რეზონანსი
(20.10.2023)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უწყებაში ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მისვლის დამადასტურებელ ფოტო-მასალას ავრცელებს. ფოტომასალა იმ პერიოდისაა, როდესაც ფარცხალაძე უწყებაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული.

როგორც სუს-ში აღნიშნავენ, გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები „საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო" გასაჯაროვდა.

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე, სუს-ში საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო გამოძიება 19 სექტემბერს, სსკ-ის 319-ე მუხლით.

ოთარ ფარცხალაძე იმავე დღეს, 19 სექტემბერს იქნა დაბარებული და გამოცხადდა გამოკითხვაზე", - აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენის შემდეგ ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არსებობს თუ არა იმის დამადასტურებელი ფოტო-მტკიცებულება, რომ ოთარ ფარცხალაძე სუს-ში გამოკითხვაზე ნამდვილად იმყოფებოდა. ამ კითხვაზე გრიგოლ ლილუაშვილმა განმარტა, რომ ასეთი მასალა არსებობს.

ლილუაშვილმა ასევე განმარტა, რომ ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე