თამთა ჩაჩანიძე
(22.10.2025)

აქცია-მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონის გამკაცრებისა და დაკავებების მიუხედავად, დემონსტრანტები რუსთაველის გამზირს მაინც კეტავენ. ამასთან, აცხადებენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და პარალელურად სხვადასხვა ფორმებს განიხილავენ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა პროტესტი არ შეწყდეს, მაგრამ ალტერნატიული გზები გამოძებნონ.

17 ოქტომბრიდან გამკაცრებული რეგულაციების შემდეგ, შსს-მ სამართალდამრღვევად 40-ზე მეტი პირი გამოაცხადა. განცხადება 22 ოქტომბერსაც გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო 24 საათში 12 პირი დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი: ც.ჟ., კ.მ., გ.თ., მ.ჩ., ა.ვ., გ.ვ., გ.წ., ი.წ., ბ.ჩ., ლ.უ., ლ.მ., და ა.გ. დააკავეს.

"აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, კვლავ აგრძელებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ საავტომობილო გზას და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე, დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.

"შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცველები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად-მოახდენენ სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებენ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს",- წერია შსს-ს განცხადებაში.

რა ცვლილებები შევიდა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევიდა. მათ შორის, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

მონაწილეობა იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად.

ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება - ორ წლამდე ვადით. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.

პროტესტის პერსპექტივა

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ "უცხოელებისგან დაკვეთა არ იქნება" პროტესტიც შეწყდება.

"არ იქნება ფული, არ იქნება პროტესტი. მხედველობაში რა მაქვს - არ იქნება უცხოელებისგან დაკვეთა, არ იქნება მათგან მიცემული ფული, არ იქნება პროტესტიც, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. ამავე დროს, ხელისუფლებამ ჰუმანური კანონი მიიღო, პირველად გაფრთხილებენ, მეორეჯერ 15-დღიანი ციხეა დანაშაულის შესაბამისად და შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

"კი ბატონო, იმოქმედონ ისე, როგორც მათ და მათ დამკვეთებს უნდათ და სახელმწიფოც ისე იმოქმედებს, როგორც კანონი მოითხოვს. "სპილოსთან მეომარ ხარს არასდროს არაფერი გასვლია" - სახელმწიფოს კანონიერი მოთხოვნების წინააღმდეგ ვინც იბრძვის, ის აუცილებლად დამარცხდება.

"სხვა რა ფორმა უნდა მოიფიქრონ იმაზე მეტი უარესი, რაც მოფიქრებული აქვთ. ესენი ქართველი სახელწიფოებრიეობის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხია, სახელმწიფოს ნება რომ მიეცა და ხალხი მათ ნებას ოდნავადაც დაჰყოლოდა, დღეს საქართველოსგან არაფერი აღარ იქნებოდა. ეს ადამიანები ითხოვნდნენ საქართველოს უკრაინაში მოხალისეები გაეგზავნა და სანქციები გამოეცხადებინა და ა.შ. შარვალჩახდილი ზურაბა რომ ზის ციხეში ის ლაპარაკობდა, რა კარგი იქნება ერთი ათი ათასი რუსი რომ შემოვიდეს უკრაინას ეშველებაო, ეს მას რა თქმა უნდა დავალებით ჰქონდა გაცხადებული. ამიტომ რა ფორმებსაც არ უნდა მიმართონ, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის",- განაცხადა გვენეტაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველაფრის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდება, თუმცა, შესაძლოა ფორმები შეიცვალოს.

"წინააღმდეგობა გრძელდება, კანონების გამკაცრების მიუხედავად პროტესტი არ შეწყდება, შესაძლოა ფორმა შეიცვალოს. გარკვეული საფრთხე შეიძლება არსებობდეს, ადამიანები ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, ამიტომაც აქციის ჩატარება სხვადასხვა ლოკაციაზეცაა შესაძლებელი, ყოველთვის არაა აუცილებელი გზის გადაკეტვა, შესაძლებელია თუნდაც უშუალოდ პარლამენტის წინ შეკრება, ან სხვა ადგილას, რომელიმე პარკში, ან მსვლელობა მოეწყოს, რომ ქართველი ხალხი არ ნებდება. ეს ხალხი გარეთაა საჭირო და ტყუილად ციხეში რატომ უნდა ამოყონ თავი",- განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, ამოწურა თუ არა რუსთაველზე გადაკეტვებმა თავი, ჩიტაძემ გვითხრა: "შეიძლება არ ამოწურა რახან იკეტება, მაგრამ რეალობა უნდა გაითვალისწინონ და იქ შეიკრიბნენ, სადაც არანაირი საფუძველი არ ექნებათ დაკავებების.

"მიმაჩნია, რომ "ოცნებისთვის" მთავარი დისკომფორტი სწორი საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება და სწორი ალტერნატივის შექმნაა, ასევე მოსახლოების ცნობიერების ამაღლება, თუ რა საფრთხეს უქმნის "ოცნება" ქვეყანას, ანუ თბილისსა და რეგიონებში უნდა გავიდნენ. ასევე სოციალური ქსელების ამოქმედებაა საჭირო. დღეს ოპოზიცია საინფორმაციო ომს აგებს.

"თუნდაც ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე სამთავრობო მედია შეეცდება იმის წარმოჩენას, რომ აი ბატონ ბიძინას როგორ უღალატეს და როგორი წესიერი კაცია. ამიტომაც ამაზეა სამუშაო, თუ რატომ აფარებენ ხელს და ბევრი კითხვა უნდა დაისვას, მაშინ რატომ წარადგინა ორჯერ პრემიერად, იყო თავდაცვისა და შს მინისტრი, ან ლილუაშვილი რომელსაც უსაფრთხოება ებარა.

"უფრო სერიოზული მიდგომაა საჭირო, კი ბატონო, ბევრი ადამიანი "ოცნებას" მხარს არ უჭერს, რაც არჩევნების დროსაც გამოჩნდა, მაგრამ ნაწილი ნეიტრალურადაა განწყობილი, რატომ უნდა დავუჭირო მხარი ოპოზიციას, ალტერნატივას რას მთავაზობსო, სწორედ ეს უნდა აუხსნას საზოგადოებას და ამაზე იმუშაოს",- განაცხადა ჩიტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე