რეზონანსი
(31.12.2023)

რა საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდება 2024 წლიდან საქართველოში? - ცვლილებები, ძირითადად, ავტოიმპორტიორებისა და სტომატოლოგიური კლინიკების საქმიანობას შეეხება, ასევე, ელექტროენერგიის ტარიფებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ანაზღაურებას.

1-ლი იანვრიდან 2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია და შემოყვანა ქვეყანაში აიკრძალება;

ძალაში შედის სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებაც - ცვლილებების მიხედვით, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით;

დედაქალაქში კი კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდება;

შემდეგი სიახლე სტომატოლოგიურ კლინიკებს ეხება - სტომატოლოგიური კაბინეტებისთვის ფართობი უნდა შეადგენდეს, ძირითადად, სტომატოლოგიურ სავარძელზე არანაკლებ 12 ​​​კვადრატულ მეტრს და ყოველ დამატებით სავარძელზე კი არანაკლებ 6 ​​კვადრატულ მეტრს. დადგენილების თანახმად, სტომატოლოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი;

1-ლი იანვრიდან სანიტარს, ბებიაქალს, უმცროს ექიმს და ექთნის თანაშემწეს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაუწესდებათ. უმცროსი ექიმი თვეში, არანაკლებ 960 ლარი უნდა ჰქონდეს ანაზღაურება, ექთნის თანაშემწეს - თვეში არანაკლებ 672 ლარი, ხოლო ბებიაქალს - თვეში, არანაკლებ 844 ლარი, სანიტარს კი - თვეში არანაკლებ 576 ლარი;

მთავრობა 1-ლი იანვრიდან ცემენტის, კერამიკული ფილებისა და ჭერის პროდუქტების ზედამხედველობას დაიწყებს;

1-ლი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი მცირდება დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის - ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით მცირდება;

კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება;

იზრდება ასაკობრივი პენსიის მოცულობაც ყველა კატეგორიის პენსიონერზე - 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით. მაღალმთიანი რეგიონებისთვის კი 380 ლარი იქნება;

პირველი იანვრიდან ძალაში შედის დადგენილება, რითაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად დაფინანსდება;

რაც შეეხება მასწავლებლებს, საჯარო სკოლის პერსონალსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, მათაც ხელფასები პირველი იანვრიდან გაეზრდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე