ია აბულაშვილი
(18.10.2023)

86 მომხრე, ერთი წინააღმდეგი. დეპუტატების არასაკმარისი ხმების გამო, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ჩავარადა.

ოპოზიცია, რომელმაც იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა, აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" სრული პოლიტიკური, ზნეობრივი და სამართლებრივი ფიასკო განიცადა.

მმართველი გუნდი თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს. როგორც ჩანს, შემდგომი პოლიტიკური ნახტომისთვის ემზადება, ანუ პრეზიდენტის უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვას გეგმავს, რადგან არის საუბრები იმაზე, რომ ქვეყნის შიგნით უცხოელ წარმომადგენლებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის საკითხი კანონის დონეზე უნდა მოწესრიგდეს.

როგორ გაგრძელდება პრეზიდენტის, ხელისუფლების და ოპოზიციის ურთიერთობა, სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ მას არც კონსტიტუციის არსი და არც სულისკვეთება არ დაურღვევია; "როგორც ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილს, რომელიც გაასამართლეს, მაგრამ ვერაფერი ვერ დააკლეს, ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა მაინც შემოიყვანა", ამიტომ, მასაც არაფრის ეშინია და დღეს მხოლოდ ერთი გეგმა აქვს, ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვება.

სალომე ზურაბიშვილის მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებასთან მიმართებაში განსხვავებული მოსაზრებებია ექსპერტულ წრეებში. გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ვერდიქტი სასამართლოს მიერ გამოტანილია და სალომე ზურაბიშვილს ძალიან სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი უკვე მიადგა. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ მისი რეიტინგი საგრძნობლად გაიზრდება.

"სალომე ზურაბიშვილს ებრძვის ორივე პარტია "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რადგან ორივეს ხელს უშლის, ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ის დამოუკიდებელ ლიდერად ჩამოყალიბდეს, მესამე ძალის პოლიტიკურ ლიდერად.

"ზურაბიშვილი იმავე სტილში გააგრძელებს მოქმედებას და უკან არ დაიხევს. ნდობა და რეიტინგი რომ არ დაკარგოს, ზურაბიშვილმა ზუსტად უნდა აწონ-დაწონოს მოვლენები და მოზომილი ნაბიჯები გადაგას."- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, სიტუაცია ბუნდოვანია და ძნელია პროგნოზის გაკეთება, როგორ დალაგდება პრეზიდენტის ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან.

"არ მეგონა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა, მაგრამ სიტუაცია ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია. უფრო ველოდი, რომ სალომე ზურაბიშვილი კონფლიქტზე უარს იტყოდა.

"კარგი იქნებოდა მისი სტილი პოლიტიკურ სიმაღლეზე ყოფილიყო, მაგრამ ის გადაეშვა იმ სტილში, რომლითაც ერთმანეთს ებრძვიან ოპოზიცია და ხელისუფლება.

"რაც შეეხება მის მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებას, არა მგონია, რომ ოპოზიციას სალომე უნდოდეს. ის ოპოზიციისთვის მანამდე არის საინტერესო, სანამ ხელისუფლებას აკრიტიკებს; ოპოზიცია სალომეს არ ენდობა, ერთმანეთს არ ენდობიან, პულტებს არ უტოვებენ... ასე, რომ ოპოზიციაში შესვლა- გამოსვლა მარტივი არ არის და არც შეუშვებენ.

"საკმარისია პრეზიდენტის მოქმედებაში მკვეთრი მოძრაობები შენიშნონ, რომ თვითონვე გზას ჩაუხერგავენ. რაში სჭირდება ოპოზიციას ზედმეტი ლიდერი თავის რიგებეში?

"მის მიმართ ინტერესი დიდი არ იქნება, რადგან ზურაბიშვილი უპარტიო პოლიტიკოსია, ანუ ამ პოლიტიკურ სპექტრში ის ანგარიშგასაწევი ძალა ვერ იქნება, საზოგადოებაშიც ბოლო მოვლენების გამო ავტორიტეტი დაკარგა.

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც სალომე ზურაბიშვილის სურვილია მომავალი პოლიტიკური გეგმები საქართველოს დაუკავშიროს, უფრო დასავლეთი ეგულება ნავსაყუდელად.

"ეს დაპირისპირებაც ხელისუფლებასთან და აჟიოტაჟი უფრო იმისთვისაა, რომ დასავლეთის თვალში გმირი და მსხვერპლი გამოჩნდეს. აქ მის კარიერას დასავლეთი ვერ უზრუნველყოფს, თანაც ერთი წლის განმავლობაში მისი უფლებები უფრო შესუსტდება, და ძალიან ცუდი საყურებული იქნება პრეზიდენტისა და ხელისუფლების ურთიერთობა"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე