
"შევთავაზე (პარტიებს) რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა" , - ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტის აქციაზე შეკრებილებს. თუმცა ექსპრეზიდენტის გამოსვლამ ხალხის გულისწყრომა და აღშფოთება გამოიწვია. „თითქმის დივერსია მოუწყვეს ხალხს.“ - კატეგოტიული იყო პაატა ბურჭულაძე.
„ჩვენ ვხედავთ რომ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას და თავისუფლებას. მალე ქვეყანა აღარ გვექნება და ვიქნებით, სადღაც დაკარგულში. ამიტომ შემოვდივარ წინადადებით, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ხომ ხედავთ პოლიტიკური პარტიები ვერაფერს აკეთებენ, პრეზიდენტი ხომ საერთოდ!
ამიტომ, შემოვდივარ წინადადებით, ვაცალოთ კიდევვ 8 აპრილამდე, შევიკრიბოთ აქ და აღარ დავიშალოთ, ვიყოთ ბოლომდე! არ შეიძლება ასე გაგრძელება!
თუ პოლიტიკური პარტიები შემოგვიერთდებიან, ძალიან კარგი თუ არადა ვიყოთ ჩვენ, სხვა გზა არ გვაქვს!“ - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ სპეციალურად დამონტაჟებულს სცენაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა დაასრულა და რუსთაველის გამზირი დატოვა.
რა თქვა ზურაბიშვილმა
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, "მიზნის მისაღწევად" საჭიროა ქუჩის პროტესტთან ერთად პროცესს მიეცეს პოლიტიკური ფორმატი.
„მიზნის მისაღწევად საჭიროა ბრძოლას ქუჩის პროტესტთან ერთად და მასთან შეჯერებით მიეცეს პოლიტიკური ფორმატი, ამიტომ შევთავაზე და დღეს თქვენს წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი ის არის, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც მზად არის გვერდზე გადადოს პოლიტიკური შეუთავსებლობები და გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მზიანი: დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის შეხვედრებზე სწორედ იმ ხალხს წარმოადგენს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო რეჟიმშია ჩართული.
"ამ ბრძოლამ უკვე მოიტანა შედეგი - ჯერ კიდევ რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებულმა მასობრივმა პროტესტმა საერთაშორისო ყურადღება და მხარდაჭერა მოიპოვა, რის შედეგადაც დაიმსახურეთ თქვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება - ეს გააკეთეთ თქვენ და მხოლოდ თქვენ და ეს პატარა მიღწევა არაა.
"უწყვეტმა პროტესტმა მთელ მსოფლიოს გააგონა ჩვენი ხმა და აჩვენა საზოგადოების მობილიზება ახალი არჩევნებისა და ევროპული მომავლისთვის. დემოკრატიული სამყარო ქართველ ხალხს ჩვენს ბრძოლასა და სამართლიან მოთხოვნებს მხარს უჭერს - ესეც თქვენი გამარჯვებაა.
"არჩევნებიდან ხუთი თვე გავიდა და არცერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს გაყალბებულ არჩევნებსა და ხელისუფლების ლეგიტიმურობას. იზოლაციაშია მმართველი პარტია - აქაც გამარჯვებული ხართ თქვენ, ისინი კი სადღაც-სადღაც ხელის ჩამორთმევას ცდილობენ.
"როცა ჩვენი პარტნიორები მაღალი დონის შეხვედრებზე ან პარლამენტთა წინაშე მიწვევით მე (და არა მმართველ პარტიას) მიწვევენ, ეს თქვენი მხარდაჭერის ნიშანია, თქვენი ბრძოლის აღიარება. მე იქ მხოლოდ წარმოგადგენთ თქვენ, წარმოვადგენ საქართველოს.
"ბოლო ვიზიტის დროს ჩვენმა ბალტიისპირელმა მეგობრებმა თქვენთან დამაბარეს ეს სიტყვები - ხალხს გადაეცი ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერაო. ასეთივე პირდაპირი და პირველად ჩვენს ახლო ისტორიაში იყო, როცა ქართველ ხალხს პირდაპირ მიმართა პრეზიდენტმა მაკრონმა. ყველა ჩვენი პარტნიორის განცხადება საქართველოს შესახებ თქვენს მოთხოვნებს ეხმაურება - ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.
"თქვენი დამსახურებაა ისიც, რომ, მიუხედავად სხვა ბევრი მსოფლიო გამოწვევისა, საქართველოს სამართლიანობისთვის ბრძოლა მაინც რჩება დღის წესრიგში", - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.
სალომე ზურაბიშვილმა შეკრებილებს სპეციალურად გამართული სცენიდან დაახლოებით 09:00 საათისთვის მიმართა. გამოსვლამდე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მონაწილეები ბანერებითა და შეძახილებით სხვადასხვა ლოკაციებიდან შეუერთდნენ, მათ შორის მსვლელობა იყო რესპუბლიკის მოედნიდან. აქციაზე მივიდნენ პოლიტიკოსებიც, თუმცა ისინი მედიებთან კომენტარებით შემოიფარგლნენ და დიდი სცენიდან განცხადება არ გაუკეთებიათ. შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, რომ სიტყვით მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი წარსდგებოდა პროტესტანტებოს წინაშე.
სიტყვის შესავალში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ბრძოლა ყოველთვის უთანასწორო იყო შიდა თუ გარე მტერთან, უცხო დამპყრობელთან, მაგრამ საქართველო ყოველთვის იმარჯვებდა, რადგან წინ თავისუფლებისთვის მებრძოლთა მშვიდობიანი ჯარი უძღვოდა.
„დღესაც ეს მშვიდობიანი ჯარი რუსთაველზე და ჩვენი ქალაქების ქუჩებში დგას. დგას და წინააღმდეგობას უწევს უსამართლობას, ძალადობას, დამონებას, დაპყრობას. დღესაც ასეა და თქვენ, აქ მდგომი ზამთრის სიცივეში, წყლის ჭავლის ქვეშ უსახო და უსულო მოძალადეების პირისპირ, შიშველი ხელებით კვლავ იგივე შემართებით უარს ეუბნებით უცხო ქვეყნის რეჟიმის გაბატონებას. თქვენთან ერთად დგას საქართველო, დგანან ჩვენი ისტორიის ყველა დროის გმირები, დგანან 31 მარტის მოთავეები - ზვიადი და მერაბი და გვესმის მათი ძახილი.
"გვესმის მათი სიტყვები - „მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც." გაგვაფრთხილეს და თქვენ განაგრძობთ ამ ბრძოლას, რომელიც არასდროს შეგვიწყვეტია ხან დამოუკიდებლობისთვის, ხან თავისუფლებისთვის და ყოველთვის სამართლიანობისთვის. უკვე 124 დღეა აქ დგახართ და ითხოვთ იმის დაბრუნებას, რაც ხალხის ნებით, კანონით და კონსტიტუციით გვეკუთვნის - ჩვენი ურყევი არჩევანი: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რა განაცხადა ოპოზიციამ აქციაზე
"ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა" , - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე. მისი თქმით, „ქართული ოცნების" მიზანია, ხალხსა და ოპოზიციას შორის ხიდები ჩატყდეს და მოხდეს მათი დაშორიშორება, თუმცა პროტესტი პოლიტიკურ შედეგში ვერ კონვერტირდება, თუ პროცესში პოლიტიკური ძალებიც არ არიან ჩართული.
„დღეს ამ ისტორიული თარიღის აღსანიშნავად შევიკრიბებით, ხოლო ჩემი აზრით, ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა, სადაც ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს. ადამიანები, რომლებიც 3 თვეზე მეტია დგანან აქ, რუსთაველის გამზირზე. დაკვეთა უნდა მომდინარეობდეს ხალხისგან და საზოგადოებისგან.
"ჩემი აზრით, პოლიტიკური პარტიების სტიგმატიზაციის მცდელობა, ეს არის ივანიშვილის დღის წესრიგი.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სახალხო პროტესტი იმდენად, რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს თვითორგანიზებული, პოლიტიკურ შედეგში ვერ კონვერტირდება, თუ პოლიტიკური ძალებიც არ არიან ჩართული და გაერთიანებული ხალხთან ერთად. ხიდების ჩატეხა და პოლიტიკოსებისა და ხალხის დაშორიშორება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს და სუს-ს აწყობს. ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ გაერთიანებისთვის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ აქციის დაწყებამდე განაცხადა, რომ პარლამენტთან შეკრებილებს მხოლოდ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა სიტყვით.
"ნომერ პირველი ამოცანაა, ვიყოთ ბევრი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რადგან ჩვენ გვინდა ვიყოთ დაცული ევროკავშირის ქოლგის ქვეშ და არა იზოლაციაში, დაუცველი, როგორც ამას "ქართული ოცნება" უმიზნებს. ეს არჩევანია: ვიქნებით დაცული ევროკავშირთან ერთად თუ იზოლაციაში - დაუცველი, უკიდურეს გაჭირვებაში, მიტოვებული სახელმწიფო. ვინც ევროკავშირს და დაცულობას ვირჩევთ, ისინი ვიკრიბებით დღეს.
"დღეს, მხოლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს საზოგადოებას, სხვა არავინ. რაც შეეხება ჩვენ სამომავლო გზას, ქვეყნის შიგნით და გარეთ ეს წინააღმდეგობის ხაზის შენარჩუნება არის ამოსავალი ამოცანა. მეორე არის, წნეხის გაზრდა თვითმარქვია რეჟიმზე, რათა "ქართულ ოცნებას" არ მივცეთ ქვეყნის იზოლაციისა და მარტო დატოვების შესაძლებლობა", - განაცხადა ვაშაძემ "ინტერპრესნიუსთან".
რას აცხადებდნენ "ქართულ ოცნებაში"
"დემონსტრაცია თუ საერთოდ შედგება, აბსოლუტურად არაფრის დემონსტრაციაც არ იქნება. თუკი რაიმეს დემონსტრირება უნდოდათ ან პოლიტიკურ პარტიებს, ან სხვა ძალებს, იყო 2024 წლის არჩევნები, სადაც უნდა დაემტკიცებინათ საკუთარი მოსახლეობისთვის თუ რა შეუძლიათ, რა მხარდაჭერა აქვთ და რაც მთავარია არჩევნების შემდგომი პერიოდი, როდესაც პასუხისმგებლობიან პოლიტიკურ პარტიებს უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა თავიანთ დაპირებებზე, თუ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 31 მარტის დაანონსებულ აქციაზე საუბრისას.
„რასაც ვაკვირდებით არის სრული უპასუხისმგებლობა ამ დესტრუქციული პარტიების მხრიდან, სრული იგნორი, როგორც არჩევნების, ასევე საკუთარი მხარდამჭერების პატივისცემის, ამიტომ რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საერთოდ ან ამ ადამიანებისგან, ან ამ პოლიტიკური ძალებისგან.
"შეიძლება ბალტიისპირეთში ვოიაჟის შემდგომ მოქალაქე, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა რაიმე ახალი გზავნილები ჩამოიტანოს და შეეცადოს ამ მარტივ მამრავლებად დაშლილი დესტრუქციული ძალების შეკოწიწებას, თუმცა ყველაფერი უკვე ძალიან ნათელი და ცხადია.
"თუკი ვინმეს რეალურად უნდოდა რაიმე დემონსტრირება საკუთარი მოსახლეობის და ამომრჩევის წინაშე, იყო არჩევნები და არჩევნების შემდგომი პერიოდი. ჩვენი აზრით, იმ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეცდომების შემდგომ, რასაც არჩევნების შემდგომ პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით ამ პოლიტიკური ძალებისგან, ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი.
"ალბათ რასაც შეეცდებიან არის ის, რომ თავი დაიტოვონ პოლიტიკურ სივრცეში. ამიტომ დარჩენიათ სრული დისკრედიტაცია და მაქსიმალური რადიკალიზაცია ამ პროცესების. თუმცა არც აქამდე ჰქონდა ამას შედეგი და მითუმეტეს ახლა როდესაც უკვე ამდენი შეცდომა დაუშვეს და საკუთარი თავი სრულად გააშიშვლეს და გამოაჩინეს ამომრჩევლის წინაშე, არ მგონია, რომ ამას რაიმე შედეგი ჰქონდეს", - განაცხადა ლევან მახაშვილმა "იმედთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



