ელზა პაპოშვილი
(23.12.2023)

ოპოზიციურ ფლანგზე წინასაარჩევნო გადაჯგუფებებისთვის ემზადებიან. ხელისუფლების ოპონენტები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმებზე იწყებენ ფიქრს. უკვე გამოიკვეთა, რომ მთელი ოპოზიციის ან თუნდაც მისი დიდი ნაწილის გაერთიანება ამჯერადაც ვერ მოხერხდება. თანამშრომლობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა ყველამ უპასუხოდ დატოვა. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე  „მთელ კვირასთან“ მიიჩნევს, რომ  ოპოზიციისთვის ახლა არსებული პოლიტიკური სიტუაცია იმდენად რთულია, რომ სასწრაფოდ გადაჯგუფებას მოითხოვს.  მისი აზრით, თუ იანვრის ბოლომდე, მაქსიმუმ, თებერვალში ეს სპექტრი არ ჩამოყალიბდა და ისე დარჩა, როგორც დღეს არის, მაშინ საუბარი იმაზე, 5%-იანი ბარიერი გადავლახეთ, არჩევნები მოვიგეთ და ა.შ. გამორიცხული იქნება. მისი აზრით, ოპოზიცია პოლიტიკურად იმდენად შემოიძარცვა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგსაც ვეღარ ქმნის. ბოლოს კი ის მესიჯიც გამოეცალა, „ოცნება“ რომ პრორუსული ძალაა.   

ბოლო დროს გააქტიურდა მესამე ცენტრის ფორმირების საკითხი. ამ პროცესების ავანგარდში „ლელო“ საკუთარ თავს წარმოაჩენს და ყოფილი მმართველი პარტიის გარდა თანამშრომლობას ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან უშვებს. თუმცა ცნობილია, რომ მათ შორის არ იქნება გიორგი გახარიას პარტია, რომელიც ალიანსს არავისთან განიხილავს.   

ამის პარალლეურად კი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ახალ დავალებებს აძლევს. მთავარი მოწოდება ერთობის მიღწევაა, რისთვისაც ექსპრეზიდენტი ოპოზიციურ ძალებს პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის, იგივე პაკ-ის შექმნას სთავაზობს. ექს-პრეზიდენტის გათვლებით, კომიტეტში მთავარი როლი მის პარტიას უნდა ჰქონდეს, თუმცა ის სხვა ოპოზიციურ ძალებს და საზოგადოების წარმომადგენლებსაც უნდა აერთიანებდეს. 

კიდევ ერთი დავალება უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნას ეხება. თუმცა, მოწოდებებს ადრესატების დიდი ნაწილისგან ნეგატიური რეაქციები მოჰყვა. ფაქტია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანება და კოორდინაცია ვერ ხერხდება. „ნაციონაური მოძრაობის“ წინასაარჩევნო გზა მხოლოდ გიორგი ვაშაძის პარტიასთან გადაიკვეთა. დანარჩენ პარტიებს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალისგან დამოუკიდებელი გეგმები აქვთ. 

ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ მძიმედ წააგებს არჩევნებს. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ძალაუფლება დაიბრუნონ არჩევნებით ან ქუჩით.  შესაბამისად, ოპოზიციის მცდელობა წარუმატებლობისთვის იქნება განწირული.    

კანდიდატის სტატუსის მიღებით საქართველო გადავიდა გაწევრიანების ეტაპზე, ოპოზიცია კი ცდილობს, დიდი მიღწევიდან ყურადღება გადაიტანოს სხვა საკითხებზე. სურთ, მნიშვნელოვანი მომენტი გააუფერულონ და მისი დისკრედიტაცია მოახდინონ, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძის თქმით, ახალი რეკომენდაციების შესასრულებლად საჭიროა გეგმის დამუშავება, ევროკავშირთან კომუნიკაცია და არა აჩქარება.  

„პირდაპირ პოლიტიკური მიზანია, როგორმე ხალხმა ეს მიღწევა „დროულად“ დაივიწყოს და გადაერთოს სხვა თემაზე, ეს არ არის ჯანსაღი აჩქარება. ერთადერთი, ვის ინტერესებშიც შედის აჩქარება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციაა. მათ სახეებზეც, განცხადებებზეც ეტყობათ, რომ კანდიდატის სტატუსით არ არიან გახარებული და ეშინიათ, ამის გამო არჩევნებს უფრო დიდი ანგარიშით წააგებენ. ამიტომ დღეს მათი ერთადერთი მიზანია, როგორმე გადაფარონ ეს მიღწევა და გადაერთონ ახალ საკითხებზე. მთავრობის კრიტიკაც კი დაიწყეს უკვე, ახალი გეგმა რატომ არ არის შესრულებულიო. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო, თანმიმდევრული მუშაობა. დიდი იმედი არ მაქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიცვლის შინაარსს და გადაწყვეტს, თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება და როგორც ახლა გავაკეთეთ, მივაღწიეთ იმ შედეგს, რასაც დაგპირდით, მომავალშიც აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, თუმცა არასწორი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ. ამას დასჭირდება საკმაო დრო, ძალისხმევა, თანმიმდევრული მუშაობა, რასაც ჩვენი ქვეყანა აუცილებლად შეძლებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ერთ წელიწადში, არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება, ხოლო ივანიშვილი იქნება მოსკოვში - ამის შესახებ  მამუკა ხაზარაძემ „ლელო საქართველოსთვის“ მეორე ყრილობაზე განაცხადა. „ლელოს“ ლიდერი ამბობს, რომ "ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში!"

„არ დაგვავიწყდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმ პოლიტიკოსების მოშვება ხელისუფლებაში, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ქართველი ადამიანის, მოქალაქეების უფლებები უახლოეს წარსულში. ყველა ხვდებით ვისზეა საუბარი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მოიშვება ხელისუფლებაში! ამიტომ ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამის რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ! ეს არის პარტია „ლელო“. დიახ, ჩვენ უნდა ავიღოთ ხელში პასუხისმგებლობა, რომ დავამთავროთ ძველი პოლიტიკა და ის, რაც აქამდე ხდებოდა ამ ქვეყანაში. ეს არის უცილობლად გასაკეთებელი საქმე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 „ეს ყველაფერი იმდენად მძიმედ გამოიყურება და ეს ბოლო კვლევეებმაც აჩვენა, რომ არ ვიცი, ოპოზიციას საერთოდ რა გეგმა აქვს. იმის მაგივრად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე ელაპარაკათ, მუმდივად იძახეს, რომ „ოცნება“ პრორუსული ძალაა და რუსეთისკენ მიგვაქანებსო. ეს მესიჯი თავიდანვე იყო შეცდომა, უნდა სცოდნოდათ, რომ დასავლეთი საქართველოს მეორედაც უარს არ ეტყოდა, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის ხელის კვრის ტოლფასი იქნებოდა.

„ამიტომ ოპოზიცია თუ დროზე არ გადაჯგუფდა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება. ამაზე უნდა იფიქრონ წვრილმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა. მათ ამბიციები ცოტა უკან უნდა დაწიონ და საერთო წარმატებაზე იფიქრონ და არა იმაზე, რომ თავად გადალახონ 5%-იანი ბარიერი და მშვიდად იყვნენ“, -განაცხადა ძაბირაძემ „მთელ კვირასთან“. 

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც არ უნდა გააკეთონ, 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არასდროს ექნებათ, რადგან მყარი ელექტორატი ჰყავთ. ხოლო ახალი მესიჯი, თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, კანდიდატი ქვეყანა ვერ გავხდებით, არაფრის მომცემია. 

„მოსახლეობამ კარგად დაინახა, „ოცნება“ დასავლეთს როგორ ელაპარაკებოდა, რა განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ სტატუსი მაინც მივიღეთ. ამიტომ ამ მესიჯის იმედად ოპოზიცია თუ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მაშინ დარჩება „ოცნება“ ისევ ხელისუფლებაში“, - ამბობს ძაბირაძე.     

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე