თამთა ჩაჩანიძე
(22.10.2025)

ქვეყანაში დიპლომატიური კრიზისი თანდათან მწვავდება, საქართველოში უკვე სამი საელჩოა ელის გარეშე დარჩენილი - გერმანიის, აშშ-სა და უკრაინის. ამასთან, "ოცნება" ევროკავშირის ელჩს "ტერორისტების მხარდაჭერაში" ადანაშაულებს და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პროცესი განგრძობითი აღმოჩნდეს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთ ქვეყანასთან კავშირი "ქართულმა ოცნებამ" თავად გაწყვიტოს, ან ჩვენმა პარტნიორებმა მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება.

"დიპლომატიური კრიზისი აუცილებლად გადაიზრდება სახელწიფოთაშორის კრიზისში და ეს შემდეგ ალბათ უკვე მოიცავს ადამიანთა ყველა ფენას, როგორც ეკონომიკურ სფეროს, ისე პოლიტიკურს, რაც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგებისმომტანი იქნება, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით",- ამბობს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

"ელჩი უნდა ზრუნავდეს ქვეყნებს შორის შეკავშირებაზე, ან საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემდგომ ინტეგრაციაზე, მაგრამ მათი საქმიანობა შავბნელ ძალებს უკავშირდება, რომლებიც კონსტიტუციისგან შორს არიან და ღიად და დაუფარავად შიდატერორისტულ საქმიანობას ეწევიან",- განაცხადა "რეზონანსთან" გია აბაშიძემ.

საელჩოები ელჩის გარეშე

2022 წლის 1-ელ მარტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი იგორ დოლგოვი რუსეთის შეჭრის ფონზე კონსულტაციებისთვის გაიწვია, მიზეზად კიევიდან ოფიციალური თბილისის არამეგობრული განცხადებები დასახელდა.

2024 წლის 9 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინიც გაიწვია. გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კი ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა დაასახელა.

მიმდინარე წლის 5 ივნისს საქართველოში აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ 2023 წლის ოქტომბერში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი ელჩი რობინ დანიგანი, 2025 წლის ივლისში დატოვებდა ქვეყანას. დანიგანმა წასვლის მიზეზად პენსიაზე გასვლა დაასახელა, განაცხადა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და გაწვევა მის მთავრობას არ მოუთხოვია.

2025 წლის 16 ივლისიდან აშშ-ს ელჩის მოვალეობას ალან პერსელი ასრულებს, ის საქართველოში 2023 წელს ჩამოვიდა, როგორც მისიის ხელმძღვანელის მოადილე.

ამა წლის 19 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ უწყების ხელმძღვანელმა იოჰან ვადეპულმა კონსულტაციებისთვის საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გაიწვია, მიზეზად დასახელდა "საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ფიშერის წინააღმდეგ აგიტაცია".

სადამდე მივა დიპლომატიური კრიზისი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" სხვა პრეცედენტებსაც არ გამორიცხავს, მისი თქმით, დიპლომატიური კრიზისი შეიძლება სახელმწიფოთაშორის კრიზისში გადაიზარდოს, რაც ყველა სფეროს დაარტყამს.

"ეს იმ პოლიტიკიდან გამომდინარეობს, რასაც "ქართული ოცნება" ატარებს ჩვენი პარტნიორების მისამართით და მათი მხრიდანაც შესაბამისი რეაქციებია. რა თქმა უნდა, სხვა პრეცენენტებიც იქნება და არ გამოვრიცხავ იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ზოგიერთ ქვეყანასთან ურთიერთობაზე თავად თქვას უარი, ჩვენი პარტნიორები ალბათ თავადაც მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას.

"იზოლაციაში ფაქტიურად უკვე ვართ, ეს იზოლაციის გაფორმებას ნიშნავს. ფაქტიურად იურიდიულად ფორმდება ჩვენი ქვეყნის იზოლაცია. დიპლომატიური კრიზისი აუცილებლად გადაიზრდება სახელწიფოთაშორის კრიზისში და ეს შემდეგ ალბათ უკვე მოიცავს ადამიანთა ყველა ფენას, როგორც ეკონომიკურ სფეროს, ისე პოლიტიკურს, რაც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით. აღმოვჩნდებით მძიმე კრიზისში საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში",- განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოსალოდნელია სხვა შემთხვევებშიც იგივე მოხდეს, რაც ფიშერთან მიმართებაში იყო. მისი თქმით, დემოკრატიული ქვეყნების ინტერესებში არ შედის, მასპინძელ ქვეყნებში ისეთი ჯგუფები ფინანსდებოდეს, "რომლებიც დაუფარავად ხელისუფლების დამხობას მოუწდებენ".

"სასიამოვნო ინფორმაციაა ის, რომ გერმანიის ოპოზიციის ტოპ ლიდერი "ალტერნატივა გერმანიისთვის" სერიოზულად დაინტერესდა ე.წ. ელჩი ფიშერის საქმიანობით და რაც მთავარია, აქ გერმანული ფულით დაფინანსებული ენჯეოებით, რომლებიც ექსტრემიზმთან არიან დაკავშირებულები.

"ნებისმიერი დემოკრატიული ძალა, ევროპა იქნება თუ სხვა, ყოველთვის საკუთარი სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვითაა დაინტერესბეული. მაგრამ თუკი ბიუჯეტიდან ექსპტრემიზმის წამქეზებელი ჩინოსნები, ანუ დიპლომატები და მასპინძელი ქვეყნების ენჯეოები ფინანსდებიან, რომლებიც ღიად და დაუფარავად ხელისუფლების დამხობას მოიუწოდებენ, ეს არც გერმანელი და არც ზოგადად ევროპელი გადასახადების გადამხდელთა ინტერესებში ნამდვილად არ შედის.

"რაც ფიშერთან დაკავშირებით მოხდა, ამას სხვა შემთხვევებშიც ენება განმეორებითი ხასიათი, რადგან აქ იმაზე კი არ არის, რომ "ქართული ოცნება" ამა თუ იმ პარტიასთან თანამშრომლობს, არამედ ის ხაზგასასმელი და შოკისმომგვრელი ფაქტები, როდესაც მაგალითად ფიშერი, საფრანგეთის ყოფილი ელჩი ქალბატონი გასრი, თუ ევროკავშირის წარმომადგენლობა სამარცხვინოდ თანამშრომლობენ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან აქეზებენ, გრანტებსაც აძლევენ და ეს ნამდვილად არ შედის არცერთი ქვეყნისა და ბლოკის ბიუჯეტის ყაირათიანად დახარჯვის კონტექსტში.

"ყველაფერს ცენტებში ითვლიან, გინდ ევროპაში, გინდ ამერიკაში, ამიტომ წარმოუდგენელი და უპრეცედენტოა, როდესაც ელჩი უნდა ზრუნავდეს ქვეყნებს შორის შეკავშირებაზე, ან საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემდგომ ინტეგრაციაზე, მაგრამ მათი საქმიანობა შავბნელ ძალებს უკავშირდება, რომლებიც კონსტიტუციისგან შორს არიან და ღიად და დაუფარავად შიდატერორისტულ საქმიანობას ეწევიან",- განაცხადა გია აბაშიძემ.

რას აცხადებენ მმართველ პარტიაში

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს პატიმრობაში მყოფი ზვიად ცეცხლაძის გასული წლის ვიდეოს, სადაც ის აქციებზე „თავდაცვის და თავდასხმის გზებზე" საუბრობს. მისივე თქმით, ზოგიერთი დიპლომატი ქართველ ხალხს კედელს უშენებს, ხოლო ტერორისტებსა და მოძალადეებს ხიდს.

„გუშინ შევიტყვეთ, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის ელჩმა შარშანდელი არჩევნების შემდეგ, ძალადობის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზვიად ცეცხლაძეს ციხეში მხარდამჭერი წერილი მისწერა. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში, რომელიც საჯაროც გახდა და სისხლის სამართლის საქმის ნაწილი იყო, კარგად ჩანს, რომ ცეცხლაძე, რომელთანაც, როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირის ელჩს მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავს ქუჩის ომს - „გავიხსენოთ მაიდანი", „დავამზადეთ ფარები", „მოვაწყოთ ბარიკადები", „გავჭიმოთ მავთულხლართები",„დავყაროთ ლურსმნები", „შეიძინეთ პიროტექნიკა".

„წინა პოსტში დავწერე დიპლომატთა მისიაზე, კედლების ნაცვლად ხიდები რომ უნდა აშენონ.

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შესძლებია, უბრალოდ კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხოლო ხიდს - ტერორისტებსა და მოძალადეებს. ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა", - წერს პაპუაშვილი.

"ხალხის ძალის" წევრი სოზარ სუბარი პეტერ ფიშერს საქართველოში „დიფ-სთეითის" პოლიტიკის განმახორციელებლად მიიჩნევს. ამბობს, რომ აშშ-ს ყოფილ ელჩს, რობინ დანიგანს დიპლომატიური მისია მოულოდნელად შეუწყვიტეს და პენსიაზეც გაუშვეს.

„ფიშერის განცხადებები შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებისადმი მხარდაჭერაზე, იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც თვეების განმავლობაში გეგმავდნენ შტურმს და შემდეგ განახორციელეს კიდეც პრეზიდენტის სასახლეზე, რომლებიც არ ცნობენ პარლამენტს, ამბობენ, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, და ძალაუფლების მოპოვების ერთადერთი გზა ამბოხება და ხელისუფლების დამხობაა, ასეთი ხალხის მხარდაჭერა არის არა უბრალოდ ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ არის კრიმინალური ოპოზიციის მხარდაჭერა და წაქეზება. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები ბატონ ფიშერს პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის" და ამ კითხვების დასმას დაემთხვა ელჩის გაწვევაც.

ფიშერი „დიფ-სთეითის" პოლიტიკის განმხორციელებელია საქართველოში და ამ პოლიტიკას ის ახორციელებდა ძალიან აშკარად, უტიფრად და არამეგობრულად.

"ჩვენ გვახსოვს ამერიკის ყოფილი ელჩის რობინ დანიგანის გაწვევაც, რომელსაც ძალიან მოულოდნელად შეუწყვიტეს დიპლომატიური მისია და არამხოლოდ საქართველოში - ნაადრევად გაუშვეს პენსიაზე. ესეც გაფრთხილება უნდა იყოს სხვა ელჩებისთვის," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე