რეზონანსი
(18.06.2025)

ჯერჯერობით გრილი ზაფხულია, თუმცა სინოპტიკოსები ამინდის სხვაგვარ ცვლილებას ელიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა­ ქოქოსაძე ამბობს, რომ წელს ნორმაზე ცხელი ზაფხული იქნება და ცხელი დღეების პერიოდი შემოდგომისკენაც გადაინაცვლებს:

„ჩვენთანაც და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ყველგან ცხელ ზაფხულს ელიან. წელს ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 1-2 გრადუსით მაღალი იქნება. 

ახლა ცხელმა პერიოდმა უფრო გადაინაცვლა და აგვისტოა ყველაზე ცხელი. ასე გრძელდება სექტემბრის დასაწყისშიც. ბოლო­ წლებში ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში დაფიქსირებულა - 40-41 გრადუსი, რაც წინა, 30-წლიანი პერიოდისთვის იშვიათობა იყო. ამდენად კლიმატის ცვლილება საქართველოზეც გავლენას ახდენს, კლიმატური ნორმა უფრო დათბობისკენ მიდის. ზაფხულის ძალიან ცხელი­ პერიოდები გახშირდა. გვაქვს ახალი მაქსიმუმების ე.წ. რეკორდი, ან შეიძლება ახალი მაქსიმუმი არ დაფიქსირდეს, მაგრამ მაღალი ტემპერატურის პერიოდი იყოს ჩვეულზე ხანგრძლივი.

40-41 გრადუსი საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა და არაერთხელ დაფიქსირებულა თბილისში, მაგრამ ეს რეკორდი არ არის. თბილისის რეკორდია 42-43 გრადუსი. წელს მოიხსნება თუ არა რეკორდი, არ ვიცით, მაგრამ ცხელი დღეები რომ ხშირი იქნება, სავსებით მოსალოდნელია.

ბოლო დროს აგვისტო ყველაზე ცხელ პერიოდად ფიქსირდება და ცხელი პერიოდი სექტემბრის დამდეგსაც გადაჰყვება ხოლმე, - განუცხადა "კვირის პალიტრას" ხათუნა ქოქოსაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე