რეზონანსი
(15.11.2023)

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ჯამურად დაახლოებით 100-მდე მისამართიდან ფიქსირდება მომართვიანობა და თითოეულ მისამართზე მიმდინარეობს მესაკუთრეების მოთხოვნისა და რეგისტრირებული მონაცემების შესწავლა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ხდომაზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქში ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. უკვე ორ მისამართზე განხორციელდა ავარიული კორპუსის დემონტაჟი და დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები.

• კერძოდ:

ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კერძოდ, მე-7 კვარტლის N12 კორპუსის კედლების მოჩარჩოება დასრულებულია მე-4 სართულია მდე, მე-7 სართულზე კი მიმდინარეობს გადახურვის ფილის მოწყობის სამუშაოები.

• ასევე მე-3 მასივში, კალოუბნის 18-ში კი აქტიურ ფაზაშია საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.

• გარდა ამისა, საბურთალოს რაიონში, გამრეკელის I შესახვევის N6-ში მდებარე კორპუსის ჩანაცვლების მიზნით გამოცხადებულია სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, ხოლო ვარკეთილის მე-3 მასივის, მე-4 კვარტალში მდებარე N6 კორპუსის ჩანაცვლების მიზნით იგივე შესყიდვა გამოცხადდება წლის ბოლომდე.

გარდა ამისა, საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება 12 მისამართზე, ხოლო წლის ბოლომდე დამატებით 10-მდე მისამართზე გამოცხადდება ტენდერი.

პროგრამის ფარგლებში, ჯამურად დაახლოებით 100-მდე მისამართიდან ფიქსირდება მომართვიანობა და თითოეულ მისამართზე მიმდინარეობს მესაკუთრეების მოთხოვნისა და რეგისტრირებული მონაცემების შესწავლა.

აღნიშნული პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისა და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტის წარდგინებით „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" N55 დადგენილებაში შეიტანა ცვლილება, რომლითაც დასაშვებად მიიჩნია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით განსახორციელებელი გამარტივებული შესყიდვა გათავისუფლდეს ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ანგარიშსწორების იმპერატიული მოთხოვნისგან.

აქვე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით სამშენებლო სექტორთან უახლოეს მომავალში გაიმართება თემატური პრეზენტაცია, სადაც პროექტთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად იქნება განხილული. მოვუწოდებ ბიზნეს სუბიექტებს, აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა",- აღნიშნა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე