რეზონანსი
(15.05.2024)

ეს იყო ყველაზე კარგი ლუსტრაცია უცხოური გავლენებისა, ფაქტობრივად გუშინ ვიხილეთ, რომ უცხოელი აქტორები მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეობისგან" ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდიოდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაში ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების მონაწილეობის შესახებ.

„გუშინ ვიხილეთ სამწუხარო ფაქტი, როდესაც უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრები და კომიტეტების თავმჯდომარეები გამოვიდნენ ანტისამთავრობო მიტინგზე. გუშინ პრემიერ-მინისტრმაც თქვა - საერთო ჯამში, ეს იყო ყველაზე კარგი ლუსტრაცია უცხოური გავლენებისა. ფაქტიურად გუშინ ვიხილეთ, რომ უცხოელი აქტორები მათ მიერ დაფინანსებული "ენჯეობისგან" ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდიოდნენ სიტყვით. მთელი წრე არის შეკრული უცხოური გავლენის ცუდი მხარისა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

მან ასევე დასვა კითხვა, რა შედეგი მოჰყვებოდა, საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს რომ მსგავსი ნაბიჯი გადაედგა.

"მაგალითისთვის, წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ნიკოლოზ სამხარაძე ჩავიდეს ბერლინში, საქართველოს ხელისუფლება აფინანსებდეს გერმანიაში "ენჯეოებს", მათ მოაწყონ დემონსტრაცია. ბატონი სამხარაძე დადგეს იქ და სამთავრობო პარტიას უძახოს კოშმარი და ასე შემდეგ, რაც გააკეთა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ან ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. წარმოგიდგენიათ, რა პასუხი ექნებოდა ნიკოლოზ სამხარაძეს, ვილნიუსში ან ბერლინში ასეთ მიტინგზე რომ გამოვიდეს და იმ "ენჯეოს" ბედი რა იქნებოდა, რომელიც ასეთ მიტინგს მოაწყობდა, უცხოელ პოლიტიკოსებს, თავის დამფინანსებლებს ჩაიყვანდა და მთავრობაზე თავდასხმის გამოსვლისთვის გამოიყენებდა ამ პოლიტიკოსს? ხომ აბსურდია? ეს რომ ვკითხოთ ჩვენ ევროპელ კოლეგებს, ეს სქემა ხომ აბსურდია და ამ აბსურდს ჩადიან ევროპელები საქართველოში, გუშინ რაც ვიხილეთ, რაც არის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი ამ ორი ადამიანის მხრიდან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა,

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე