რეზონანსი
(22.10.2023)

აშშ შეშფოთებულია, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ბრძოლა შეიძლება, გადაიზარდოს უფრო ფართო კონფლიქტში მთელ ახლო აღმოსავლეთში, რაც საფრთხეს შეუქმნის ამერიკის სამხედრო ძალებს. მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ პოტენციური ესკალაციის გამო. ვხედავთ ჩვენს ჯარებსა და ხალხზე თავდასხმების მნიშვნელოვანი ესკალაციის პერსპექტივას მთელ რეგიონში“, – განაცხადა ოსტინმა მედიასთან საუბრისას.

ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობა განათავსა, მათ შორის ორი ავიამზიდი, დამხმარე ხომალდი და დაახლოებით 2 000 საზღვაო ქვეითი.

„რომელიმე ჯგუფი ან ქვეყანა თუ ცდილობს, ეს კონფლიქტი გააფართოოს და ისარგებლოს ამ ძალიან სამწუხარო სიტუაციით, ჩვენი რჩევაა, ნუ გააკეთებთ“, – აღნიშნა ოსტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე