მარიამ ვეკუა
(28.04.2025)

„გამოჩნდა დიალოგის ნიშნები, დაიძრა ურთიერთობები" - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვრცელ განცხადებაში ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო რჩება დასავლელ მეგობრებთან ერთგული და აღნიშნავს, რომ სანქციების პოლიტიკამ შედეგი არ გამოიღო.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, თუ რა დიალოგის ნიშნებს გულისხმობდა შალვა პაპუაშვილი და აღნიშნავს, რომ „ოცნება ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ საქართველოს იზოლაცია ცივილიზებული სამყაროსგან არ ემუქრება.

„პაპუაშვილი ალბათ გულისხმობდა იმას, რომ დელეგაცია აშშ-ში შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის კონკრეტულ წარმომადგენლებს, ეუთოს გენმდივნის ვიზიტს საქართველოში - ალბათ ამას გულისხმობს, როცა საუბრობს დიალოგის დაწყებაზე, რადგან, მე როგორც ვიცი, სხვა შეხვედრები საქართველოს ხელიუფლებას არ ჰქონია.

ამიტომაც ეს შეიძლება ჩაითვალონ ნიშნებად, რომ მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება კომუნიკაცია, მაგრამ, რეალურად ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, რომ ამ ეტაპზე ახლა დაიწყო იზოლაციური პოლიტიკის გარღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. „ოცნება" ამ შეხვედრებს პროპაგანდის თვალსაზრისით იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს იმ მიმართულებით, რომ არამარტო თავისი მომხრეები, არამედ მთლიანად საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ ქართული ოცნებას იზოლაცია ცივილიზებული სამყაროსგან არ ემუქრება," - განაცხადა ძაბირაძემ.

„6 თვე გავიდა, მაგრამ არსად ჩანს, რომ არ აღიარეს ეს მთავრობა," - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ.

„არსებობენ პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები, რომლებიც მარტივად ხდებიან მავნე პროპაგანდის მსხვერპლი, თუმცა, ფაქტები მეტყველებენ ყველაფერზე, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების" ხელისუფლების ურთიერთობა დასავლეთთან. დავიწყოთ ბოლო შეხვედრებით აშშ-ში, როცა ფინანსთა მინისტრსა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ჰქონდათ მრავალმხრივი შეხვედრები ვაშინგტონის ისტებლიშმენტთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან. გვახსოვს აშშ-ს თვალსაზრისით დაზვერვის უფროსის, ტულსი გაბარდისა და საგარეო მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა, უნდა გავიხსენოთ საპარლამენტო დელეგაციების მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო და ევროპულ მაღალი დონის ღონისძიებებში. ბოლოს იყო ეუთოს გენმდივნის ვიზიტი საქართველოში.

ამიტომ კომუნიკაცია რომ გრძელდება და თუ ვინმეს ვიღაცის იგნორირება სურს, ეს პირად ურთიერთობაშიც ჩანს, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ-დიპლომატიური ეტიკეტის ენაზე. მაგალითად, რომის პაპის დაკრძალვაზე პირველ რიგში არ დასვამდნენ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს და მესამე რიგში მოლდოვის პრეზიდენტ სანდუს.

გია აბაშიძე ამბობს, რომ კონკრეტული ევროპელი აქტორები „დროებით გაბუტვის რეჟიმში" არიან: „6 თვე გავიდა, მაგრამ არსად ჩანს, რომ არ აღიარეს ეს მთავრობა. ვიტყოდი, რომ ევროპის კონკრეტული აქტორები დროებით გაბუტვის რეჟიმში არიან. ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ დაელაპარაკონ საქართველოს ხელისუფლებას და განაახლონ ურთიერთობა. ამას ვამბობ იმ თვალსაზრისით, რომ მოცემულობა და რეალობა ერთია-იდეოლოგიზებული დემარშები - სხვა ხასიათს ატარებს."

რა თქვა პაპუაშვილმა

დაიწყო შეხვედრები, გამოჩნდა დიალოგის ნიშნები, დაიძრა ურთიერთობები - საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ერთგულია მეგობრებთან 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის და მზად არის ახალი ფურცლის გადასაშლელად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.

„შეცვლილი საერთაშორისო ვითარების კვალდაკვალ ხელისუფლებამ ოპონენტი პარტნიორები აიძულა, რომ მისი სამართლიანი, კანონიერი და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოთხოვნებისთვის ანგარიში გაეწიათ. დაიწყო შეხვედრები, გამოჩნდა დიალოგის ნიშნები, დაიძრა ურთიერთობები, ხოლო მტრულად განწყობილი გარე ჯგუფების მხრიდან საქართველოს იზოლაციის მცდელობამ და სანქციებით დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო.

საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ის ერთგულია 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის და მზად არის ახალი ფურცლის გადასაშლელად.

საბოლოოდ მიღწეული მონაპოვრის განმტკიცება და გამარჯვება შემოდგომაზე გასამართ არჩევნებზე მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ უცხო გავლენების მატარებელი ადამიანებით დაკომპლექტებულ პარტიებს საზოგადოებამ სათანადო განაჩენი გამოუტანოს და ხმა მისცეს იმ პარტიებს, რომლებიც ქართულ ეროვნულ ინტერესებს სათანადოდ იცავენ.

პარტიებს შორის განსხვავებები სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე თემებს უნდა ასახავდეს და მათი დღის წესრიგი უცხოეთის გავლენას არ უნდა ატარებდეს. ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები დამოუკიდებლობის განმტკიცების ამ გზას დიდ წერტილს დაუსვამს," - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილის განცხადებებიდან, რომ „სანქციების პოლიტიკამ შედეგი არ გამოიღო", ვახტანგ ძაბირაძე აფასებს და ამბობს, რომ ნაადრევია იმაზე საუბარი, იმუშავა თუ არა სანქციებმა - მკაფიო სიმპტომები შეიძლება შემდგომაზე გამოჩნდეს:

„როცა პაპუაშვილი ამბობს, რომ სანქციებმა შედეგი არ გამოიღო, არ ვიცი რას გულისხმობს, რადგან ამას არგუმენტი სჭირდება. ჯერ ერთი, სანქციების პოლიტიკა არც ისე მკაცრი, მკვეთრი და მრავალფეროვანი ყოფილა. პერსპექტივაში, როცა ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება და ამას დამატებით რაღაცეები მოჰყვება, მაშინ გამოჩნდება შედეგი. ამიტომ ლაპარაკი, რომ სანქციებმა არ იმუშავა, არადამაჯერებელია.

მეორეც, სანქციების ეფექტის შეფასებას დრო სჭირდება, ის მყისიერად არ მოქმედებს. მაგალითად, რუსეთში მხოლოდ ახლა იწყებს ამოქმედებას ის პოლიტიკა, რაც დასავლეთმა დაიწყო. თუ დასავლეთი ამ კურსს შეინარჩუნებს, მომავალ წელს რუსეთის ეკონომიკა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ვლაპარაკობ რუსეთზე, რათა ავხსნა, რომ სანქციების ამოქმედებას დრო სჭირდება. საქართველოში სანქციები 2 თვეზე მეტია, რაც მოქმედებს და ისიც ძალიან სუსტი ფორმით.

ასე რომ იმას რომ ეკონომიკაზე დიდ გავლენა მოახდინოს, ამას ასე უცებ და მოკლე დროში მოსახლეობა ვერ იგრძნობს, თუ დაიწყო სერიოზულ საქნციებზე დ საუბარი და ვიზლიბერლაზიაციასაც ვგულსიხმობ, შემოდგომაზე ამის სიმპტომები გამოჩნდება, მანამდე კი არ უნდ აველოდოთ კრიტიკულ მდგომარეობას."-განაცხადა ძაბირაძემ.

გია აბაშიძე კი განსხვავებულად ფიქრობს და ხაზგასმით ამბობს, რომ „სანქციობანას თამაშმა არ იმუშავა."

„ქართული ოცნების ხელისუფლებას, განსაკუთრებით რუსეთისა და უკრაინელი მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, დასავლეთში არ გააჩნიათ ფინანსური აქტივები და ქონება, ამიტომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ისინი ვერ დაზარალდებოდნენ.

ასევე ვნახეთ, რომ სანქციებამდე და სანქციების რეჟიმის დროს, აშშ-ში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და მაშინდელი სუს-ის უფროსი ლილუაშვილი. ვხედავთ, რომ ნატოს მაღალი რანგის სამხედროები ჩამოდიან საქართველოში.

როგორ შეიძლება თავდაცვის მინისტრი ჩიქოვანი მონაწილეობდეს ნატოს შეხვედრებში, თუ ის წარმოადგენდა ე.წ. რუსულ მთავრობას? - ალოგიკურია.

ამიტომაც „სანქციობანა" არ მუშაობს. მათ შორის, მე პარალელს არ ვავლებ, თუმცა რელაური საქნციები, რომლებიც რუსეთზე უნდა დაეწესებინათ, იმანაც არ იმუშავა, რატომ? იმიტომ რომ ბევრი ფარისეველია დასავლეთში და სხვადასხვა შავი ხვრელებით საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ კრემლთან. ასე რომ, რაზე ესაუბრებიან ოფიციალურ თბილისს სანქციების მუქარით? ამ სანქციების მუქარით უფრო შეაკავშირეს „ოცნება" და მისი მხარდამჭერები. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, დიდი ალბათობით, ის არ შეჩერდება, რადგან თვითონ ევრობლოკში არსებობს წინააღმდეგობა," - განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, რა არის საჭირო დასავლეთთან ურთიერთობის აღსადგენად, ვახტანგ ძაბირაძე პასუხობს, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო:

„დასავლეთს მარტივი მოთხოვნები აქვს: ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. თუკი არჩევნები წესიერად ჩატარდება, არცერთი დემოკრატიული ქვეყნისთვის ეს პრობლემა არ იქნება. საქართველოსთვის კი არის.

ისრაელშიც, საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, თითქმის ყოველ წელს ტარდება არჩევნები. ასე რომ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება პრობლემა არ არის - პრობლემა „ოცნებისთვისაა", ისეთი შეზღუდვები რაც ოცნებამ მიიღო, მაგალითად, ერთპარტიული ცესკოს შემადგენლობა, როცა გადაწყვეტილებას მხოლოდ უმრავლესობა იღებს, გარდა ამისა ცესკო ხელისუფლების განშტოებად იქცა - სწორედ ამის გასწორებაა საჭირო," - განაცხადა ძაბირაძემ.

გია აბაშიძე კი აღნიშნავს, რომ დასავლეთის ცალკეულ აქტორებთან გაბუტვის მიუხედავად, ოფიციალური თბილისი ურთიერთობას არ წყვეტს: „დასავლეთის ცალკეული აქტორებისგან განსხვავებით, ოფიციალური თბილისი გაბუტული არ არის და კარი ღია აქვს ყველა ევროპული ინსტიტუციისთვის, მათ შორის, ძალიან პარაზიტული წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც ყოველდღე ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში. ისევე როგორც თბილისს არ დაუჩაგრავს უკრაინელი ხალხი - განსხვავებით ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებისგან, რომელმაც ჩვენი ელჩი გააძევა, როცა სხვები გარბოდნენ. ჩვენი ელჩი ბოლომდე დარჩა ბომბების ქვეშ. ამას ყველამ დაინახა, უბრალო ხალხმაც, როცა გლობალური ინტერნეტიზაციაა, უამრავი საინფორმაციო საშუელბეები, იქ რა თქმა უნდა განარჩევ ტყუილს, მანიპულაციას და სიამრთლეს ერთმენთისგან," - განაცხადა აბაშიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე