობინების მიღებიდან ორი კვირა აქვს, რათა საკითხი განიხილოს და კენჭი უყაროს. ვინაიდან მიმდინარე კვირა სასესიო კვირაა, აჯობებს საკითხი მიმდინარე კვირაში განვიხილოთ და კენჭისყრაზე დავაყენოთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რა მოჰყვება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლებას

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის გამტყუნება ქვეყნის რეპუტაციული ზიანია და კანდიდატის სტატუსზე უარყოფითად აისახება. მისი თქმით, შესაძლოა ევროპელმა ლიდერებმა ქართველი ხალხის არჩევანიც კი აღარ გაითვალისწინონ, რადგან ეს დასკვნა საზოგადოებისთვისაც „შემოლაწუნებაა".

„ასეთ დასკვნას ველოდებოდი, თუმცა არ გამოვრიცხავდი იმისაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა. სამწუხაროდ მათ ყველაზე ცუდი ვარიანტი მიიღეს, რადგან ეს კონსტიტუციის დარღვევა არაა. პირიქით, დარღვევა იყო „ოცნებისგან", რომელიც პრეზიდენტს უფლებას არ აძლევდა, რომ ევროპაში ვიზიტით საქართველოს ევროპული ორიენტაცია დაეცვა.

„მემგონი ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ეს საქართველოსთვის ძალიან სერიოზული რეპუტაციული დარტყმაა. მოუხედავად იმისა,მოაგროვებენ თუ არა საბოლოოდ პარლამენტში ას ხმას, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც პოლიტიზირებულია. რეპუტაციული ზიანი ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიის დვალება შეასრულა.

„ახლა თუ პარლამენტმა იმპიცმენტი საბოლოოდ ვერ გააფორმა, ეს კარგი ნიშანი იქნება, მაგრამ ეს არა სახელმწიფოს, არამედ მხოლოდ ოპოზიციის სახე იქნება, რომ კარგი გააკეთა. სახემწიფოს სახე ისაა, რომ არა მხოლოდ მურუსიძის სასამართლოა სამარცხვინო,არამედ საკონსტიტუციო სასამართლოც. მათ დემოკრატიასთან არავითარი საერთო არ აქვთ და ეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა.

„ევროპაც ყოველთვის ვერ გვაპატიებს. ყვეაფერზე თვალს ხუჭავენ, ამბობენ, რომ ქართველ ხალხს უნდა დავუჭიროთ მხარიო, მაგრამ „ოცნება" და მისი ხელის სასამართლოები ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ სტატუსი ვერ მივიღოთ. ძალიან გამიხარდება თუ ვცდები, მაგრამ მემგონი ევროპელები მიხვდებიან და იტყვიან - ამ ქვეყნის მიღება ევროპაში როგორ შეიძლება?! პარლამენტი პარლამენტი არაა, სასამართლო სასამართლო არაა, პრეზიდენტი გაამტყუნეს. ესაა შეგნებულად გამომწვევი ნაბიჯი.

„შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერს არ გამოიწვევს. მაგალითად რამდენიმე ხნის წინ ისრაელში სასამართლოს გამო ხალხი ქუჩაში იყო გამოსული და ორად გაყოფილი. ჩვენი ხალხი ამას არ გააკეთებს. ეს საზოგადოების შემოლაწუნებაა და ევროკავშირისთვის დამატებითი ფაქტორი თქვან, რომ სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს და ხალხს ეს არ ადარდებს, ანუ ხალხიც არაა მზად გაისიგრძეგანოს თუ რა კატასტროფა მოხდა დღეს საქართველოში",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზინანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ოცნება" საჭირო ას ხმას ვერ მოაგროვებს და პრეზიდენტი თანამდებობაზე დარჩება. რაც შეეხება ზურაბიშვილის მიერ, საკუთარი ნებით პოსტის დატოვებას, ანალიტიკოსი ამასაც გამორიცხავს.

„მგიონია, რომ პარლამენტში საკმარისი ხმები არ შეგროვდება, ის სულისკვეთება, რაც ოპოზიციამ ასე ბეჯითად გაატარა, რომ მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, ეს სავარაუდოდ დაცული იქნბა, რადგან მათ თუ ხმა მისცეს, გაუგებარი სიტუაცია შეიქმნება - თუკი ნათქვამი აქვთ, რომ პრეზიდენტი ჩვენს პოლიტიკაში რუსეთისთვის სასარგებლო ელემენტებს აკრიტიკებს, მაშინ ოპოზიციამ, რომელიც იძახის ევრიპული ორიენტაციის ვართო, ხმა არ უნდა მისცეს.

„მგონია, რომ ხელისუფლება ხმების მოგროვებას ძალიანაც არ ეცდება და პრეზიდენტი სავარაუდოდ თანამდებობაზე დარჩება. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ჩვენი მიზანი იყო მითითებულიყო, რომ ჩვენ რეაქცია მივეცითო, მაგრამ მე მგონია, რომ პირველი ნაბიჯები დაუფიქრებად გადადგეს და ევროპელების რეაცქია რომ ნახეს, მერე უკვე ეს პოზიცია აირჩიეს, რომ მოდით ვცადოთ, რომ იმპიჩმენტის პროცესი აღარ გაღმავდესო.

„ეჭვი ერთ რამეში არ მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად პატრიოტი ადამიანია, თუმცა ხშირად შესაძლოა ისეთი რამე თქვას, ან გააკეთოს, რომელიც მას წამგებიან პოზიციაში ამყოფებს და რომლის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდება. თუ ზურაბიშვილი დაინახავს, რომ ქვეყანას მისი გაგაგდომით უარეს მდგომარეობაში ჩააყენებს, ის არ გადადგება.

„ევროპელების რეაქციაც ვნახეთ და დღეს ქვეყნისთვის წამგებიანი იქნება ზურაბიშვილის გინდ გადაყენება, გინდ გადადგომა. გადადგომა ხომ მაინც იმის ჩვენებაა, რომ ის აიძულეს, ამიტომ ზურაბიშვილის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ქვეყანას არ მოუხდება. ქვეყანამ სააკაშვილი 9 წელი მოითმინა, როცა მას მთელი ძალაუფლება ხელში ჰქონდა, რასაც გადამეტებით იყენებდა და ზურაბიშვილს ძალაუფლება არ გააჩნია და ერთი წელი კიდევ ის ვადა არაა, რომ ქვეყანამ ვერ აიტანოს, ამით არაფერი დაშავდება",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე