ნაზი ბერიძე
(25.12.2023)

ქართული პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ახლა ისაა, შეძლებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო ფორმატში თანამშრომლობას. ამ მიმართულებით ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული არ არის, თუმცა, დრო შეზღუდულია და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ახლო მომავალში შეიძლება ველოდოთ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ნაკლებსავარაუდოა ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ერთად ევროკავშირის 9 პირობის შესრულებაში მონაწილეობა არ მიიღოს, ამით ის „ოცნების" წისქვილზე დაასხამს წყალს.

„ეს ყველაფერი ძირითადად არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, ჯერჯერობით რამდენადაც ცნობილია, მათ აქვთ რაღაცა გეგმა, ოღონდ ოპოზიცია საქმის კურსში არაა რას ითვალისწინებს ეს გეგმა და როგორია. თუმცა, ალბათ გარკვეული დროის შემდეგ ისინი იძულებული იქნებიან ეს გაახმოვანონ და ოპოზიციას შესთავაზონ ამ ფორმატში მუშაობა.

„ჩემი აზრით, ოპოზიციისთვის წამგებიანი იქნება პოლიტიკურად, თუ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ამ სამუშაო ჯგუფებში, იმიტომ, რომ ხელისუფლება შეეცდება ეს მონათლოს როგორც ობსტრუქცია ოპოზიციის მხრიდან. წავა ისეთივე პროპაგანდა, რაც ჰქონდა ხელისუფლებას, რომ ოპოზიციას რეალურად არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ აი ცდილობს, რომ ეს გამოიყენოს ხელისუფლების წინააღდეგ და ბრალდებებს უყენებს მას და ა.შ.

„ხელისუფლება ამ მომენტს ძალიან წარმატებულად გამოიყენებს პროპაგანდისტული თვალსაზრისით. არ ვიცი რას გადაწყვეტენ ოპოზიციური დეპუტატები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ასეთ სამუშაო ჯგუფებში უნდა შევიდნენ და მუდმივად უნდა იყოს იმაზე ლაპარაკი, რას გვთავაზობს ხელისუფლება და რა არის საჭირო. ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა მედია საშუალებები გამოიყენოს და უნდა გამოიყენოს ეს მაქსიმალურად, ოღონდ ისე, რომ მან პოლიტიკური კაპიტალი მოუტანოს ოპოზიციას და არა პირიქით.

„ჯერჯერობით შარლ მიშელის დოკუმენტიდან მოყოლებული დღემდე ხელისუფლება ყოველთვის ახერხებს იმასაც კი, რაშიდაც ოპოზიცია მართალიც არის და წელგამართული ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ შეძლო, მიიღო კანდიდატის სტატუსი და აი ეს წარმოაჩინა როგორც საკუთარი წარმატება. ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ასეთი განვითარება სიტუაციის. ოპოზიცია ვალდებულია შევიდეს ამ სამუშაო ჯგუფებში და იმუშაოს იმისთვის, რომ მას ჰქონდეს სალაპარაკო არჩევნებზე და ელექტორატთან მისასვლელი და არა პირიქით - ხელისუფლებას.

„რას გადაწყვეტენ ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ოპოზიცია ჭრელია, მაგრამ, მთავარი არის აქ ვთქვათ, „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ნაციონალური მოძრაობის" ერთობლიობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რადგანაც, თუ ისინი ბოიკოტს გამოუცხადებენ ამ პროცესს, ხელისუფლება რა თქმა უნდა შეეცდება და ისედაც მუდმივად ცდილობს, რომ ეს მთლიანი ოპოზიციის პოზიციად მონათლოს და ასე შეასაღოს ამომრჩეველს",-განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს რომ ოპოზიციის და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ოპოზიციას დასავლელი პარტნიორები აიძულებენ.

„იყო ერთი მომენტი, როდესაც შარლ მიშელი ჩაერია მათ ურთიერთობაში და მეტ-ნაკლებად პროდუქტიული იყო ეს ჩარევა. თავისთავად, შიდა რესურსებით ამგვარი ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევა მე მგონი შეუძლებელია.

„მაგრამ თუ ოპოზიციას იგივე დასავლელმა პარტნიორებმა აიძულეს და უთხრეს დასხედით და მიიღეთ მონაწილეობაო, მაშინ რა თქმა უნდა, ოპოზიცია აჰყვება ამ ნათქვამს. ასეთი ნათქვამი ხმამაღალი არ იქნება, იქნება კაბინეტში კარებს უკან თქმული და ჩვენ ვერ გავიგებთ, მაგრამ გამორიცხული არც ეს არ არის", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

პარტია საქართველოსთვის ლიდერი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას" არ სურს შინაარსობრივი რეფორმები გაატაროს და ცდილობს მნიშვნელობა დაუკარგოს მოლაპარაკებაში ჩართვას.

„სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესია, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად ჩავერთოთ მოლაპარაკების პროცესში. აქ სისწრაფეზეა საუბარი, რომ მოქალაქეების დაკვეთა და სურვილი ძალიან სწრაფად აღსრულდეს.

ამის საპირწონედ გამოდიან ვიღაც ექსპერტები, ფულგადახდილი ხალხი, რადიკალური პრორუსული პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის, „ქართული ოცნების" წარმომაგენლები და ამბობენ, რომ არ აქვს აზრი როდის დაიწყება მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება ნიშნავს შედეგის მიღწევას, ნიშნავს რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები ხორციელდება და ეს ნიშნავს ასევე, იმ ფინანსური რესურსის ათვისებას, რაც კანიდატის სტატუსს ახლავს.

„ქართულ ოცნებას" არ სურს შინაარსობრივი რეფორმები გაატაროს და ცდილობს მნიშვნელობა დაუკარგოს მოლაპარაკებებში ჩართვას, როგორვ უკარგავდა კანდიდატის სტატუსს. ორი თვე გავიდა, იძახიან რომ ახალი წელია. პარტიულ ყრილობებს თუ არ უშლის ახალი წელი ხელს, სამუშაო ფორმატების შექმნას რით უშლის ხელს?

„ვის „აბოლებენ" ამით? შექმნან სამუშაო ფორმატები და დაიწყონ შინაარსობრივად რეფორმების განხორციელება. ჩვენ უკვე 2 თვეა ვითხოვთ შექმნას, თქვეს რომ რაღაც სამოქმედო გეგმა აქვთ-მე ვფიქრობ, ამ სამოქმედო გეგმაში საერთოდ არაფერი წერია, თორემ როგორ შეიძლება გაასაიდუმლოო დოკუმენტი და საზოგადოებას არ აუხსნა, რა არის ამ სამოქმედო გეგმაში, რომელიც დააჩქარებს ქვეყნის მოლაპარაკებების ჩართვის პროცესს. ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად გაწელავენ ამ პროცესს, მათ შორის სამუშაო ფორმატების შექმნის პროცესსაც", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე