
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული აურზაურის პარალელურად, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს დემოკრატიულ პრინციპებს ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდგება. „ოცნება" კი აცხადებს, რომ კანონში ცვლილებების მიმართ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ დევს და ეს მხოლოდ ევროკავშირის დირექტივაა.
ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამისი ძირითადი მიზანი ძირითადად ოპოზიციური მედიის კონტროლია, რასაც საქართველოში ფაქტიურად ყველა ხელისუფლება იგივეს ცდილობდა. ნაწილი კი ამბობს, რომ ეს მართლაც ევროკავშირის დირექტივაა, ოღონდ არა 12-პუნქტიანი შეთანხმების ნაწილში.
რას ამბობს ხელისუფლება და ოპოზიცია
18 ოქტომბერს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.
"მოგონილი სანახაობით გართულს, გვწაპნიან დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების შანსს," -წერს პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებზე.
"ნიუ-იორკის მეტროში შევესწარი ერთხელ-ორმა დაიწყო ჩხუბი, სანამ ხალხი მათ უყურებდა, აწაპნეს სანახაობით გართულებს რაღაცები მათმა თანამზრახველებმა. ასე იქცევა "ოცნებაც". სანამ იმპიჩმენტის შაპიტოს გვაყურებინეს, ცენზურის ახალი კანონიც შეაპარეს პარლამენტში. თან გვპირდებიან, რომ პუტინივით სამუდამოდ აპირებენ ხელისუფლებაში დარჩნენ, თან თავისუფლების ყველა ხვრელის ამოქოლვას ცდილობენ. ჩვენ კი, მოგონილი სანახაობით გართულს, გვწაპნიან დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების შანსს", - მიაჩნია სამადაშვილს.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიას „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების მიმართ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ აქვს და რომ ეს ევროკავშირის დირექტივაა.
„კანონპროექტი გაგზავნილია ევროკავშირში, ვარიანტებიც შევთავაზეთ. სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს თითი დაადეს და მას ვიღებთ, დამთავრებული ამბავია. უხამსობაზე ჩანაწერი ძველია და რჩება, როგორც მოქმედებდა წარსულში, ასევე იმოქმედებს დღესაც. კულტურის საქმე რაც არის, ამაში არ ვერევით. პროექტის დეტალებიც კი არ ვიცი, კენჭისყრამდე გავეცნობი და რატომ? - არავითარი პოლიტიკური ინტერესი ცვლილებების მიმართ არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება. ევროკავშირის არჩევანი იყო ჯერ თვითრეგულირება და შემდეგ კომისია.
„სამიდან ეს ვარიანტი აირჩიეს. ვუთხარით, რასაც გვეტყვით, იმას გავაკეთებთო. ვინმეს ეს კანონპროექტი თუ არ მოსწონს, ევროკავშირს უნდა ელაპარაკოს. ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს. რაც შეეხება სიძულვილის ენის დეფინიციას, მაქსიმალურად ვიწროდ არის ჩამოყალიბებული, რომ ინტერპრეტაცია არ მიეცეს. თუ ვინმეს კანონპროექტი მაინც აშფოთებს, ევროკავშირს უნდა ესაუბრონ. სიძულვილის ენაზე ვიწრო გაგებით არის საუბარი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აწყობს თუ არა „მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებები „ოცნებას"
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიზანი ცალსახად იკითხება - მედიაზე კონტროლის ბერკეტი „ოცნების" ხელში, რომელსაც ხელისუფლება გამოიყენებს სადაც და როგორც უნდა.
„მიზანი ძალიან მარტივი და გასაგებია, „ქართული ოცნება" პირველი არაა, ვინც ასეთ რაღაცას აკეთებს, საქართველოში ყველა ხელისუფალი ფაქტიურად იგივეს ცდილობდა. ძირითადი მიზანი მედიის კონტროლია. რაც შეეხება იმას თუ რა საფრთხეს შეიცავს, ესაა მარეგულირებლის ხელში დამატებითი მექანიზმი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია რაღაც გამოძებნოს, რადგან დეფინიცირება არაა და არავინ არ იცის, რას ჩათვლის ტერორისტულ აქტად, ტერორიზმის მოწოდებად ან ცილისწამებად.
„მარეგულირებელს გარკვეული უფლებები მისცეს, რომელსაც ხელისუფლება გამოიყენებს მაშინ და იმ დროს, როცა მისვთვის ყველაზე საჭირო იქნება. როგორც ოპოზიციისთვის (ეს ძირითადად ოპოზიციურ მედიაზე გავრცელდება), ისე საზოგადოებისთვის. ეს ჩვენს ქართულ რეალობაში ჩვეულებრივი ამბავია, რადგან საქართველოში ყველა ხელისუფალი სხვადასხვა მოქმედებით, მაგრამ იგივეს აკეთებდა.
„მგონია, რომ ამას დიდი ვნებათაღლევა არ მოჰყვება, რადგან პრობლემა ცოტა სხვა რამეშია, დღეს „ოცნება" უკვე იმ დონეზეა მისული, რომ საზოგადოებისთვის ასეთი რამ მისგან მოულოდბელი ნამდვილად არაა, ამიტომ მძლავრი პროტესტი რა თქმა უნდა არ იქნება.
„რაღაც პროტესტი იქნება, მაგრამ ისეთი დიდი ტალღა, როგორიც გასული წლის მარტში იყო, რა თქმა უნდა არ იქნება, მაგრამ პროტესტი ნამდვილად იქნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ცვლილებები ნამდვილად ევროკავშირის დირექტივაა და ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„ამ კანონპიროექტის სამი სხვადასხვა ვერსიაა, რომლებზეც ევროკავშირთან კონსულტაციები მიმდინარეობდა. ევროკავშირის რეკომენდაციაა (ოღონდ არა იმ 12 პუნქტიანის), რომ მივიღოთ დეზინფორნაციასთან, ცრუ ამბებისა უხამსობის გავრცელებასთან დაკავშირებით კანონი, ასეთი სტანდარტი ევროპის არაერთ ქვეყანაშია, იქნება ეს ირლანდია, საფრანგეთი, გერმანია თუ სხვები.
„ვითომ პროევროპელი ნაცოპოზიცია საქართველოში ევროპული სტანდარტების შემოღებას ყოველთვის ეწინააღმდეგება, ათასგვარი მანიპულაციებით და ტყუილიებით საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანას ცდილობს, მაგრამ ასე არაა. ეს კანონი რასაკვირველია რადიკალებს არ აწყობთ, რადგან მათი ყალბი ამბების გამავრცელებელი ტელევიზიები, ერთხელ და სამუდამოდ გაჩუმდებიან, ობიექტურ ინფორმაციას გაავრცელებენ და არა მავნებლურ დეზინფორმაციას. ამ კანონპროექტში ისეთი არაფერი არაა, რომ დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდეს.
„ეს იმ მახინჯ ტენდენციას გვაგონებს, რომელიც თვეების წინ იყო, რომ ამერიკული კანონპროექტის ვერსია, რუსულად ჩათვალეს, ზუსტად იგივე მიმართულებით მიდიან. ქართული საზოგადოება მავნებლური დეზინფორმეციით, ტყუილით, უაზრო დაზაფვრით და მანიპულაციებით იმდენად დაიძაბა, რომ არა მგონია, დიდ ნაწილში პროტესტის მუხტი გაჩნდეს. პირიქით, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიესალმება იმას, რომ ევროპული სტანდარტით დეზინფორმაციის შეზღუდვა-მინიმიზაცია მოხდეს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



