
"კორუფციის გამო სანქცირებული-მურუსიძის დაჯგუფების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება "ქართული ოცნების "ინტერესებში არ შედის - ასე ეხმაურებიან უფლებადამცველები ამერიკის ელჩის განცხადებას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური პირდაპირ ამბობს, რომ თუ ხელისუფლება შესაძლო კორუმპირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით გამოძიებას არ დაიწყებს, ეს აშშ-თვის იქნება სიგნალი, რომ "ოცნება" სანქცირებულ პირებს ხელს აფარებენ.
ელჩის პოზიცია, ცხადია, ის არის, რაც აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, ეს არის აშშ-ს პოზიცია, დანარჩენი არის უკვე ჩვენს მთავრობაზე. თუ ისინი არ დაიწყებენ გამოძიებას, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის იქნება ცალსახა, რომ ისინი აფარებენ ხელს სანქცირებულ პირებს. არ უნდათ, რომ ამ კორუმპირებულმა პირებმა იარონ აშშ-ში და ჩვენზეა ახლა რას გავაკეთებთ. ჩვენ ან დავრთავთ ნებას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციის საფუძველზე და ჩვენთანაც არსებული ინფორმაციის საფუძველზე ეს კორუფციაში ჩართული ადამიანები იქნებიან სასამართლო სისტემაში ან არ იქნებიან. ეს უკვე არის ჩვენი გადასაწყვეტი და მთავრობის პოზიცია და მთავრობის პოზიცია, როგორც ჩანს, არის ის, რომ მათ უნდათ, რომ კორუმპირებული პირები იყვნენ სასამართლო სისტემაში, - ამბობს ეკა გიგაური.
"სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ხელისუფლების უმოქმედობა აჩენს ეჭვს, რომ ისინი კორუფციაში მხილებულ მოსამართლეებს იცავენ. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცებულებები თავად უნდა წარმოადგინოს.
სამწუხაროდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა, უფრო მეტიც, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლება იცავს მოსამართლეებს. როდესაც ისინი მტკიცებულებებს ითხოვენ სხვებისგან, მტკიცებულებები ხელისუფლებამ თვითონ უნდა წარადგინოს გამოძიების საფუძველზე. ხელისუფლების ინტერესი უნდა იყოს ის, რომ ნებისმიერი კითხვა, რომელიც მართლმსაჯულებასთან მიმართებაში არსებობს და კითხვები და ბრალდებები კორუფციასთან მიმართებით არის საკმაოდ მძიმე, და ამას ისინი გამოძიებით უნდა პასუხობენ, მაგრამ როდესაც არაფერს აკეთებენ, არანაირ ზომებს არ იღებენ, ნაბიჯებს არ დგამენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ხელს აფარებენ მოსამართლეებს, - ამბობს ჯანეზაშვილი.
ამერიკის ელჩმა თქვა, რომ შტატებს ჰქონდა მოლოდინი, საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეების და ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ამ საქმეებზე გამოძიებას დაიწყებდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



