რეზონანსი
(30.10.2023)

„ჰამასის“ მიერ მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული 22 წლის შანი ლუკის დედამ განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ RTL-ი იტყობინება.

„სამწუხაროდ, გუშინ მივიღეთ ცნობა იმის შესახებ, რომ ჩემი ქალიშვილი ცოცხალი აღარ არის“, - განაცხადა რიკარდა ლუკმა.

გერმანული ტელეარხების ცნობით, შანის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ ქალს ისრაელელმა სამხედროებმა შეატყობინეს.

მანამდე რიკარდა ლუკი ამბობდა, რომ მისი ქალიშვილი ღაზის სექტორის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება და მას თავის მძიმე ტრავმა აქვს. ლუკი გერმანიის მთავრობას მოუწოდებდა ყველაფერი გაეკეთებინათ მისი შვილის ევაკუაციისთვის.

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წევრები 7 ოქტომბერს მუსიკალურ ფესტივალ Universo Paralello-ს დაესხნენ თავს. ფესტივალის სულ მცირე 260 მონაწილე დაიღუპა, ნაწილი კი ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს.

მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც შანი ლუკი ჩანს - ის სატვირთო მანქანაში წევს, მის გარშემო კი „ჰამასის“ წევრები არიან. ამ ვიდეოდან გაუგებარი იყო, ცოცხალია თუ არა ქალი.

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად არის აყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე