
საქართველო თითქმის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მიმართაც სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც აბსოლუტური ნდობა აქვს, რადგან ჩვენ იმ კონფლიქტის პერიოდში, რომელიც ამ რეგიონში მიმდინარეობდა, სხვათა შორის ყველა ხელისუფლებამ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ამ კონფლიქტის მიმართ სრულ ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„საქართველო არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ახლო წარსულშიც, ყოველთვის იყო ადგილი და ქვეყანა, რომელიც ჩვენს მეგობრებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს შესაძლებლობას აძლევდა საგნობრივი მსჯელობისთვის შეხვედროდნენ. ეს ყოველთვის სხვადასხვა ფორმატსა და დონეზე ხდებოდა. საქართველო თითქმის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მიმართაც ორივე ქვეყანას აბსოლუტური ნდობა აქვს, რადგან ჩვენ იმ კონფლიქტის პერიოდში, რომელიც ამ რეგიონში მიმდინარეობდა, სხვათა შორის ყველა ხელისუფლებამ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ამ კონფლიქტის მიმართ სრულ ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება. მიხარია, რომ ამ მხრივ პოზიტიური ძვრებია, რათა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს. იმედი მაქვს, რომ ეს რაც შეიძლება მალე განხორციელდება, რადგან ჩვენი რეგიონის საერთო ინტერესია, ჩვენი რეგიონი იყოს მშვიდობისა და უსაფრთხოების სივრცე.
რაც შეეხება საქართველოს როლს, აქ პრემიერ-მინისტრს აქვს განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობა როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. იცით, რომ ამ როლმა უკვე დადებითი წვლილი შეიტანა, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება შედგა სამხედრო ტყვეებისა და რუკის გაცვლის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური როლის გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისთვის. საქართველო, როგორც ძირითადი დამაკავშირებელი რეგიონში, ამ პოზიციებს უფრო იმყარებს. 2000-მდე დელეგატის მონაწილეობით კონფერენციაც სწორედ იმას ადასტურებს, რომ საქართველო ბევრი მიმართულებით რეგიონული ცენტრი ხდება",- აღნიშნა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



