
"ზურაბიშვილსა და "ოცნებას" შორის ანგარიში 1:1-ია, მაგრამ ომი გრძელდება. პრეზიდენტის პოზიციებს არ დათმობს და დაპირისპირება უფრო გაღრმავდება" - ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნას პარლამენტში.
"რეზონანსი": კიდევ რა პროცედურები შეიძლება განხორციელდეს მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ?
იგორ კვესელავა: იმპიჩმენტის პროცესი სასამართლოში დასრულდა ისე, როგორც დასრულდა, ეს იყო კობახიძის სასამართლოს გადწყვეტილება. სხვა შედეგი დადგა პარლამენტში, "ოცნება" დამარცხდა. ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის არის ომი და არავის თამაში არ არის, ამ ეტაპზე ბრძოლა დასრულდა ანგარიშით 1:1, მაგრამ წინ სერიოზული დაპირისპირება გველოდება. სალომე პოზიციებს არ დათმობს, ისევ ისე იმოქმედებს, როგორც აქამდე, ამ ჯერზე კი უფრო მკაცრი და შეუვალი იქნება.
"ოცნების" პარტია, რომელიც სინამდვილეში არის "კობახიძის პარტია", სადაც კობახიძე არის ლენინიც და ტროცკიც, ებრძვის ზურაბიშვილს და მათ შორის არანაირი შერიგება არ იქნება. უფუნქციო პრეზიდენტი თავად "ოცნებამ" აქცია არწივად, ახლა კი აღარ მოსწონს ზურაბიშვილის გაძლიერება. არც ის, რომ დასავლეთში მათი ადგილი დაიკავა და ამდენი მხარდამჭერი ჰყავს ევროპის ყველა დედაქალაქში. არ არის გასაკვირი, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდეს ოპოზიციის ლიდერი. მეტიც, ვფიქრობ, რომ ის უკვე ლიდერია.
გული მწყდება, რომ ასეთი განხეთქილების მომსწრენი ვართ. ეს კარგი არ არის საზოგადოებისთვის, პოლარიზაცია ქვეყანაში უფრო მოიმატებს, თანაც ამ სიტუაციაში, როცა მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და ქართულ პოლიტიკას ნემსის ყუნწში უწევს გაძრომა.
"რ": ოპოზიციაში დიდი კონკურენციაა და რაში სჭირდებათ ახალი ლიდერი?
ი.კ: ოპოზიციაში არ მეგულება ადამიანი, გარდა გვარამიასი, რომელიც სალომეს მიუახლოვდება. ვგულისხმობ ხაბეიშვილს, მელიას და ნებისმიერ სხვას. ამ ლიდერებს არა აქვთ ის რესურსი, რაც აქვს სალომეს, კავშირები დასალეთში და ა.შ. ამიტომ რატომ არ უნდა იყოს სალომე მათთვის მისაღები?!
"რ": იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად გააქტიურდა ხმები ზურაბიშვილი-გახარიას ალიანსზეც.
ი.კ: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ახალი პოლიტიკური ძალა არჩევნებამდე საქართველოში ვერ შეიქმნება და ამიტომ, დიდი ალბათობით, ძველი პარტიები ერთმანეთში დალაგდებიან. რაც შეეხება ზურაბიშვილი-გახარიას ალიანსს, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, თუმცა რატომ არის გამორიცხული, რომ ალიანსს გვარამიაც დაემატოს ან ამ ახალ ძალას "ოცნებიდან" წამოსული ბევრი ადამიანი შეუერთდეს, გახდეს წამყვანი ძალა პოლიტიკური პროცესებისა, რაც ქვეყანას კოალიციურ მთავრობადე მიიყვანს?! რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს არჩევნების თემაში, მიშა ამ სიტუაციაში დუმს და მოვლენებს აკვირდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



