თამთა ჩაჩანიძე
(17.10.2023)

„ჩემი დუმილის დრო დასრულდა"... „ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა, თვითონ იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა", - ამ გზავნილებით მიმართა 16 ოქტომბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ევროპული ტურნეთი, რომელზედაც მთავრობის თანხმობა არ ჰქონია, კონსტიტუცია დაარღვია. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ემოციური ფონის გავლენით პრეზიდენტმა მართლაც შეიძლება განაცხადოს ან გააკეთოს რაღაც ისეთი, რასაც ჩვეულებრივ ვითარებაში რა გააკეთებდა. მათ შორის გამორიცხული არ არის არც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვვეტილებით „გული ეტკინა", თუმცა თავისი ნებით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტს სერიოზული რეპუტაციული ზიანი უკვე მიადგა. სწორედ ამის გამო, მისი 16 ოქტომბრის მიმართვა ძალიან ემოციური „წონასწორობადაკარგული" იყო. როგორც ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, სალომე ზურაბიშვილი „ოცნების" პოლიტიკურ სამზარეულოში მეტ-ნაკლებად ჩახედულია და საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მატარებელია.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, 16 ოქტომბერს გამოაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პლენუმის 9 მოსამართლედან მხარი არ დაუჭირა სამმა მოსამართლემ: ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. კონსტიტუციის დარღვევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა.

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა

პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მისივე თქმით, ქვეყანა ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად, სადაც სახელისუფლებო შტოებს შორის არ არის ბალანსი.

„დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალიც და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ ქვეყნად. ეს არის „ოცნების" მცდელობა, მაგრამ „ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის. ეს მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო - ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს. ამას ახლო მომავალი გვეტყვის.

„მთელი საზოგადოება ამ ევროპულ გზაზე არის გაერთიანებული. ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ შედეგს. პირველ შედეგს წლის ბოლოს, რაც არ უნდა უშლიდნენ ხელს შიგნიდან ვიღაც-ვიღაცები. მომავალი წლის ბოლოს უკვე შემდეგი ეტაპია. წინ გვაქვს წელიწადი და ამ ყველაფერს მივაღწევთ. ნურავინ დაკარგავს იმედს, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მიმართა ოპოზიციას, საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას გარეთ დადგნენ.

„პარლამენტშიც მივალ. სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდა ვურჩიო... ყველას გადასაწყვეტია, მე ვერაფერს და ვერავის ვუკარნახებ. მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ სურათი იყოს ძლიერი, გარეთ დადგნენ. დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა ისედაც გამოვალ და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რაც ვგრძნობ, რომ ქვეყანაში არსებობს, დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე", - დასძინა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

როგორ იკითხება პრეზიდენტის გზავნილები

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა საკმაოდ ემოციური იყო და არაა გამორიცხული, რომ ამის ფონზე მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღოს და ლაპარაკიც დაიწყოს იმაზე, რაც იცის, თუნდაც „ქართული ოცნების" პოლიტიკური სამზარეულოდან.

„სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა ბოლომდე არა, მაგრამ „ქართული ოცნების" შიდაპოლიტიკურ სამზარეულოში მეტ-ნაკლებად ჩახედულია. მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, მათ წრეში ტრიალებდა, ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონტაქტები ჰქონდა. ფაქტიურად, ბიძინა ივანიშვილის კრეატურაა - „ოცნებას" მან შესთავაზა ზურაბიშვილის კანდიდატურა და რა თქმა უნდა, მას გარკვეული ინფორმაცია აქვს, რომელიც შეიძლება აქამდე არ გაუჟღერებია.

„ზურაბიშვილს შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია ევროპელი კოლეგებისგანაც, თუ ევროპაში ან აშშ-ში „ოცნებასთან" დაკავშირებით რა და როგორ ხდებოდა. ჩემი აზრით, ბევრი ინფორმაციის მატარებელია.

„მისი გამოსვლის შინაარსი და პათოსი იყო, რომ ეს (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება) იყო ანტიევროპული ნაბიჯი და ევროინტეგრაციისთვის ხელის შემშლელი აქტი. შესაბამისად, ის იტყვის იმას, რაც მისი აზრით მას გაამართლებს და იმ დამღას თუ ლაქას ჩამორეცხს, რაც მას საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ დაედო. ზურაბიშვილმა რაც არუნდა ილაპარაკოს, რომ ეს ანტიევრიპული აქტია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები რამდენიც არ უნდა დაამუნათოს, ვერდიქტი უკვე დამდგარია, ეს ამბავი ევროპაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში გავა. მას ძალიან სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიადგა.

„მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მისი 16 ოქტომბრის მიმართვა ძალიან ემოციური და წონასწორობადაკარგული ადამიანის გამოსვლა იყო და შესაძლოა მან ამ ემოციურ ფონზე ისეთების ლაპარაკი დაიწყოს, რასაც სხვა შემთხვევაში არ იტყოდა. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ემოციური გადაწყვეტილებაც მიიღოს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

იგი არ გამორიცხავს, რომ ამ ემოციურ ფონზე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს დამატებით კიდევ რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული და შესაძლოა, ამნისტია რამდენიმედღიანი გამოდგეს.

„ახლა ის ისეთ მდგომარეობაშია, რომ შესაძლოა უფრო ემოციებით ხელმძღვანელობდეს, ვიდრე რაციონალური გონებით და სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებაც არ მგონია გამორიცხული იყოს. საქმე ისაა, რომ ამით მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან სააკაშვილზე სასამართლო ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დავუშვათ შეიწყალა და ამით ქვეყანაში რამდენიმედღიანი არეულობა გამოიწვია. ცოტა ხანს თავისუფალი იქნება სააკაშვილი და მერე ისევ შეაბრუნებენ ციხეში, რადგან ახალი ბრალდებები აქვს წაყენებული. ამან შესაძლოა ქვეყანაში პატარა არეულობას შეუწყოს ხელი.

„მას ერთადერთი ბერკეტი დარჩა - სააკაშვილის შეწყალება, რომ ამ შეწყალების გამოყენებით ქვეყანაში სიტუაცია არიოს და „ნაციონალებიც" მისგან ამას ითხოვენ. უკვე წამოვიდა მოთხოვნები ლამის ულტიმატუმის ფორმით, რომ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.

„გრიგორიადისი რომც შეიწყალოს, ის ნამდვილად ის ფიგურა არაა, რომ მისი გულისთვის ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. ეს აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი და გამოძერწილი პრობლემაა. გრიგორიადისის შეწყალება თავად ზურაბიშვილს დააზარალებს რეპუტაციულად, რადგან ყველამ კარგად იცის, თუ რისთვისაა გასამართლებული - პოლიციელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის და თუ სალომე ზურაბიშვილის თვალში ეს სამოქალაქო გმირობაა, ეს მას უნდა მოეკითხოს.

„ზურაბიშვილი დიდი ხანია ოპოზიცაშია გადასული. უბრალოდ ვიღაცეები, რომლებსაც საკუთარი რეიტინგი არ გააჩნიათ, შეიძლება ცდილობდნენ, რომ ზურაბიშვილს ამოეფარონ და მისი მეშვეობით „ლელოს გატანა" შეძლონ.

„ჩემი აზრით, ზურაბიშვილს საზოგადოების დიდ ნაწილში ნდობის მანდატი დაკარგული აქვს. რომელი ნაწილიც ახლა ზურაბიშვილს მხარს უჭერს, შესაძლოა მერე ჩამოყალიბდეს, რადგან ცოტა ხნის წინ ის „რუსეთის რეზიდენტი" და „სამშობლოს მოღალატე" იყო და დღეს უცებ ევროპული ორიენტაციის მედროშე გახდა?! ეს მე იმას მაგონებს, ადრე მთავრობის წარმომადგენელმა რომ თქვა - მურუსიძე ადრე ცუდ საქმეებს აკეთებდა და ახლა კარგ საქმეებს აკეთებსო. იგივე გამოდის ახლა სალომეზე. ესაა ჩვენი პოლიტიკური სისტემის სამწუხარო რეალობა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე