
თბილისში რიგით მეხუთე აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარეობს, სადაც მთავარი გზავნილები გაკეთდა საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერებმა ყურადღება გაამახვილეს სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და ახლა უკვე შესაძლებელია, მომავალი ახალი პრიზმიდან იქნას დანახული.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ დაკავშირებადობა ძალიან მნიშვნელოვანია გარდაიქმნას ინსტიტუციონალურ მიღწევად, ინსტიტუციურ დონემდე უნდა დავიდეს ეს გადაწყვეტილება. სატრანსპორტო კავშირები მიგვიყვანს საერთო საზიარო სარგებლამდე.
პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამას მივყავართ საერთო ურთიერთდამოკიდებულებამდე. ეს პოლიტიკურად შეიძლება ცუდად ჟღერს, რომ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულები, მაგრამ როდესაც ქვეყნები თანამშრომლობას იწყებენ გახსნილად და გულღიად ტრანსპორტის სფეროში, ამას მოჰყვება ეკონომიკური ზრდა.
ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ეს საერთო ძალისხმევა ყველას ინტერესებშია, ყველას აქცენტი უნდა გაკეთდეს ტერიტორიულ მთლიანობაზე, სტაბილურობაზე ქვეყნების უნარზე, რომ გადაწყვეტილებები თავად მიიღონ ერთმანეთთან მიმართებით. ეს სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან ურთიერთობისას, ჩვენ ნამდვილად ერთმანეთს ვესაუბრებოდეთ და შეთანხმებები იდებოდეს, დეკლარაციების ხელმოწერა ხდებოდეს ამ ნდობის საფუძველზე.
ეს დამყარებული მშვიდობა არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენთვის იმისთვის, რომ გავიაზროთ წარსული, 100-ზე მეტი წელი გავაანალიზოთ და შევხედოთ, რა შეიძლება გაკეთდეს განსხვავებულად მომავალში, სხვა პრიზმით შევხედოთ მომავალს, სხვა რაკურსით შევხედოთ ისტორიას", - განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია მშვიდობის განმტკიცებაზე, თანამშრომლობაზე, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებაზე.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. ასევე, მთელი ამ წლების განმავლობაში ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ჩვენს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში.
ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორები ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, როდესაც საქმე ეხება, მათ შორის, ეკონომიკურ კავშირებს, ტრანზიტს და ა.შ. საქართველო ყოველთვის სწორედ ასეთ საიმედო პარტნიორის როლს ასრულებდა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის.
მოხარული ვართ, რომ პოლიტიკური კუთხით ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული ამ თანამშრომლობის განვითარებაზე. ასევე, ცენტრალურ აზია ჩვენთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი.
ვფიქრობ, ამ კუთხით არის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი, რომ განვითარდეს თანამშრომლობა. ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველო საინტერესოა ყველა ქვეყნისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით იმ კუთხითაც, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყანასთან.
ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ასევე „დესეთეს" ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რა თქმა უნდა, ესეც აძლიერებს ჩვენს პოტენციალს დაკავშირებადობის კუთხით. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან. ეს არის ჩვენი პოლიტიკა.
თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ვართ მშვიდობის განმტკიცებაზე, თანამშრომლობაზე, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებაზე და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ყველა მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობის და პარტნიორობის იმედი გვაქვს," - განაცხადა კობახიძემ.
ფორუმზე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვიც გამოვიდა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანს და საქართველოს წამყვანი როლი აქვთ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში.
„საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანი და საქართველო ამ ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა, წვლილი შეჰქონდა განვითარებაში, ვაჭრობაში და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში.
აძლიერებდა კულტურულ, ჰუმანიტარულ გაცვლის პროგრამებს. დღეს აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გამყარებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ლოჯისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას. წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს საქართველოს და აზერბაიჯანს, გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონული სტაბილურობისთვის და მშვიდობისთვის.
დღეს ჩვენი ქვეყნები სანდო პარტნიორები არიან არა მარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც. ტრადიციულად, სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.
ნამდვილად, ეს მიმართულება უფრო დიდი პოტენციალის მქონეა და გაიზრდება ვაჭრობა, ინვესტიციები და გაიხსნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები. სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და დიდი ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, აძლიერებს აზერბაიჯანის პოზიციას, როგორც მნიშვნელოვან სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ცენტრად ევრაზიის რეგიონში," - განაცხადა ასადოვმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



