რეზონანსი
(02.02.2024)

„რეფორმების ჯგუფის" წევრი, დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ სამთავრობო პროგრამაში გაწერილ ყველა დეტალთან დაკავშირებით აპირებს დაუსვას კითხვები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის დეპუტატების წინაშე მთავრობის დამტკიცების ფორმატში წარდგება.

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო" შეიძლება დავარქვათ სამთავრობო პროგრამას. რა თქმა უნდა, ყველა დეტალზე, 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მექნება კითხვები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში", - აცხადებს აქუბარდია.

„ქართული ოცნების" გუნდში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, ირაკლი კობახიძე კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს. სამთავრობო კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება და ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. არსებული ინფორმაციით, ჩიქოვანი ვიცე-პრემიერის პოსტსაც დაიკავებს. რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, უკვე ყოფილი მინისტრი კი შესაძლოა მალე ნატოში საქართველოს ელჩად ვიხილოთ.

პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება. „ქართული ოცნების" სიაში ის 71-ადგილზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე